იტვირთება

რეზიუმე: საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების ხელშეწყობისთვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებები გაწერილია მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის განკარგულებაში. დოკუმენტის თანახმად, სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის გაზით უზრუნველყოფის მიზნით, 209 მლნ ლარის ღირებულების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, წინასაპროექტო მოკვლევა და რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მიწოდება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა.

განკარგულების დანართი 1-ის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 2019 წელს დაგეგმილია საპროექტო, ხოლო 2020 წელს, სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების დანართი 4-ში კი ჩამოთვლილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 19 სოფელი, რომლებშიც მიმდინარე წელს წინასაპროექტო კვლევები უნდა განხორციელდეს.

დამკვიდრებული გაგებით, ტერმინი „გაზიფიცირება“ გულისხმობს მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას. განკარგულების მიხედვით, ხელვაჩაურის სოფლებში სამშენებლო სამუშაოები ძირითადად 2020 წელსაა დაგეგმილი. დოკუმენტის მე-8 მუხლში წერია, რომ სამუშაოები შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პროექტირების პროცესი გაცილებით სწრაფად განხორციელდეს და დაქსელვა უკვე 2019 წლის დასრულებამდე მოესწროს. თუმცა, განმცხადებელი ამბობს, რომ 2019 წელს მოხდება დაქსელვა, ხოლო როდის მოხდება გაზიფიცირება, არ აკონკრეტებს. აქედან გამომდინარე, განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპებს ფაქტ-მეტრი მომავალში დააკვირდება.

ანალიზი

2019 წლის 5 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, აგარისა და ყოროლისთავის მოსახლეობამ, გაზიფიცირების მოთხოვნით, აქცია გამართა. მოსახლეობის მოთხოვნებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: „2019 წელს დაგეგმილია არა მარტო ყოროლისთავსა და აგარის, არამედ კიდევ 11 სოფელის, სულ 13 სოფელის დაქსელვა და მოხდება ამ სოფლების გაზიფიცირება“.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 5 აპრილის გამოსცა № 791 განკარგულება საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისთვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. ამ განკარგულებით დამტკიცდა სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უნდა უზრუნველყოს 209 მლნ ლარის ღირებულების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე 223 დასახლებულ პუნქტში, 58 894 აბონენტის გაზით მომარაგების მიზნით. დოკუმენტში წერია, რომ კომპანიას საპროექტო, საპროექტო-სამშენებლო და სამშენებლო პროექტების განხორციელება ევალება. გარდა ამისა, მან 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეისწავლოს დოკუმენტში ჩამოთვლილი დასახლებული პუნქტების მდგომარეობა შემდგომი გაზიფიკაციის მიზნით, განახორციელოს წინასაპროექტო მოკვლევა და რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საჭირო რესურსების მოძიება და 2019, 2020 და 2021 წლებში შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება. ამავე დოკუმენტის მე-10 მუხლში კი წერია, რომ მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ საპროექტო, საპროექტო-სამშენებლო და სამშენებლო პროექტების სამუშაოების ნებართვების გაცემა და დასრულებული სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღება შემჭიდროებულ ვადებში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 64 სოფელია. აქედან, სრულად გაზიფიცირებულია 31 სოფელი, ხოლო 13 სოფლისთვის (მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 14 სოფლისთვის), რომელთა შორისაა აგარა და ყოროლისთავი, მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება. დანარჩენ 19 სოფელში წინასაპროექტო კვლევები ხორციელდება.

ცხრილი 1: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიკაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, 2019-2021 წლები

საპროექტო 2019 წელი

სამშენებლო 2020 წელი

წინასაპროექტო კვლევა 2019 წელი

ერგე

ერგე

მახო

ზედა ერგე

ზედა ერგე

სიმონეთი

ქვედა ჯოჭო

ქვედა ჯოჭო

კირნათი

ზედა ჯოჭო

ზედა ჯოჭო

შუშანეთი

კიბე (ოფე-დერე)

კიბე (ოფე-დერე)

კობალეთი

კაპნისთავი

კაპნისთავი

გვარა

აჭარისწყალი

აჭარისწყალი

ძაბლავეთი

ხერთვისი

ხერთვისი

მარადიდი

ევგენიძეები

ევგენიძეები

ზედა კირნათი

მაღლაკონი

მაღლაკონი

სინდიეთი

აგარა

აგარა

ქედქედი

მასაურა

მასაურა

აჭარისაღმართი

ყოროლისთავი

ყოროლისთავი

სკურდიდი

ცხემლარა

ქვედა ჩხუტუნეთი

ზედა ჩხუტუნეთი

ჩიქუნეთი

ქოქოლეთი

ქვედა ქოქოლეთი

წყარო: „სოკარ ჯორჯია გაზი“

ხელვაჩაურის გარდა, 2019 წელს საპროექტო სამუშაოები დაგეგმილია ქობულეთის ორ, ქედის ექვს და შუახევის ერთ სოფელში. იმავე სოფლებში 2020 წელს სამშენებლო სამუშაოებიც უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება წინასაპროექტო კვლევებს, ის აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის 202 სოფელში, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2770 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი