20 ივნისის ცნობილ მოვლენებს, რომელიც ისტორიაში შესაძლოა „გავრილოვის ღამის“ სახელწოდებით შევიდეს, 21 ივლისს კრემლის გადაწყვეტილება მოჰყვა: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები, მათ შორის, კომერციული ხასიათის. ასევე, ტუროპერატორებს რეკომენდაციით მიმართა, რომ აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

კრემლის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში გარკვეული შიში გამოიწვია, განსაკუთრებით მთავრობაში. 2018 წელს საქართველოში 1.4 მილიონი რუსი ვიზიტორი შემოვიდა და აქედან გამომდინარე გაჩნდა შიში, რომ ეს რიცხვი წელს მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. აღნიშნულმა შიშმა უარყოფითი მოლოდინი ჩამოაყალიბა ლარის გაცვლითი კურსის მიმართაც. მარტივი ლოგიკით, თუ ასობით ათასი რუსი ტურისტი აღარ ჩამოვა, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა მოიკლებს და ლარი გაუფასურდება. აქედან გამომდინარე, მოსახლოებამ დოლარის მომარაგება არჩია და კურსმაც სწრაფად დაიწყო დაცემა.

8 ივლისიდან რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობამ მართლაც კლება დაიწყო. 8-14 ივლისის კვირაში, 2018 წლის 8-14 ივლისთან შედარებით 21.4%-ით შემცირდა, ხოლო 15-21 ივლისის კვირაში -13.5%-ით იკლო.

რუსეთიდან ტურისტების ჩამოსვლის ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა N345 დადგენილება, რომლის მიხედვით 600 ათასი ევრო გამოიყო რუსეთიდან ტრანზიტული ფრენების დასაფინანსებლად. კერძოდ, რუსეთი-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთი და რუსეთი-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ტრანზიტულ ფრენებზე თითო მგზავრზე გამოიყო მაქსიმუმ 90 ევრო, ჯამში კი 600 ათასი ევრო. გამოდის, რომ დაახლოებით 6,700 რუსი ტურისტის ჩამოსვლა დაფინანსდა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საკმაო კრიტიკა მოყვა საქართველოში. შედეგად, 25 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 1.2 მილიონი ევროთი ფრენებს ლონდონისა და ბრიუსელის მიმართულებითაც დააფინანსებს. თუმცა, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებაზე კრიტიკა ისევ გაგრძელდა და პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ „საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში, ბევრი ადამიანი გეგმავდა და გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში თავის ოჯახთან. შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ.“

24 ივლისს მთვრობის მიერ გამოცემულ N345 დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეხება. სუბსიდირების ერთადერთ კრიტერიუმად მგზავრობის დაწყების და დასრულების ადგილია მიჩნეული.

5 აგვისტოს გამოქვეყნდა ივლისის თვის ტურიზმის სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან კი შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით (2018 წლის ივლისთან შედარებით), მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან შემცირება გადაფარა და ჯამში, წელს ივლისში საქართველოში 5.8%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის ივლისში. ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორი, რომელიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს ჩერდება) კი 1%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა.

ამ ფონზე, როცა ვიზიტორების რაოდენობა კი არ კლებულობს, პირიქით, მატულობს, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საჰაერო ფრენების სუბსიდირება ნებისმიერი ქვეყნიდან, მით უმეტეს რუსეთიდან. ვინაიდან მთავრობა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაზე ან შენარჩუნებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ მის შემცირებაზე უნდა ზრუნავდეს. რუსი დეპუტატის საქართველოდან ფაქტობრივად გაძევებამ დაგვანახა, რომ რუსეთი ასეთ შემთხვევებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენებს. რუსეთის დუმას ასევე მომზადებული აქვს ინიციატივა საქართველოდან ღვინის და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვაზე, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ჯერჯერობით ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

რუსეთი გაგვიმკაცრებს თუ არა სანქციებს, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ ანტირუსულ განწყობაზე, ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი დარტყმა იქნება სანქციები საქართველოსთვის. თუ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება, სანქციების დაწესების ალბათობა მოიკლებს, ხოლო თუ დამოკიდებულება გაიზრდება, პირიქით, კრემლი უფრო მეტ აზრს დაინახავს სანქციების გამკაცრებაში.

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2011 წლიდან მოყოლებული სწრაფად იზრდება. 2011 წელს მათი წილი 7.1% იყო. 2018 წელს 1.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა და წილმა 16.2% შეადგინდა. 2019 წლის 7 თვის მონაცემებით 851 ათასი რუსი ვიზიტორია შემოსული და მათი წილი 17.1%-ია. 6 თვის სტატისტიკით წილი 18.1% იყო, ანუ ივლისში რუსეთიდან ტურისტების კლებამ, წილი ერთი პროცენტული პუნქტით შეამცირა.

გრაფიკი 1. საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა და წილი

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რადგან საქართველოში შემოსული ვიზიტორების და მათ შორის, ტურისტების რაოდენობა არ მცირდება და პირიქით, იზრდება, ყოველგვარ ლოგიკურ აზრს მოკლებულია ფრენების სუბსიდირება, მით უმეტეს რუსეთიდან, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მორალურადაც მიუღებელია. მორალურად მიუღებელია, საქართველოს მოქალაქეს გამოართვა ფული რუსეთის მოქალაქის დასვენების (თუნდაც საქართველოში) დასაფინანსებლად.

თუ მთავრობას ტურისტული სექტორის დახმარება უნდა, როგორც პრიორიტეტული სექტორის, ამის საუკეთესო გზა დარგში საგადასახადო შეღავათების დაწესებაა. უმჯობესია ნაკლები გადასახადი გამოართვა სექტორს, ვიდრე გამოართვა და მერე ნაწილი სუბსიდიის გზით უკან დაუბრუნო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი