რეზიუმე:
1. Facebook-მა დაბლოკა ყველა რეკლამა, როგორც აბორტის მოწინააღმდეგეების, ისე აბორტის მომხრეების, რომლებიც ირლანდიის გარედან იყო დაფინანსებული
2. Facebook-მა დაუშვა ყველა რეკლამა, რომელიც საკუთრივ ირლანდიიდან მომდინარეობდა
„ალტ-ინფოს“ გავრცელებულ სტატიაში არაფერია ნათქვამი ამ ორ მოცემულობაზე, რაც მკითხველში მცდარ წარმოდგენას ქმნის - თითქოს Facebook-მა მხოლოდ აბორტის მოწინააღმდეგეთა რეკლამები დაბლოკა. ასევე, არასწორია „ალტ-ინფოს“ სტატიაში მოყვანილი მტკიცებაც, რომ Facebook-ის ადმინისტრაცია ირლანდიის მთავრობას დაუკავშირდა. ფაქტებით მანიპულირების ეს შემთხვევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სინამდვილეში, მათ კონტაქტი ჰქონდათ მთავრობისგან დამოუკიდებელ საჯარო უწყებასთან - „საჯარო დაწესებულებებში სტანდარტების კომისია“ (Standards in Public Office Commission (SIPO)). Facebook-მა მას ჰკითხა, ითვლებოდა თუ არა სხვა ქვეყნებიდან რეფერენდუმთან დაკავშირებული რეკლამის დაკვეთა, უცხოურ შემოწირულობად, რაზეც „საჯარო დაწესებულებებში სტანდარტების კომისიას“ ცხადი პასუხი არ ჰქონდა.
ანალიზი
„ალტ-ინფომ“ - გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ცუკერბერგის აღიარება: ირლანდიის რეფერენდუმის წინ Facebook-მა აბორტის საწინააღმდეგო რეკლამები დაბლოკა“. ამ სტატიას ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ყალბი ამბების გავრცელებაში შემჩნეულმა სხვა Facebook- გვერდებმაც გააზიარეს, კერძოდ, „ანტილიბერალურმა კლუბმა“ და „Geo Pepe”-მ.
„ალტ-ინფოს“ სტატიაში ნათქვამია, რომ Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი,მარკ ცუკერბერგი, „ასპენის იდეების ფესტივალზე" სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობდა. როგორც „ალტ-ინფო“ იუწება, ცუკერბერგმა აღიარა, რომ ირლანდიის მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, Facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა აბორტის მოწინააღმდეგე ამერიკელები, რომლებიც ირლანდიის მოქალაქეებზე გამიზნულ რეკლამებს ათავსებდნენ. „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ ასახავს და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
2018 წლის 25 მაისს ირლანდიაში გაიმართა რეფერენდუმი კონსტიტუციის მერვე შესწორების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც აბორტს კრძალავდა. 66.4%-მა ხმა მისცა მის გაუქმებას, ხოლო 33.6% - კონსტიტუციის აღნიშნული შესწორების გაუქმების წინააღმდეგი იყო.
რეფერენდუმის დაანონსების შემდეგ, 2018 წლის მარტის ბოლოდან, ორივე მხარემ დაიწყო აქტიური კამპანია. ირლანდიაში ტელევიზიასა და რადიოში პოლიტიკური რეკლამების განთავსება აკრძალულია. ასევე, სამაუწყებლო საშუალებები ექვემდებარება მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მათ ავალდებულებს, დაიცვან მიუკერძოებლობა და ბალანსი პოლიტიკური დებატების გამართვისას, განსაკუთრებით კამპანიის მსვლელობისას. ამასთან ერთად, აკრძალულია უცხოური ფულადი შემოწირულობები, რომლებიც რეფერენდუმსა ან არჩევნებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.
თუმცა სამაუწყებლო მედიისგან განსხვავებით, სოციალურ მედიაში პოლიტიკურ კონტენტთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე შემზღუდავი კანონი. სწორედ ამიტომ, კამპანია აქტიურად გავრცელდა Facebook-სა“ და Google-ში (Youtube-ს ჩათვლით).
ირლანდიის კანონმდებლობაში ამ ვაკუუმის გამო, რეფერენდუმის თემატიკაზე შექმნილი სოციალური მედიის გვერდების, პოსტებისა და ფასიანი რეკლამების წარმომავლობასა და დაფინანსებაზე გამჭვირვალობის ნაკლებობა გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით Facebook-მა ირლანდიაში 25 აპრილიდან ე.წ. „რეკლამების ნახვის“ (“View Ads”) ფუნქცია აამოქმედა. ეს ფუნქცია რეკლამების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის გაზრდას ემსახურება. მის მიხედვით, რეკლამების განთავსება, რომლებიც არჩევნებს ან პოლიტიკურ საკითხებს ეხება, მხოლოდ ავტორიზებულ რეკლამის დამკვეთებს შეეძლებათ. ავტორიზაციის გავლისთვის კი საჭიროა იდენტობისა და ადგილმდებარეობის დადასტურება. ასეთი რეკლამების ზედა მარცხენა კუთხეში იქნება აღნიშნვა - „Political Ad” (პოლიტიკური რეკლამა), ხოლო მის გვერდით გამოჩნდება ინფორმაცია, თუ ვინ დაუკვეთა აღნიშნული რეკლამა. ასევე, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ნახონ რეკლამის დამკვეთის მიერ ჩაშვებული ყველა სხვა რეკლამა, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა ის მისი „სიახლეების ზოლში“. ეს ფუნქცია, რასაკვირველია, Facebook-ის ირლანდიელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული პოლიტიკური რეკლამების შესახებ.
სოციალურ ქსელებში პოლიტიკური რეკლამირების საკითხმა აქტუალობა შეიძინა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შემდეგ. რუსეთის დაკვეთით გავრცელებულმა Facebook-ის პოსტებმა აშშ-ის არჩევნებამდე 126 მილიონ ამერიკელამდე მიაღწია. ასევე Facebook-დან მოხდა პირადი ინფორმაციის გაჟონვა ე.წ. „კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის“ დროს. ამ შემთხვევამ Facebook-ის მომხამარებელთა ინფორმაციის დაცულობა ეჭვის ქვეშ დააყენა. სწორედ მომხმარებლთა კონფიდენციალობის დარღვევის გამო 2019 წელს აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Facebook 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა და მოუწოდა, შეცვალოს პირადი ინფორმაციის დაცულობის სისტემა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მარკ ცუკერბერგს კითხვები დაუსვეს და გააკრიტიკეს როგორც აშშ-ის კონგრესში, ისე ევროპარლამენტში. სწორედ, 2016 წლის აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს Facebok-ზე რუსული „ტროლების“ აქტიურობის გამო Facebok-მა სხვადასხვა მექანიზმის დანერგვა (მაგალითად, 2019 წელს ინდოეთის არჩევნების წინ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი) დაიწყო.
წარსული შემთხვევების გათვალისწინებით, Facebook მეტი სიფრთხილით მოქმედებდა ირლანდიის რეფერენდუმის დროს. 2018 წლის 8 მაისიდან Facebok-მა უფრო მკაცრი ზომები მიიღო. ის აღარ იღებდა რეფერენდუმთან დაკავშირებულ რეკლამებს, რომლის დამკვეთიც ირლანდიის საზღვრებს გარეთ იყო რეგისტრირებული.
Facebook-მა ეს ღონისძიება გაატარა იმ მიზნით, რომ დაეცვა რეფერენდუმი უცხოური გავლენისგან. ასევე Facebook-მა ურთიერთობა დაამყარა ირლანდიურ პარტიებთან, ორივე მხარის წარმომადგენელ სხვადასხვა ჯგუფთან და ორგანიზაციასთან - „გამჭვირვალე რეფერენდუმის ინიციატივა“ (“Transparent Referendum Initiative”). გარდა ამისა, Facebook იყენებდა „სამართლიანი არჩევნების ხელოვნურ ინტელექტს“ (Election Integrity Artificial Intelligence), რომელიც ცდილობდა რეფერენდუმთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების, დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევების აღმოჩენას.
გარდა ამისა, „გამჭვირვალე რეფერენდუმის ინიციატივა“, რომელიც მოხალისეების დახმარებით რეფერენდუმთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ რეკლამებზე ინფორმაციას აგროვებდა და შექმნა მათი საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა, Facebook-ს ატყობინებდა საეჭვო წარმომავლობის რეკლამებზე. ამ ორგანიზაციისთვის კი ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, საწყის ეტაპზე ორგანიზაციამ გამოავლინა 92 ამგვარი რეკლამა, მათგან 55 აბორტის მოწინააღმდეგეთა, ხოლო 37 აბორტის მომხრეთა შეტყობინებებზე დაყრდნობით. Facebook-ის მიდგომა, რომ ირლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებული ქვეყნის ფარგლებს გარედან შემომავალი რეკლამები დაებლოკა, გარკვეულწილად კავშირშია ირლანდიის საარჩევნო კანონთან, რომლის მიხედვითაც, კამპანიებს ეკრძალებათ უცხოური შემოწირულობების მიღება. ამასთან ერთად, Facebook-ს ჰქონდა წარსული გამოცდილებები, როდესაც გარე ძალებს არჩევნებში Facebook-ის პლატფორმის გამოყენებით ჩარევის მცდელობები ჰქონდათ, მაგალითად - რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ე.წ. Facebook-ტროლების გააქტიურებით; ასევე, 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაც სოციალური მედიების, მათ შორის - Facebook-ის გამოყენებით და, აგრეთვე, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების მიერ ემანუელ მაკრონის კამპანიაზე ჯაშუშობა Facebook-ის მეშვეობით.
მსგავსი შემთხვევა იყო ესპანეთში ჩატარებული რეფერენდუმის დროსაც: ესპანეთის მთავრობა აცხადებდა, რომ რუსული სახელმწიფო და კერძო სექტორის ჯგუფები Facebook-ს იყენებდნენ, რათა კატალონიის რეფერენდუმის წინ სეპარატისტების სასარგებლოდ შეეცვალა ხალხის განწყობა. ამავე ფაქტზე, აშშ-ის სენატი ადასტურებს, რომ რუსეთი სოციალურ მედიაში იყენებდა ე.წ. „ბოტებს“ და ყალბ სოციალური მედიის ანგარიშებს, ხოლო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მედია ავრცელებდა დეზინფორმაციას რეფერენდუმთან დაკავშირებით. ევროკავშირის მტკიცებით, სოციალურ მედიაში, მათ შორის Facebook-ში, რუსეთი იმავე ხერხებით დეზინფორმაციის გავრცელებით, ცდილობდა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას.
მარკ ცუკერბერგმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა, რომ ისინი ირლანდიაში დაუკავშირდნენ „ხალხს“ (“folks”), რაც „ალტ-ინფომ“ გადმოსცა, როგორც Facebook-ის კონტაქტი ირლანდიის მთავრობასთან. Facebook-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ამ საკითხზე ირლანდიის მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარი არ ჰქონიათ. ისინი დაუკავშირდნენ მთავრობისგან დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტს, რომელსაც არჩევნებზე ზედამხედველობის ფუნქციაც აქვს - „საჯარო დაწესებულებებში სტანდარტების კომისია“ (Standards in Public Office Commission (SIPO)). საჯაროდ გამოქვეყნებულია მათი მიმოწერაც, საიდანაც ირკვევა, რომ Facebook-მა ჰკითხა, მიიჩნეოდა თუ არა უცხოეთიდან რეფერენდუმთან დაკავშირებული რეკლამის დაკვეთა უცხოურ შემოწირულობად, რაც ირლანდიაში კანონდარღვევაა. SIPO-ს კი არ ჰქონდა მკაფიო დასკვნა, მოცემულ შემთხვევაში დაირღვა თუ არა კანონი.
თავის გამოსვლაში „ასპენის იდეების ფესტივალზე“ ცუკერბერგი საუბრობდა რეკლამების რეგულირებასა და არჩევნებში გარე ძალების ჩარევის შესახებ. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა შესაბამისი კანონმდებლობა სახელმწიფოებს ჰქონდეთ და კერძო კომპანიას არ დასჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. ამის მაგალითად კი მან ირლანდიის რეფერენდუმი დაასახელა და ახსენა, ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელშიც ჩანს, რომ Facebook-მა ირლანდიაში არ განათავსა აშშ-დან დაფინანსებული აბორტის მოწინააღმდეგეთა რეკლამა (ეს მაგალითი სწორედ იმისთვის მოიყვანა, რომ ეჩვენებინა თუ როგორ დაბლოკეს ირლანდიის გარედან დაფინანსებული რეკლამები).
ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე ცუკერბერგს არ უსაუბრია სრულ სურათზე. თუმცა, ზემოთ მოყვანილი წყაროებით (მათ შორის კომპანიის განცხადებებით) დასტურდება, რომ Facebook-მა ირლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებული ყველა გარედან შემომავალი რეკლამა აკრძალა, ხოლო ირლანდიიდან განთავსებული ყველა ავტორიზებული დამკვეთის რეკლამა განათავსა.
ცუკერბერგის გამოსვლა დამახინჯებულად გამოიყენეს მედიებმა სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ვებგვერდმა „ალტ-ინფომ“. აღნიშნული ფაქტებით მანიპულირების შემთხვევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. Facebook-ის ადმინისტრაციას ცილს სწამებენ ირლანდიის რეფერენდუმში აბორტის მომხრეების მხარდაჭერაში. ასევე, აბრალებდნენ რეფერედუმში ჩარევას და მის შედეგებზე ზემოქმედებას აბორტების მოწინააღმდეგეთა რეკლამების დაბლოკვის გზით. ამით ცდილობდნენ Facebook-ის ასოცირებას აბორტების მხარდამჭერებთან და მის არაკეთილსინდისიერ კომპანიად წარმოჩენას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს არჩევნებში ერევა საკუთარი მიზნების გასატარებლად.
წყაროს შესახებ
„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ონლაინსააგენტოს, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა. მისი წყაროები ძირითადად დასავლეთში არსებული ულტრა-მემარჯვენე პროპაგანდისტული მედიებია, მაგალითად, ამ შემთხვევაში წყაროდ გამოყენებული - Breitbart. 17 მაისს სამ სხვა Facebook-გვერდთან („Geo Pepe”, „ანტილიბერალური კლუბი“, „ანტილიბერალური გვერდი“) ერთად დაიბლოკა „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდიც, ჰომოფობიური ხასიათის პოსტების გავრცელების გამო.
„ალტ-ინფო“ ავრცელებდა მოწოდებას არ მიეცათ ლგბტ აქციის ჩატარების საშუალება. „ალტ-ინფოს“ ჯგუფი ახლო კავშირშია ლევან ვასაძესთან - იგი ესწრებოდა 7 ივლისს „ალტ-ინფოს“ ჯგუფის შეკრებას. ასევე, მათ გამოაქვეყნეს ლევან ვასაძის მხარდამჭერი ვიდეო, საიდანაც ვიგებთ, რომ ისინი 8 ივლისს გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები იყვნენ. ასევე „ალტ-ინფოს“ გუნდის წევრი ზურაბ მახარაძე არის პარტია „ალტერნატივა საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, რომელიც მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კობა დავითაშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელიც იყო. „ალტერნატივა საქართველოსთვის“ ლიდერი არის კონსტანტინე მორგოშია, რომელიც 2016 წელს პატრიოტთა ალიანსის სახელით იყრიდა კენჭს მცხეთის მაჟორიტარად.