იტვირთება

რეზიუმე: ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ 2019 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით განაცხდა, როდესაც ინვესტიციებმა 286.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში, 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2012 წლის მესამე კვარტლიდან დღემდე საქართველოში დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო 2001-2012 წლებში 9.5 მლრდ აშშ დოლარის. თუმცა პუი-ს აბსოლუტური მაჩვენებლების ასეთი ფორმით შეჯამება სპეკულაციურია და წარმატებული დინამიკის ინდიკატორად ვერ გამოდგება, რადგან სხვადასხვა წლებში ეკონომიკური მოცემულობა სხვადასხვაა და შესაბამისად, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. 2012-2018 წლებში პუი-ს ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან საშუალოდ დაახლოებით 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2001-2012 წლებში, 8.8%-ს. თუმცა 2001-2012 წლების საშუალო მონაცემზე უარყოფით გავლენას ახდენს 2001-2002 წლების ძალიან დაბალი მაჩვენებლები, როდესაც ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში უცხოური ინვესტიციები თითქმის არ შემოდიოდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდიდან, ინვესტიციების შემოდინების კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო 2014-2017 წლების პერიოდი (საშუალოდ 12%), რომელიც მხოლოდ 2006-2008 წლების მაჩვენებლებს (საშუალოდ 14.9%) ჩამოუვარდება. თუმცა 2018 წელს ეს დადებითი დინამიკა არსებითად გაუარესდა, შემცირების ტენდენცია კი გრძელდება 2019 წლის განმავლობაშიც. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის მხრიდან აქცენტის გადატანა საშუალო მაჩვენებლებზე, მიმდინარე პრობლემების გადაფარვას განაპირობებს და შეცდომაში შემყვანია.

ვინაიდან, დასახელებული მონაცემები, ერთი მხრივ, ზუსტია, თუმცა არასწორი მიდგომით გაანგარიშებული, ამავდროულად ანალიზის ფორმულირება მოცემული სახით სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაფარვას განაპირობებს. ფაქტ-მეტრი განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და მხოლოდ ანალიზით შემოიფარგლება.

ანალიზი:

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქაბაძის განცხადებით, „საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც ფლობს საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს.

ამის შესახებ მიქაბაძემ 2019 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით ისაუბრა, როდესაც ინვესტიციებმა 286.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში, 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლება წინა წლებთან შედარებით 2018 წელს აღინიშნა. პუი-ს შემცირების გამომწვევ ძირითად კომპონენტად დასახელდა BP-ს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ინვესტიციების ოდენობაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამავდროულად, რამდენიმე საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, რის გამოც, მსგავსი საწარმოების ინვესტიციები უცხოურად აღარ მიიჩნევა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2001-2018 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წლის მესამე კვარტლიდან დღემდე, საქართველოში დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, ხოლო 2001-2012 წლებში 9.5 მლრდ აშშ დოლარის. თუმცა პუი-ს აბსოლუტური მაჩვენებლების ასეთი ფორმით შეჯამება სპეკულაციურია და წარმატებული დინამიკის ინდიკატორად ვერ გამოდგება, რადგან სხვადასხვა წლებში ეკონომიკური მოცემულობა სხვადასხვაა და შესაბამისად, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. 2012-2018 წლებში პუი-ს ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან საშუალოდ დაახლოებით 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2001-2012 წლებში, 8.8%-ს. თუმცა 2001-2012 წლების საშუალო მონაცემზე უარყოფით გავლენას ახდენს 2001-2002 წლების ძალიან დაბალი მაჩვენებლები როდესაც ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში უცხოური ინვესტიციები თითქმის არ შემოდიოდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ინვესტიციების შემოდინების კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო 2014-2017 წლების პერიოდი (საშუალოდ 12%), რომელიც მხოლოდ 2006-2008 წლების მაჩვენებლებს (საშუალოდ 14.9%) ჩამოუვარდება. თუმცა 2018 წელს ეს დადებითი დინამიკა არსებითად გაუარესდა, შემცირების ტენდენცია კი გრძელდება 2019 წლის განმავლობაშიც. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის მხრიდან აქცენტის გადატანა საშუალო მაჩვენებლებზე, მიმდინარე პრობლემების გადაფარვის მცდელობაა და შეცდომაში შემყვანია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2844 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი