რეზიუმე: 2019 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 14 ივნისის მდგომარეობით, ხუთ-ნახევარ თვეში პროგრამის ხარჯი 778.5 ათას ლარს შეადგენდა.
2018 წელსაც პროგრამის ბიუჯეტის ათვისების პრობლემა იყო. აღნიშნული პრობლემა იმით გადაიჭრა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ წლის ბოლოს, დეკემბერში დიდი რაოდენობით მედიკამენტები შეიძინა და დაასაწყობა. სამინისტრო მიმდინარე წელს ბიუჯეტის შესრულების დაბალ მაჩვენებელს, სწორედ მედიკამენტების მარაგის არსებობით ხსნის და ვარაუდობენ, რომ პროგრამის ბიუჯეტს აითვისებენ. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გასული წლის მსგავსად, შესაძლოა 20 მლნ ლარის წამალი არ გაიხარჯოს.
ფაქტ-მეტრი მედიკამენტების პროგრამის მიმდინარეობას თვალს ადევნებს და ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. ჯანდაცვის სამინისტრომ განვლილ ხუთ-ნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა. 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება გადაამოწმა.
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გავრცელდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის (ტიპი II) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, პროგრამა პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები თითქმის სრულად უნაზღაურდებათ (თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს). პენსიონერები, შშმ პირები, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები კი მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, მედიკამენტების პროგრამა 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია). „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანი იყო რეგისტრირებული. მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს პროგრამაში ჩართულობის მაჩვენებელი მზარდია.
2019 წლის ბიუჯეტში „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის[i] დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით, 14 ივნისის მდგომარეობით, პროგრამის ხარჯი 778.5 ათასი ლარი იყო.
2018 წელს მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს პროგრამის რეალურმა ხარჯმა 7.6 მლნ ლარი შეადგინა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტის უდიდესი წილი 2018 წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები შეიძინა და დაასაწყობა (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა:„20 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება საჭირო ყველა გამოწვევას და სიახლეს რომ ვუპასუხოთ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს ავითვისებთ. პროგრამის ბიუჯეტი უმეტესად წლის მეორე ნახევარში იხარჯება, რადგან ბუფერით ვყიდულობთ. წლის დასაწყისში მედიკამენტების ნაწილი გადმოვიდა, შესაბამისად ხარჯვა წლის მეორე ნახევარში იქნება“.
ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს პროგრამის ფარგლებში უშუალოდ ბენეფიციარებზე გაწეულ ხარჯებს ზურაბ ჭიაბერაშვილი არასწორად ასახელებს. თუმცა, თუ ჯანდაცვის სამინისტროს ყოველთვიურ[ii] მონაცემებს დავაჯამებთ, რომელიც ეგზავნებოდა პარლამენტის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ფაქტია, რომ 2018 წელს ბენეფიციარებზე გაცემული მედიკამენტების საერთო ღირებულებამ 1.7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ მონაცემსაც სწორად ასახელებს.
[i] პროგრამული კოდი - 27 03 03 11
[ii] იხილეთ მედიკამენტების ღირებულება თვეების მიხედვით, იანვარ-მაისი; ივნისი; ივლისი-ოქტომბერი; ნოემბერი-დეკემბერი