იტვირთება

რეზიუმე: მართალია, 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის გეგმის მიხედვით შრომის ანაზღაურების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) 3.92%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მამუკა ბახტაძის, როგორც პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას არ უკავშირდება. ვინაიდან, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2018 წლის ივნისში დაიკავა, ხოლო ამ დროს არსებული საშუალოვადიან ფისკალური ჩარჩოს მიხედვით, შრომის ანაზღაურების პროგნოზი ზუსტად 3.9%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებელი დაბალ ნიშნულს იკავებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ვინაიდან 2002-2003 წლებში შრომის ანაზღაურების მშპ-სთან ფარდობა 2.98% და 3.37% იყო. გარდა ამისა, 2006-2007 წლებში 3.92%-ს მხოლოდ 0.16% და 0.18% პუნქტებით აღემატებოდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მაჩვენებელს, რომელიც განსხვავებით ნაერთი ბიუჯეტისა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას მოიცავს, 2019 წლის გეგმით 2 199.0 მლნ ლარი, მშპ-ს 4.90%-ია.

ანალიზი

საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი გადადგომის დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე მიღწევებზე ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი საკითხი შრომის ანაზღაურებას უკავშირდებოდა. ყოფილი პრემიერის თქმით, „2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით“. აღნიშნულ განცხადებაში მამუკა ბახტაძე ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მაჩვენებელს გულისხმობს, რაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს, თვითმმართველი ერთეულების ორგანოებს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების შრომის ანაზღაურების ხარჯებს მოიცავს და საჯარო სექტორის სახელმწიფო მმართველობის ნაწილს არ ფარავს, რადგან აღნიშნული მაჩვენებლები ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას არ მოიცავს. თავის მხრივ, სახელმწიფო მმართველობას (ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი ფარავს. ამდენად, ორივე ბიუჯეტის მაჩვენებელს განვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირება მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრად არჩევის დროს, 2018 წლის ივნისში ჰქონდა.

ყველა დონის ბიუჯეტის პროექტის მომზადება საშუალოვადიან ფისკალური ჩარჩოს ეფუძნება. აღნიშნული ფისკალური მაჩვენებლების ოთხწლიან დაგეგმვას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, 2019 წლის ფისკალური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია 2017-2018 წლებში, პროგნოზის სახით არსებობდა. შესაბამისად, 2018 წლის ივნისში მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დაპირებას გასცემდა, მისთვის ცნობილი იყო 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი. აღნიშნული ადასტურებს, რომ მის მიერ გაცემულ დაპირების შესრულებას დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, ვინაიდან იმ დროისთვის უკვე დაგეგმილ მაჩვენებელზე საუბრობდა. ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი მამუკა ბახტაძის პრემიერად არჩევის დროსაც წერდა - „რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მშპ-სთან მიმართებაში 3.9%-იანი ზღვრის დაწესებას - ეს არ იწვევს ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირების საჭიროებას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო სექტორში ხელფასების შემცირებას, რადგან ამ დროისთვის არსებული შრომის ანაზღაურების მოცულობა (1 710 მლნ ლარი) 2019 წლის მშპ-ს საპროგნოზო მოცულობის ზუსტად 3.9%-ია. მეტიც, თუ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გაიზრდება (რაც წინასწარი მონაცემებით სრულიად შესაძლებელია), ხელისუფლებას შრომის ანაზღაურების მოცულობის ზრდის შესაძლებლობაც კი ექნება ისე, რომ მშპ-ს 3.9%-ს არ გადააჭარბოს“. თქმულიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მშპ-სთან მიმართებაში 3.9%-იანი მაჩვენებლით დაგეგმვა მამუკა ბახტაძის, როგორც პრემიერ-მინისტრის მიღწევა არ არის.

2019 წლის გეგმით, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მოცულობა 1 762.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ნომინალურ მაჩვენებელთან შედარებით, 69.0 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფარდობით მაჩვენებელს, 2018 წელს შრომის ანაზღაურების წილი მშპ-სთან მიმართებით, 4.12%-ს შეადგენდა, 2019 წლის გეგმით კი 0.2% პუნქტით ნაკლები, 3.92%-ითაა დაგეგმილი. შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებელი 2017 წელსაც, წინა წელთან შედარებით შემცირდა. აქვე უნდა აღინიშნოს გასული წლების ტენდენცია. 2002-2003 წლებში ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება 2.98% და 3.37%-ს შეადგენდა, რაც მომდევნო, 2004 წელს 4.81%-მდე გაიზარდა, მაგრამ ზრდის შემდეგ, 2008 წლამდე კლების ტენდენცია ახასიათებდა. ამ პერიოდში შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებელი ეკონომიკის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოს ფინანსურ კრიზისა და რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. 2009 წელს არსებული 5.83%-იანი მაჩვენებელი 2012 წელს 4.60%-მდე შემცირდა, მაგრამ 2013 წლიდან 2017 წლამდე ეს მაჩვენებელი 5.00%-იან მაჩვენებელს გასცდა.

გრაფიკი 1: ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება (მლნ ლარი, %)

წყარო 1: ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა

გარფიკი 1-დან ჩანს, რომ ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება მშპ-სთან მიმართებაში 3.92%-ზე უფრო დაბალი ნიშნულით 2002 და 2003 წლებში იყო, ხოლო 2006-2007 წლებში კი ოდნავ აღემატებოდა. შესაბამისად, 3.92%-იანი მაჩვენებლით შრომის ანაზღაურება პირველად არ დაგეგმილა, რადგან 3.92%-ზე ნაკლები მაჩვენებელიც ყოფილა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას არ მოიცავს. აქედან გამომდინარე საინტერესოა სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების განხილვა, რაც სახელმწიფო მმართველობის ნაწილს - ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ანაზღაურების მაჩვენებლებს ფარავს.

გრაფიკი 2: სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება (მლნ ლარი, %)

წყარო 2: ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა

2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის - ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შრომის ანაზღაურების მოცულობა 2 199.0 მლნ ლარია, რაც 2018 წელს 2 104.0 მლნ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლების მშპ-სთან ფარდობა 2018 წელს 5.12% იყო, რაც 2019 წლის გეგმით, 0.22% პუნქტით არის შემცირებული და 4.90%-ს შეადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი