ანალიზი
10 ივნისს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა: „გამოქვეყნდა „გლობალ ფაინანსის“ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და საქართველო 10 ყველაზე მიმზიდველ [პერსპექტიულობის კუთხით] ქვეყანათა შორის არის“.
Global Finance გავლენიან საერთაშორისო გამოცემას წარმოადგენს, რომელიც 1988 წელს დაფუძნდა, ხოლო 2002 წელს ვებგვერდი gfmag.com შექმნა. აღნიშნული გამოცემა ფინანსური სექტორის ანალიტიკით არის დაკავებული და მის ძირითად აუდიტორიას, პროფესიონალი ფინანსისტები წარმოადგენენ.
მიმდინარე წლის მაისში Global Finance -მა საქართველო ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა. აღნიშნული პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. გამოცემამ საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა განვითარების პერსპექტიული დინამიკიდან გამომდინარე. პუბლიკაციაში ქვეყნები 5 კატეგორიად კვალიფიცირდნენ განვითარების პოტენციალის მიხედვით (emerging markets) და საქართველო უმაღლეს კატეგორიაში მოხვდა.
Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ინდიკატორს:
- მშპ-ის ზრდის პროგნოზი (2019), საერთაშორისო სავალუტო ფონდი;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილება, UNCTAD;
- კორუფციის აღქმის ინდექსი, საერთაშორისო გამჭირვალეობა;
- ბიზნესის კეთების სიმარტივე მაჩვენებელი, მსოფლიო ბანკი;
- კონკურენტუნარიანობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებელი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ს შეფასებაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა შეფასებული არაა.
სურათი 1: ქვეყნები „გლობალ ფაინანსის“ რეიტინგში
წყარო: Global Finance, gfmag.com
რაც შეეხება უშუალოდ კობა გვენეტაძის განცხადებას, სრული კონტექსტის აღსაქმელად, საჭიროა აღნიშნული რეიტინგის სტრუქტურის განსაზღვრა. კერძოდ, არ დგება გაერთიანებული რეიტინგი, არამედ ზემოთხსენებული 5 ინდიკატორის მიხედვით ქვეყნის შედეგები განიხილება ერთობლივად და ქვეყნები ნაწილდება 5 კატეგორიაში. საქართველო პირველ (უმაღლეს) კატეგორიაშია, თუმცა, ამ კატეგორიაში არის არა 10, არამედ 19 ქვეყანა. ამასთან, უშუალოდ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის 5-დან 2 ინდიკატორის შემთხვევაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კობა გვენეტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.