რეზიუმე: სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 8 ივლისს დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთს უკრაინული კომპანია „Road Building ALTKOM“ აშენებდა. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო და სამშენებლო პერიოდი 30 თვეს მოიცავდა. კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 18 338 910 ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იყო. „ალტკომს“ პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% (ხარვეზები შეინიშნება ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებშიც. ხიდების მშენებლობისთვის დაგებული ბეტონის ფილები დაიბზარა და ნაწილები თანდათან ერთმანეთს შორდება). შესაბამისად, პროექტი, რომელიც კომპანიას 2017 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა, ვერ დაასრულა.
2015 წლის ივლისში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 54.5 მილიონი ლარით შემცირდა. როგორც მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შეგელაშვილი განმარტავდა, ბიუჯეტის შემცირება მეტწილად სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობის ნელმა ტემპმა განაპირობა. „გამარჯვებული კომპანია „ალტკომი“ დაბალი ტემპით ასრულებს სამუშაოებს. ეს პრობლემური პროექტია და არ არის მოსალოდნელი, რომ წლის ბოლომდე ამ მოცულობის სამუშაოები შესრულდება. შესაბამისად, შემცირდა გეგმა ამ პროექტთან დაკავშირებით (41 მილიონით)“- განაცხადა შერგელაშვილმა.
2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე (პროექტის ხანგრძლივობა 2.5 წელი იყო), 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ კომპანია „ალტკომი“ სამუშაოებს მშენებლობის დაწყების ვერც ერთ ეტაპზე ჯეროვნად ვერ ასრულებდა და გეგმასთან მიმართებით მუდმივი ჩამორჩენა ჰქონდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 6 თვის თავზე გაუგზავნა (2017 წლის 18 ივლისს), ხოლო ავანსის თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 10 თვის გასვლის შემდეგ მიმართა. რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომისგან“ ავანსის დაბრუნებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი უარი რამდენჯერმე მიიღო, კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის საწარმოებლად მიმდინარე წლის 14 იანვარს საერთაშორისო კომპანია White & Case-ი დაიქირავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ორი წლის გასვლის შემდეგ დაიწყო.
საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს „ალტკომისგან“ ავანსის თანხის ამოსაღებად არაფერი გაუკეთებია, მან გარკვეული ქმედებები განახორციელა, თუმცა კონტრაქტის გაუქმებაც და კომპანია „ალტკომთან“ ავანსის თანხის დასაბრუნებლად სამართლებრივი დავის წამოწყება გაცილებით ადრე შეეძლო.
ანალიზი
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ისაუბრა და აღნიშნა: „სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს, უკრაინული კომპანიის მიერ მითვისებული იქნა დაახლოებით 45 მლნ ლარი ავანსად გაცემული სამინისტროს მხრიდან და 5 წლის განმავლობაში სამინისტრომ ვერაფერი გააკეთა თანხის უკან დასაბრუნებლად. ახლა, დაახლოებით 2 მლნ ლარის დახარჯვას აპირებთ სასამართლო დავისთვის უკრაინის სასამართლოში იმისთვის, რომ ეს თანხა დაბრუნდეს“.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის 51.5 კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც ოთხი ლოტისგან შედგება. პირველი - 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 8 ივლისს დაიწყო. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია „Road Building ALTKOM“ ახორციელებდა. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო და სამშენებლო პერიოდი 30 თვეს მოიცავდა.
„ალტკომმა“ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 18 338 910 ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა (ხარვეზები შეინიშნება შპს „ალტკომის“ მიერ ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებშიც. ხიდების მშენებლობისთვის დაგებული ბეტონის ფილები დაიბზარა და ნაწილები თანდათან ერთმანეთს შორდება იხ. ვიდეო).
ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში (პროექტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე) რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 54.5 მილიონი ლარით შემცირდა. როგორც მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შეგელაშვილი განმარტავდა, ბიუჯეტის შემცირება მეტწილად სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობის ნელმა ტემპმა განაპირობა. „გამარჯვებული კომპანია „ალტკომი“ დაბალი ტემპით ასრულებს სამუშაოებს. ეს პრობლემური პროექტია და არ არის მოსალოდნელი, რომ წლის ბოლომდე ამ მოცულობის სამუშაოები შესრულდება. შესაბამისად, შემცირდა გეგმა ამ პროექტთან დაკავშირებით(41 მილიონით)“, აცხადებდა მინისტრის მოადგილე.
2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე (პროექტის ხანგრძლივობა 2.5 წელი იყო), 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ კომპანია „ალტკომი“ სამუშაოებს მშენებლობის დაწყების ვერც ერთ ეტაპზე ჯეროვნად ვერ ასრულებდა და გეგმასთან მიმართებაში მუდმივი ჩამორჩენა ჰქონდა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება 2017 წლის 18 ივლისს გაუგზავნა.
რაც შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „ალტკომისთვის“ ჩარიცხულ ავანსის თანხას (18 338 910 ევრო), სამინისტროსვე ინფორმაციით, დეპარტამენტი თანხის დასაბრუნებლად სამართლებრივ ქმედებებს ახორციელებს როგორც თავად კომპანიის, ასევე, საბანკო გარანტიის გამცემი უკრაინული ბანკის (PSC PROMINVESTBANK) მიმართ. დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომს“ არაერთხელ მიმართა ავანსის დაბრუნების მოთხოვნით. ასევე, დეპარტამენტმა ორჯერ მიმართა საბანკო გარანტიის გამცემ ბანკს საბანკო გარანტიის ამოქმედების მოთხოვნით, თუმცა, ორივე შემთხვევაში დაუსაბუთებელი უარი მიიღო. გარანტმა ბანკმა შუამავალ ბანკს თანხის ჩარიცხვა არ დაუდასტურა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის 4 იანვარს საერთაშორისო კომპანია White & Case-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ „ალტკომისგან“ ავანსის თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებრივი პროცედურები უნდა განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის ინტერესები დაიცვას, რადგან საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესების მიხედვით, საბანკო გარანტიების მიმართ მოქმედებს გარანტიის გამცემი ბანკის ქვეყნის სამართალი. ამ შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკი მდებარეობს უკრაინაში და შესაბამისად, საბანკო გარანტიის მიმართ მოქმედებს უკრაინული სამართალი და სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს უკრაინაში. ხელშეკრულების ღირებულება 649 000 აშშ დოლარია.
თუ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მივყვებით, კომპანია „ალტკომს“ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობა 2017 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა. კომპანიამ წინასწარ 18 338 910 ევროს ოდენობის თანხა მიიღო (ავანსი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა (კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა). საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება 2017 წლის 18 ივლისს გაუგზავნა (ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 6 თვის თავზე), ხოლო ავანსის თანხის დაბრუნების მოთხოვნით ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ათი თვის გასვლის შემდეგ მიმართა. რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ალტკომისგან“ ავანსის დაბრუნებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი უარი რამდენჯერმე მიიღო, კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის საწარმოებლად მიმდინარე წლის 14 იანვარს საერთაშორისო კომპანია White & Case დაიქირავა (ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ორი წლის გასვლის შემდეგ).
უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ხუთი წელი არის გასული პროექტის დაწყებიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ კომპანია „ალტკომი“ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ამიტომ გაუგებარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი რატომ დაელოდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას და კომპანია „ალტკომთან“ კონტრაქტი ვადამდე რატომ არ შეწყვიტა ან რატომ დაიწყო ავანსის თანხის დასაბრუნებლად სამართლებრივი საქმის წარმოება კონტრაქტის ამოწურვიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „ალტკომისგან“ ავანსის თანხის ამოსაღებად არაფერი გაუკეთებია, თუმცა პროცესი რომ ძალიან ნელა მიმდინარეობს, ფაქტია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავანსის თანხა 18 338 910 ევროს შეადგენს, რაც იმდროინდელი კურსით დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტია და ეს თანხა დეპარტამენტს დასაბრუნებელი აქვს. ამის გარდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეში სამართლებრივი მომსახურების გასაწევად საერთაშორისო კომპანია დაიქირავა, რომლის მომსახურება ჯამში 1 799 027ლარი დაუჯდება.
2018 წლის ნოემბერში გამოვლინდა ახალი კომპანია („აკორდი“), რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების 76%-ის მშენებლობას განახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 მილიონი ლარია. სამუშაოების ვადად 24 თვეა განსაზღვრული.