რეზიუმე: ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრი 2019 წლის გეგმიურ მაჩვენებელს ადარებს 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს, რაც მართებული არ არის. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა, 2019 წლის გეგმიური მაჩვენებელი კვლავ დაკორექტირდეს. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს 10%-ით, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.
2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმური ხარჯები 1.8 მლრდ ლარი იყო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაზუსტდა და 1.58 მლრდ ლარი შეადგინა. შედეგად 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა. დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, შარშან ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად კი აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად, ავანსის სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატური იყო.
2019 წლის პირველ ნახევარში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 100.1%-ით შესრულდა. ასევე, 100.4%-ით შესრულდა გეგმა 2017 წელს, სხვა წლებში კი ხარჯები გეგმას მუდმივად ჩამორჩებოდა. შესაბამისად, უახლოეს წარსულში, 6 თვის ათვისების გამოკვეთილი ტენდენცია არ არსებობს.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა: „წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, 100%-ზე მეტად ასრულებენ ამ დავალებას"
2018 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 1.58 მლრდ ლარი იყო (დაზუსტებული), რაც მიმდინარე წლის დაფინანსებასთან (2 მლრდ) შედარებით, თითქმის 20%-ით ნაკლებია. 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში სამინისტროს ბიუჯეტი დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა.
გარდა ამისა, შარშან ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად კი აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად, ავანსების სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატური იყო. შესაბამისად, დაზუსტებული მაჩვენებლის შედარება 2019 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან, მართებული არ არის. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის გეგმურ მაჩვენებელს 10%-ით, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებელს, როგორც ზემოთ აღინიშნა 20%-ით აღემატება.
ცხრილი 1: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2012-2019 წლების დაზუსტებული ბიუჯეტი და შესრულების მაჩვენებელი (ლარი)
წელი |
ბიუჯეტი(გეგმა) |
ბიუჯეტი (დაზუსტებული) |
ფაქტი |
შესრულება |
მთლიან ბიუჯეტში წილი |
2012 |
717 115 100 |
767 980 011 |
655 075 159 |
85.29% |
8.86% |
2013 |
901 000 000 |
1 003 599 800 |
798 595 100 |
79.57% |
10.29% |
2014 |
875 000 000 |
935 734 500 |
904 963 100 |
96.71% |
9.63% |
2015 |
869 501 000 |
880 149 200 |
898 398 000 |
102.07% |
9.03% |
2016 |
950 000 000 |
967 461 900 |
971 817 600 |
100.45% |
9.22% |
2017 |
1 288 047 000 |
1 323 847 000 |
1 355 150 200 |
102.36% |
10.98% |
2018 |
1 815 000 000 |
1 584 100 000 |
1 661 664 448 |
104.89% |
14.56% |
2019 |
2 000 000 000 |
- |
- |
- |
15.27% |
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ცხრილი 2: 6 თვის გეგმა და შესრულება 2013-2019 წლებში (მლნ ლარი)
წელი |
6 თვის გეგმა |
6 თვის შესრულება |
შესრულების % |
2013 |
235 |
223,3 |
95,0 |
2014 |
419,6 |
305,4 |
72,8 |
2015 |
379,4 |
352,7 |
93,0 |
2016 |
389,8 |
360,1 |
92,4 |
2017 |
581,1 |
583,4 |
100,4 |
2018 |
555,6 |
490,5 |
88,3 |
2019 |
672,9 |
673,4 |
100,1 |
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
2019 წლის პირველ ნახევარში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 100.1%-ით შესრულდა. ასევე, 100.4%-ით შესრულდა გეგმა 2017 წლის პირველ 6 თვეში, სხვა წლებში კი 6 თვის ხარჯები გეგმას მუდმივად ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში, ბიუჯეტის ათვისების გამოკვეთილი ტენდენცია არ არსებობს.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ 2012-2017 წლებში, მხოლოდ 2015 წლის გამოკლებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი გეგმასთან მიმართებით იზრდებოდა, 2018 წელს კი ბიუჯეტი შემცირდა. სერიოზული ჩავარდნები არსებობდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 823.8 მლნ ლარი იყო, დეკემბრის თვეში ბიუჯეტი დაზუსტდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე, მხოლოდ დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.