„ქართული ოცნების“ 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამისერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებაიყო, რომლის ფარგლებშიც პარტია მოსახლეობას სრულ ინტერნეტიზაციას ჰპირდებოდა. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისათვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი მიიღებდა ინტერნეტს. ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნებოდა ინტერნეტზე წვდომა. მოსახლეობის სრულ ინტერნეტიზაციაზეა საუბარი 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამაშიც.

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა.

„ოუფენ ნეტის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ოპერირება, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კერძო სექტორისთვის ხელშეწყობა (ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი).

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, დაფინანსების წყარო კი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

სახელმწიფო პროგრამა ორი ეტაპისგან - ფინანსური ხელშეწყობის და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტისგან შედგება. სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის (იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ რადიუსში არ არის ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალებთან) იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი საქართველოს ათი რეგიონის 500-მდე სოფლისთვის უნდა გამხდარიყო.

პროგრამის მიხედვით, „ოუფენ ნეტი“ ააშენებს მაგისტრალურ ქსელებს და შესაბამისი კონკურსის შედეგად ოპერაციულ მართვაში გადასცემს კერძო კომპანიებს. აღნიშნული ქსელის ქირავნობა მოხდება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით. სააბონენტო გადასახადი კი ადგილობრივი ინტერნეტპროვაიდერის პრეროგატივაა.

2016 წლის სექტემბერში პროგრამის პირველი ეტაპის დაწყება დაანონსდა. იმავე პერიოდში „ოუფენ ნეტის“ დირექტორ ნინო ქუბინიძეს და საბანკო სექტორის და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ განემარტათ, თუ რა ფორმით შეიძლებოდა თანამშრომლობა ბანკებსა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის. სამმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ ოპერატორისთვის კრედიტის გაცემის შემთხვევაში, „ოუფენ ნეტი“ განახორციელებდა ბენეფიციარის კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში და 12 პროცენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

„ოუფენ ნეტის“ ოფიციალურ ვებგვერდზეპროექტის მიმდინარეობის შესახებ ბოლო სიახლე 2016 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული.

2018 წლის 10 მაისს „ოუფენ ნეტმა“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, სოციალურ ქსელში სახელმწიფო შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

განცხადების მიხედვით, პასიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა დაგეგმილი იყო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთისა და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის მიმართულებებით.

2017 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ოუფენ ნეტს“ გამარტივებული შესყიდვის წარმოების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, „ოუფენ ნეტს“ ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი პასიური ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვა უნდა განეხორციელებინა. შესყიდვის ღირებულება 20 მილიონი ლარი იყო. შეთანხმების საფუძველზე ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების (კატეგორია 452 00000) და საინჟინრო მომსახურების (713 00000) შესასყიდად უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში „ოუფენ ნეტის“ მიერ გამოცხადებული აღნიშნული შინაარსის ტენდერი არ იძებნება.

კომპანია „ოუფენ ნეტთან“ დაკავშირებას ფაქტ-მეტრი წერილობით და სატელეფონო კომუნიკაციითაც შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა. ვერც ელექტრონულ წერილზე და ვერც სატელეფონო ზარებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ასევე მივმართეთ პროექტის კოორდინატორს - ეკონომიკის სამინისტროსაც, საიდანაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

სანაცვლოდ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციასსათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელშიც „ოუფენ ნეტი“ აღარ ფიგურირებს. სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტსაზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად ტექნიკური და ფინანსური დახმარება, 25 000 დოლარი მიიღო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები სხვადასხვა დონორების საშუალებით დაიფარება.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომელსაც პროექტის რეალიზაციასა და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) ეხმარება. პროექტის ფარგლებში ინტერნეტით დაიფარება ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყრის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრები, მათ შორის 4 საჯარო სკოლა. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

მსგავსი პროექტი ა(ა)იპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს თუშეთში დაასრულა, რომლის შედეგად თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას ა(ა) იპ „თუშეთის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს.

რა ეტაპზეა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობა, ფაქტ-მეტრმა ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოიპოვა. როგორც აღვნიშნეთ, პროექტის დაწყება 2016 წელს დაანონსდა. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და არანაირი კონკრეტული შედეგი არ ჩანს. ამ ხნის განმავლობაში პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაბამისად, აღნიშნული დაპირების შესრულება კითხვის ქვეშ დგას, თუმცა, რადგან პროექტის დასრულების გაცხადებულ ვადად 2020 წელი არის დათქმული, ფაქტ-მეტრი რადიკალური შეფასებისგან თავს იკავებს და დაპირების შესრულების საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი