იტვირთება

რეზიუმე: 2019 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა დაახლოებით 62 მლნ ლარია. აღნიშნულის 56.47%- (დაახლოებით 35 მლნ ლარს) მუნიციპალიტეტი საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენ 43.53%- (დაახლოებით 27 მლნ ლარს) კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარების საშუალებით. ამდენად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 1.8-ჯერ მეტია, ვიდრე მურთაზ ზოდელავას მიერ დასახელებული მაჩვენებელი.

მიმდინარე წლისთვისბიუჯეტის ყველა რანგის მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ხარჯები (შტატგარეშეთა ანაზღაურების ჩათვლით) დაახლოებით 5.5 მლნ ლარით არის დაგეგმილი, ხოლო საწვავის ხარჯები 354 ათასი ლარით.ამდენად,აღნიშნული ხარჯების ჯამი დაახლოებით 6 მლნ ლარია, რაც განცხადებაში დასახელებულ მაჩვენებელზე 3.8-ჯერ ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის ზემოთ აღნიშნული ხარჯების ფარდობითი (წილი მთლიან გადასახდელებთან მიმართებით) მაჩვენებლები შემცირებულია. რაც შეეხება პრემია-დანამატებს, კანონით, ამ სახის ანაზღაურების მიღება აკრძალული აქვს სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მერს, მერის მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს და სხვა თანამდებობის პირებს.

გარდა აღნიშნულისა, ბიუჯეტის გადასახდელებიდან სხვა შრომის ანაზღაურების ხარჯების გაიწევა, რაც ()იპ-ებს უკავშირდება, მაგრამ ეს მაჩვენებლები ხელმიუწვდომელია.მიუხედავად ამისა, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტიდან ()იპებ-ისათვის გამოყოფილი დაფინანსების 100%შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, მაშინაც კი აღნიშნული ხარჯები არ ემთხვევა განცხადებაში დასახლებულ მაჩვენებლებს, ვინაიდან შრომის ანაზღაურების (შტატგარეშეს ჩათვლით) და სუბსიდიების (სკოლამდელის გარეშე) ჯამი დაახლოებით 18.3 მლნ ლარია.


ანალიზი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური საბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ისაუბრა (04:55 წთ-დან). მისი თქმით, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 34 მლნ ლარია და აქედან 23 მლნ ლარი იხარჯება ჩინოვნიკების ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებასა და საწვავზე“.

საზოგადად დამკვიდრებული განმარტებით, უმეტესწილად, „ჩინოვნიკის“ ქვეშ საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი მაღალი რანგის თანამდებოებრივ პოზიციებზე მყოფი პირები მოიაზრება. ამდენად, მუნიციპალური ორგანოების შემთხვევაში „ჩინოვნიკებად“ შეიძლება, პოლიტიკური თანამდებობის პირები მივიჩნიოთ, როგორიცაა: მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები და სხვა თანამდებობის პირები. თავის მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს მოიცავს და მათ კანონით პრემიის (ჯილდო) და დანამატის მიღება ეკრძალებათ. შესაბამისად, აღნიშნული პირები ანაზღაურების ამ ორ სახეს ვერ მიიღებენ [1].

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მაჩვენებლები მერიის და საკრებულოს სააჯრო მოსამსახურეთა ანაზღაურების ხარჯებს მოიცავს, ხოლო მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი დაფინანსება ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის სუბსიდიის მუხლში კონსოლიდირდება. მიუხედავად იმისა, რომ მერიის საფინანსო ორგანო პასუხისმგებელია ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის მომზადებაზე, თვითმმართველი ერთეულის მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ არის მომზადებული, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და მისი ა(ა)იპ-ების ხარჯებს ფარავს. ამდენად, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები ხელმიუწვდომელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 62 259 ათასი ლარია. აღნიშნული გადასახდელების 56.47%-ს, 35 157 ათას ლარს მუნიციპალიტეტი საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენ 43.53%-ს, 27 101 ათას ლარს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარების საშუალებით. თავი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დახმარების ძირითადი ნაწილი კაპიტალური ტრანსფერია, რაც გრანტების სახით მისაღები შემოსავლების 72.05%-ს შეადგენს. ეს უკანასკნელი კი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება. ამდენად, ამ პერიოდისთვის, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 62 259 ათასი ლარია, რაც განცხადებაში დასახელებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

2019 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით, მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 5 353 ათასი ლარია, რაც მიმდინარე ხარჯების 16.28%-ია, ხოლო გადასახდელების კი - 8.60%. ასევე, მთლიანად შრომის ანაზღაურება, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა (შტატგარეშე) ანაზღაურების ჩათვლით, ჯამში 5 576.6 ათასი ლარი, მიმდინარე ხარჯების 16.96%-ია. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებლები გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია.

გრაფიკი 1: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები (ათასი ლარი, %)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, საწვავის ხარჯი 354 ათას ლარს შეადგენს, რაც საქონელი და მომსახურების 8.85%-ია. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ გამოყენებული საწვავის ხარჯებს მოიცავს. უშუალოდ, მთლიანად ავტოპარკის და ტექნიკის მოვლა-შენახვის ხარჯი 474.5 ათასი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

გრაფიკი 2: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საქონელი და მომსახურების ხარჯები (ათასი ლარი, %)

ადგილობრივი თვითმმართველობა, გარდა მუნიციპალური ორგანოებისა, უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალური სერვისებს (საჯარო საქონელი და მომსახურება) კერძო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით აწვდის ადგილობრივ მოსახლეობას. ა(ა)იპ-ების საშუალებით სერვისის მიწოდება უკავშირდება სკოლამდელ აღზრდას, დასუფთავებას, კეთილმოწყობას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, საბიბლიოთეკო საქმიანობას, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს და ა.შ. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევი ხარჯები თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სუბსიდიის მუხლში აღირიცხება. ამდენად, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი სახსრების ბიუჯეტის სუბსიდიის მაჩვენებელს მოიცავს.

გრაფიკი 3: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სუბსიდიის ხარჯები ხარჯები (ათასი ლარი, %)

2019 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი სუბსიდიების მოცულობა 17 575 ათასი ლარია, რაც მიმდინარე ხარჯების 53.46%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 223 ათასი ლარით შემცირებულია, ხოლო მიმდინარე ხარჯებთან შეფარდებით კი -6.47 პროცენტული პუნქტით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სუბსიდიები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფის ხარჯების გარეშე, 2019 წლისთვის 12 775 ათასი ლარითაა დაგეგმილი, რაც მიმდინარე ხარჯების 38.86%-ია. 2019 წლის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი სუბსიდიების მოცულობა (სკოლამდელის გარეშე) 403 ათასი ლარით არის შემცირებული, ხოლო მიმდინარე ხარჯებთან მიმართებაში კი - 5.51 პროცენტული პუნქტით. ამდენად, მიმდინარე წლისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი სახსრების მოცულობა შემცირებულია, რაც, არა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარჯებს, არამედ სხვა ა(ა)იპ-ების ხარჯების შემცირებას უკავშირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ების მიერ სუბსიდიის სახით მიღებული ფინანსური სახსრების რა ნაწილი იხარჯება შრომის ანაზრაურებაზე, რაც ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტიდან ()იპებ-ისათვის გამოყოფილი დაფინანსების 100% შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, მაშინაც კი აღნიშნული ხარჯები არ ემთხვევა განცხადებაში დასახლებულ მაჩვენებლებს, ვინაიდან შრომის ანაზღაურების (შტატგარეშეს ჩათვლით) და სუბსიდიების (სკოლამდელის გარეშე) ჯამი დაახლოებით 18.3 მლნ ლარია.



[1] საგამონაკლისო პერიოდში, 2018-2020 წლებში მერის მოადგილეებს შეუძლია მიღონ პრემია (ჯილდო) და დანამატი, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური სარგოს 30%-ს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2843 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი