იტვირთება

რეზიუმე: „იმედინიუსზე“ გამოქვეყნებული მასალა, რომლის მიხედვით 2018 წელს ბერლინში ახალშობილი ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელი მუჰამედი იყო, არის ფაქტებით მანიპულირება და წარმოადგენს ისლამოფობიური შეხედულების წახალისებისა და ევროპის ისლამიზაციის შესახებ მცდარი აზრის ფორმირების მცდელობას.

რეალურად GFDS-ის კვლევების მიხედვით ბერლინში ახალდაბადებული ბიჭებისთვის ყველაზე პოპულარული სახელებია ალექსი, პოლი და მაქსიმილიანი. მუჰამედი მართლაც ლიდერობს კვლევის ახლებური მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვითაც პირველი სახელის გარდა ითვლება მეორე და მესამე სახელებიც, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მუჰამედის დარქმევა არაბულ ოჯახში ერთ-ერთი ბავშვისთვის თითქმის ტრადიციაა, აღნიშნული შედეგი გასაკვირი არ არის, რადგან მუსლიმ ბავშვთა უმრავლესობის პირველ, მეორე ან მესამე სახელში მუჰამედი დიდი ალბათობით ფიგურირებს. კვლევის ერთ-ერთი ნაკლი კი მდგომარეობდა იმაში, რომ კვლევისას მხედველობაში იქნა მიღებული მუჰამედის 25 ვარიანტი, განსხვავებით სხვა სახელებისა (სხვა სახელების სხვადასხვა ვარიაციის გათვალისწინებით, მუჰამედი ლიდერთა სიაში აღარ იქნებოდა).

ანალიზი

„იმედინიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია რომ „შარშან ბერლინში ახალშობილი ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელი მუჰამედი იყო“.“ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელი მუჰამედი გერმანიის 6 ფედერაციულ მხარეში 10 ყველაზე პოპულარულ სახელს შორის მოხვდა. კერძოდ, ბერლინში, ჰამბურგში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ზაარლანდსა და ჰესენში. აღნიშნული სტატიის წყაროდ კი Daily Mail-ია მითითებული.

დამოუკიდებელი ინტერნეტსაშუალება Media Bias/Fact Check-ის შეფასებით, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მანიპულაციური მედიის შესახებ, Daily Mail-ი საეჭვო წყაროა. გარდა იმისა, რომ იგი ყვითელ პრესას წარმოადგენს, ხშირად გამხდარა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების წყარო.

მოცემულ შემთხვევაში, „საზოგადოება გერმანული ენისთვის“ (GFDS) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები Daily Mail-მა დაამახინჯა და სტატისტიკა კონტექსტის გარეშე გამოიყენა. ევროპაში არსებული ე.წ. მიგრანტების კრიზისის კონტექსტში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება აღრმავებს ისლამოფობიურ განწყობებს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა ულტრანაციონალისტური პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD), რომელიც ევროკავშირისა და კონკრეტულად გერმანიის საემიგრაციო პოლიტიკის გამოკვეთილი კრიტიკოსია. გერმანიაში სიდიდით მესამე პარტია იმიგრაციას გერმანული იდენტობისთვის და ზოგადად, ევროპული ცივილიზაციისთვის, საფრთხისშემცველად, ხოლო თავად მერკელის პოლიტიკას ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს. კვლევის გასაჯაროვებისთანავე, პარტიის ლიდერებმა დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც.

პრობლემური იყო თავად კვლევაც. GFDS-ის კვლევამ, რომელიც წინა წლებთან შედარებით მეთოდოლოგიურად ხარვეზიანი იყო, ვერ უზრუნველყო ყოფილიყო მარტივად აღქმადი. მოცემულმა ნაკლმა, ასევე საზოგადოების მგრძნობელობამ დემოგრაფიის ცვილილებებისა და მიგრაციული საკითხების მიმართ, სათავე დაუდო კვლევის მონაცემების დამახინჯებულად გასაღებას, რაც ემსახურებოდა პოპულისტური ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. აღნიშნული პარტიები, და პირველი რიგში AFD, მკვეთრად უპირისპირდებიან იმ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც გაატარა გერმანიამ სირიაში მიმდინარე მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად, რომლებიც თავშესაფარს ევროპაში ეძებენ.

ნაწილობრივ სიმართლეა, რომ სახელ მუჰამედის პოპულარობა გაზრდილია, რაც პირდაპირ კავშირშია გერმანიაში მიგრანტთა რაოდენობის ზრდასთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არაბული ოჯახების უმრავლესობაში ერთ-ერთ ბავშვს პირველ, მეორე ან მესამე სახელად არქმევენ მუჰამედს, წინასწარმეტყველი მუჰამედის პატივსაცემად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანული სახელების მხოლოდ რამდენიმე ვარიაცია არსებობს, მუჰამედს კი 25 ვერსია აქვს (Muhammad, Mohammed, Mohammad, Muhammed, Mohamed, Mohamad, Muhamad, Muhamed, Mohamud, Mohummad, Mohummed, Mouhamed, Mohammod, Mouhamad…).

GFDS-ის მკვლევრებმა, პირველ სახელთან ერთად, მხედველობაში მიიღეს ახლადდაბადებულების მეორე და მესამე სახელები, რის მიხედვითაც გერმანიაში სახელმა მუჰამედმა 24-ე ადგილი დაიკავა. ორი წლის წინ GFDS-მა შეცვალა კვლევის მეთოდოლოგია, რისი შემდეგაც აქვეყნებენ ორ განსხვავებულ სიას:

1.მხოლოდ პირველი სახელების სიას - რისი მიხედვითაც რეიტინგში ლიდერობენ მაქსიმილიანი და პოლი.

2. პირველი, მეორე და მესამე სახელების გაერთიანებულ სიას - რისი მიხედვით ბერლინში 22 000-დან 280 ახალშობილს დაარქვეს მუჰამედი. მეორე სახის მიდგომით ეს სახელი ლიდერობს აღნიშნულ სიას. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული მეთოდოლოგია მხედველობაში არ იღებდა სხვა სახელების სხვადასხვა ვარიაციას. მაგალითად, ლუკასის დამატებით რამდენიმე ვარიაციის გათვალისწინებით, ეს სახელი 400 ახალშობილს დაარქვეს, ასევე პოპულარულია სახელი ალექსი.

კვლევის ეს ნაწილი გარკვეულწილად მცდარია, რადგან გერმანიაში მუსლიმი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ბერლინში, ხოლო ტრადიციის გათვალისწინებით, ახალდაბადებული ბიჭის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილი დიდი ალბათობით მუჰამედია. აქედან გამომდინარე, ახალდაბადებული ბიჭების უმრავლესობის სახელის პირველ, მეორე ან მესამე კომპონენტში იკვეთება მუჰამედი. აღსანიშნავია ისიც რომ კვლევამ მხედველობაში მიიღო მუჰამედის 25 ვარიაცია, ხოლო სხვა სახელების შემთხვევაში იგივე მიდგომა არ გაზიარებულა.


მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი