იტვირთება

რეზიუმე: ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33.6 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322 835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2 972 733) და პოლონეთი - 18% (1 540 182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46 254), ისრაელი - 72% (131 184), ლიეტუვა - 57% (270 564), რუსეთი - 5% (21 372 581). ექსპორტზე გატანილი ღვინის მიხედვით, ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (21 372 581), უკრაინა (3 080 562), ჩინეთი (2 972 733), პოლონეთი (1 540 182) და ყაზახეთი (1 223 256).

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10.7 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216.5 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572.2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, წამყვან საექსპორტო ბაზრად ისევ რუსეთის ბაზარი რჩება. 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართულ პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასანდო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან ვაჭრობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „2019 წლის მაჩვენებელი ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც არის აშშ. ეს არის 126%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი იყო ჩინეთის ტენდენცია, აქ ასევე არის ზრდა დამატებით 27%-ის ოდენობით. პოლონეთში გაზრდილია 18%-ით და საფრანგეთში გაზრდილია 91%-ით. ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ საკმაოდ დიდი მეღვინეობის ტრადიციები და შესაბამისად, ქართული ღვინო პოულობს კონკურენტუნარიან პოზიციას აღნიშნულ ბაზარზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ, რომ გაზრდილია ბრენდის ექსპორტი 60%-ით. ასეთი მაჩვენებლები ჩვენ არ გვქონდა და 61%-ით არის გაზრდილი ჭაჭის ექსპორტი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33.6 მლნ ბოთლი (0.75ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322 835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2 972 733) და პოლონეთი - 18% (1 540 182). ზრდა შეინიშნება შემდეგ ქვეყნებშიც: საფრანგეთი-91% (46 254), ისრაელი - 72% (131 184), ლიეტუვა - 57% (270 564), რუსეთი - 5% (21 372 581) და ა.შ. საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის მიხედვით, ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (21 372 581), უკრაინა (3 080 562), ჩინეთი (2 972 733), პოლონეთი (1 540 182) და ყაზახეთი (1 223 256).

ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ - 6 047 911 ბოთლი (ზრდა 6%), „მუკუზანი“ - 1 957 553 (ზრდა 20%), „წინანდალი“-1 509 961 (ზრდა 10%),ახაშენი- 638 878 (0%) და „ხვანჭკარა“ - 402 802 (ზრდა 43%).

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10.7 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216.5 ათასი ბოთლი (0.5ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572.2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

რაც შეეხება 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მლნ ბოთლი (0.75ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი. ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო კვლავ რუსეთის ბაზარზე გავიდა (53 682 627), რაც მთლიანი ექსპორტის 62.3%-ია.

ცხრილი 1: ღვინის ექსპორტი 2010-2018 წლებში, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი

წელი

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

მლნ ბოთლი (0.75 ლიტრი)

15

19

23

46

59

36

50

76

86

ღირებულება (მლნ დოლარი)

41

54

65

128

185

96

87

170

203

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, რუსეთის ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც ვიცით, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით აკრძალა. ქართული ღვინის და ბრენდის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა. 2015 წელს, ასევე, რუსეთის ფაქტორმა განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის კლება. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე და ღვინის ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია.

რუსეთის ბაზარზე ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა შემდეგნაირია:

გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე (მლნ ბოთლი, 0.75 ლ)

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა, როცა წინა წლებში გაცილებით დიდი პროცენტული ზრდა ფიქსირდებოდა (მაგ. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ზრდა 43% იყო). მიმდინარე წლის ხუთ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე 5% -ით არის გაზრდილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასულ წელსაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე გავიდა (მთლიანი ექსპორტის 62.3%). იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, წამყვან საექსპორტო ბაზრად ისევ რუსეთის ბაზარი რჩება. 20 ივნისის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები (რუსეთის მუქარა ქართულ პროდუქტებზე სანქციების შესახებ) კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი არასანდო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან ვაჭრობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი