რეზიუმე: აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს.
2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება (2014 - 1.6%, 2015 - 1.5%, 2016 - 0.3%) და 2017 წელს 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2018 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7% იყო. ამდენად, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მოყვანილ სტატისტიკაში მცირედი ცდომილებებია.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა.
სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო, 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯების წილი, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებით, საშუალოდ, 2.5% იყო, რაც 2018 წელს 1.8%-მდე შემცირდა, მიმდინარე წელს კი 1.7%-ით არის დაგეგმილი.
შეიძლება ითქვას, რომ 2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „2014 წელს თუ სოფლის მეურნეობის ზრდა იყო 2%, 2015 წელს იყო 1.5%, 2016 წელს 0.3%, 2017 წელს 1.5% კლება, 2018 წელსაც მინუსებია. „ქართულ ოცნებას“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, მაგრამ ეს რიცხვები მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“.
სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) გვიჩვენებს თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. შესაბამისად, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს.
გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 2012-2018 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2018 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7% იყო.
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7% შეადგინა.
გრაფიკი 2: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2012-2018 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, სექტორის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს). 2011 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯი 39.9 მლნ ლარი იყო, ეს მაჩვენებელი 2012 წელს 212.8 მლნ ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, 2012 წელს სოფლის მეურნეობა 3.8%-ით შემცირდა. 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯების წილი, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებით, საშუალოდ 2.5%-იყო, რაც 2018 წელს 1.8%-მდე შემცირდა, მიმდინარე წელს კი 1.7%-ით არის დაგეგმილი.
შეიძლება ითქვას, რომ 2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.