იტვირთება

რეზიუმე: ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასებების სხვაობის სტატისტიკასრეგიონებსა და დედაქალაქს შორის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ამუშავებს. როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გამოცდაზე რეგისტრაციის დროს, როგორც წესი, აბიტურიენტები მათ საცხოვრებელთან ახლოს არსებულ საგამოცდო ცენტრს ირჩევენ, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია მიუთითონ სხვა საგამოცდო ცენტრიც, მაგალითად, რეგიონში მცხოვრებმა აბიტურიენტმა თბილისში ჩააბაროს გამოცდები ან პირიქით. რეგისტრაციის დროს არ ხდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მითითება, შესაბამისად, რეგიონებსა და დედაქალაქს შორის მიღებული ქულათა სტატისტიკის სხვაობის დამუშავება ცენტრის შესაძლებლობებს აღემატება. განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ არსებულ მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან იღებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამ ინფორმაციას არც სამინისტრო ფლობს.

დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ქულათა სხვაობაზე საუბრისას, მინისტრი შესაძლოა დაეყრდნო გამოცდების ცენტრის 2019 წლის კვლევის ანგარიშს: „სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში“. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ეს განცხადება წინ უსწრებდა აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებას, ვვარაუდობთ, რომ მინისტრს კვლევის შედეგებთან წვდომა მის გამოქვეყნებამდე ჰქონდა. ამ კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში ზოგადი უნარების გამოცდაში, თბილისის მოსწავლეების საშუალო ქულა 42.2-ია, ხოლო სოფლის სკოლების მოსწავლეების - 33.7. სხვაობა ამ ორ მაჩვენებელს შორის 8.5 ქულაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქალაქების შედეგები განსხვავებულია, კერძოდ, ქალაქებში მიღებული საშუალო ქულა 37.2-ია. სხვაობა თბილისსა და სხვა ქალაქებს შორის შეადგენს 5 ქულას. ამ მონაცემებით, რთულია იმის თქმა, რეალურად რამდენ ქულიანი სხვაობაა თბილისსა და რეგიონებს შორის, რადგან სხვა ქალაქები რეგიონებს ეკუთვნის და მათი მონაცემები სოფლის მონაცემებთან ერთობლიობაში არ აანალიზდება.

აღნიშნული კვლევის საფუძველზეც რთულია იმის განსაზღვრა თუ რეალურად რამდენია სხვაობა დედაქალაქის აბიტურიენტების მიერ მიღებულ ქულებსა და რეგიონების აბიტურიენტებს შორის. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი მინისტრის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

ანალიზი

მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი უნარების გამოცდის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მიზანი იყო, რომ დაესაბუთებინა ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის პრობლემატურობა, რის საჩვენებლადაც რეგიონსა და დედაქალაქში ამ გამოცდის საშუალო შედეგის სხვაობა დაასახელა. მისი განცხადებით: „დღევანდელი მონაცემებით, საშუალოდ, 8-9 ქულით არის განსხვავება ზოგად უნარებში, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების ერთ-ერთ წინაპირობად, ზოგადი უნარების გამოცდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებისთანავე, 2005 წელს დაინიშნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების 1-ლი გზამკვლევი ჯერ კიდევ 2004 წელს გამოაქვეყნა. ტერმინი ზოგადი უნარები ინფორმაციის ადეკვატური დამუშავების, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებული მიმართებების დანახვის უნარს გულისხმობს. ზოგადი უნარები განიხილება, როგორც ადამიანის ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე სათანადო და შესაბამისი რეაგირების უნარი, რისი მეშვეობითაც პიროვნება არსებულ გარემოსთან ადაპტირებას ახდენს. ზოგადი უნარების გამოცდა ადგენს აბიტურიენტის ცოდნას არა რომელიმე კონკრეტულ საგანში, არამედ ზოგადად, მისი პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების დონეს განსაზღვრავს.

2018 წელს ზოგადი უნარების გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხუთ ენაზე ჩატარდა, კერძოდ, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენებზე.

ქართულენოვან ზოგად უნარებზე დარეგისტრირებული იყო 33 674 აბიტურიენტი, მათგან საგამოცდო მინიმალური ზღვარი გადალახა 29 213-მა აბიტურიენტმა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 87%-ია. იგივე მაჩვენებელი რუსულენოვან გამოცდაში 86%-ია, სომხურენოვანში - 76%, აზერბაიჯანულენოვანში - 69%, ხოლო ოსურენოვანში - 25% (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: 2018 წელს ზოგადი უნარების სხვადასხვაენოვან გამოცდაში მონაწილე აბიტურიენტების რაოდენობა და მათი შედეგები

ზოგადი უნარების ენა

ქართული

აზერბაიჯანული

სომხური

ოსური

რუსული

მონაწილე აბიტურიენტების რაოდენობა

33 674

1 438

561

4

551

მინიმალური ზღვარი გადალახა

29 213

999

429

1

476

მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმადარჩა

4 461

439

132

3

75

წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 2005 წლიდან-დღემდე მზარდია იმ აბიტურიენტების პროცენტული წილი, რომლებიც ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდაში საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა რჩებიან. თუ 2005 წელს მათი პროცენტული წილი 0.3% იყო, უკვე 2018 წლისთვის მათი რაოდენობა 14% იყო. წლების მიხედვით აბიტურიენტთა რა პროცენტი ჩაიჭრა უნარების გამოცდაში იხ. ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: 2005-2018 წლებში ზოგადი უნარების გამოცდაში საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარსმიღმა დარჩენილი აბიტურიენტების პროცენტული წილი მათი საერთო რაოდენობიდან

წელი

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

%

0.3%

0.2%

0.3%

0.2%

9%

9%

7%

8%

9%

12%

13%

16%

12%

14%

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი; IDFI; Edu.aris.ge

როგორც ცხრილიდან ჩანს, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა, პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2016 დარჩა. 2009 წელს, წინა წლებთან შედარებით, ჩაჭრილი აბიტურიენტების პროცენტული წილი, საკმაოდ დიდი მაჩვენებლით გაიზარდა. ზოგადი ტენდენციაა, რომ წლიდან-წლამდე უნარების გამოცდა აბიტურიენტებს უფრო და უფრო უძნელდებათ.

რაც შეეხება უნარების გამოცდაზე რეგიონებსა და დედაქალაქს შორის მიღებულ ქულებს შორის სხვაობას, მსგავს სტატისტიკას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ამუშავებს. როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გამოცდაზე რეგისტრაციის დროს, როგორც წესი, აბიტურიენტები მათ საცხოვრებელთან ახლოს არსებულ საგამოცდო ცენტრს ირჩევენ, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია მიუთითონ სხვა საგამოცდო ცენტრიც, მაგალითად რეგიონში მცხოვრებმა აბიტურიენტმა თბილისში ჩააბაროს გამოცდები ან პირიქით. რეგისტრაციის დროს არ ხდება აბიტურიენტის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მითითება, შესაბამისად რეგიონებს და დედაქალაქს შორის მიღებულ ქულათა სხვაობის სტატისტიკის დამუშავება ცენტრის შესაძლებლობებს აღემატება. განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ არსებულ მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან იღებს, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციას არც სამინისტრო არ ფლობს.

დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ქულათა სხვაობაზე საუბრისას, მინისტრი შესაძლოა დაეყრდნო გამოცდების ცენტრის 2019 წლის კვლევის ანგარიშს: „სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში“. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ეს განცხადება წინ უსწრებდა აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებას, ვვარაუდობთ, რომ მინისტრს კვლევის შედეგებთან წვდომა მის გამოქვეყნებამდე ჰქონდა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში ზოგადი უნარების გამოცდაში, თბილისის მოსწავლეების საშუალო ქულა 42.2-ია, ხოლო სოფლის სკოლების მოსწავლეების - 33.7. სხვაობა ამ ორ მაჩვენებელს შორის 8.5 ქულაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქალაქების შედეგები განსხვავებულია, კერძოდ, ქალაქებში მიღებული საშუალო ქულა 37.2-ია. სხვაობა თბილისსა და სხვა ქალაქებს შორის შეადგენს 5 ქულას. ამ მონაცემებით, რთულია იმის თქმა, რეალურად რამდენ ქულიანი სხვაობაა თბილისსა და რეგიონებს შორის, რადგან სხვა ქალაქები რეგიონებს ეკუთვნის და მათი მონაცემების სოფლის მონაცემებთან ერთობლიობაში გაანალიზება არ ხდება. იმავე კვლევის მიხედვით, სხვაობაა კერძო და საჯარო სკოლების მონაცემებს შორისაც, თუ კერძო სკოლების აბიტურიენტების უნარებში მიღებული საშუალო ქულა 40.5-ია, საჯაროში იგივე მაჩვენებელი - 37.7-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა, რომელიც დროში დაემთხვა განათლების სამინისტროს ინიციატივას ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო კატეგორიიდან, არჩევით კატეგორიაში გადასვლას, გარკვეული თვალსაზრისით ეხმიანება მინისტრის განცხადებას, ფაქტ-მეტრს მაინც არ შეუძლია განცხადების ვერდიქტით შეფასება. თავად ეს კვლევაც, ადრე იმავე თემატიკაზე გამოქვეყნებულ სხვა კვლევების მიგნებებს აყენებს ეჭვქვეშ, რაც უპირველესად, იმ კვლევების შეზღუდვებით არის განპირობებული. შეზღუდვები აქვს წინამდებარე კვლევასაც, შესაბამისად, მხოლოდ ერთი კვლევის საფუძველზე, მსგავსი საკითხის გადაჭრით მტკიცება არარელევანტურად მიგვაჩნია.

ინფორმაციისთვის, მინისტრის და შესაბამისად, განათლების სამინისტროს ინიციატივით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და იგი არჩევით კატეგორიაში გადაინაცვლებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2838 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი