იტვირთება

რეზიუმე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის კუთვნილების პრობლემა, სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იღებს.

საბჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ, საზღვრის დემარკაცია[1] - დელიმიტაციის[2] პროცესი წლებია მიმდინარეობს. 20 წელზე მეტია ორ ქვეყანას შორის არსებობს ერთგვარი მორატორიუმი, რომ მომლოცველებმა და ტურისტებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე. მართალია პერიოდულად აზერბაიჯანის მხრიდან ხდებოდა შეზღუდვები, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კომუნიკაციის ფონზე, გადაადგილების პრობლემა მალევე გვარდებოდა.

ბოლო პერიოდში გარეჯის თემის გააქტიურება ნამდვილად პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა (რაც მან მოგვიანებით თავადაც დაადასტურა). აზერბაიჯანში ვიზიტისას, ზურაბიშვილმა საზღვრის საბოლოოდ დადგენის შესახებ განცხადა. შემდგომ, „ევროპა ნოსტრას“ [3] ექსპერტებთან ერთად გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას, ამ თემას ისევ შეეხო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რადგან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი 20 წელზე მეტია მიმდნარეობს, არ გამოვრიცხავთ, რომ ბოლო დროინდელი მოვლენების ინსპირაცია სხვა ფაქტორებიც ყოფილიყო და არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აქტივობები. შესაბამისად, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის „გაუაზრებელ, თუ განზრახ ნასროლ ფრაზებს“ მიაწერა, კომპლექსთან დაკავშირებული საკითხის გამწვავება.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს ძეგლი მე-6 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი 2.5 კილომეტრზეა განთავსებული და საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-რელიგიურ მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის კუთვნილების პრობლემა სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იღებს. ისტორიკოს ბექა კობახიძის განმარტებით, ამ დროს სათავეში იყვნენ ნაციონალისტ-უკლონისტები (ნაციონალისტ-უკლონისტები - ქართველ ბოლშევიკთა ნაწილი, რომელიც წინააღმდეგი იყო სამოკავშირეო სახელმწიფოში საქართველოს, როგორც ამიერკავკასიის ფედერაციის წევრის გაერთიანებისა). მათ შექმნეს კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საზღვრები, მათ შორის ზაქათალისა და დავით გარეჯის მონაკვეთებზე. თუმცა, შეუთანხმებლობის გამო, საკითხი განსახილველად რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს გადაეცა, რომელსაც სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა, დირექტივებს კი სტალინი იძლეოდა, რომელიც გახლდათ ეროვნებათა სახალხო კომისარი. 1921 წლის 15 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დაიდო სასაზღვრო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ზაქათალის ოკრუგი (საინგილო) და ყარაის ველი აზერბაიჯანის სსრ-ის ნაწილად იქცა. საზღვარმა გაიარა ქედზე და გარეჯის 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლიდან 3 (ბერთუბანი, ჩიჩხიტური, უდაბნო) აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას შემდეგ საქართველოს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, გარეჯის სრულ კომპლექსზე თავისი იურისდიქცია აღედგინა. 70-იან წლებში საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გარეჯის სანაცვლოდ ტერიტორიის გაცვლის თაობაზე იყო მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.

საბჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ, ყველა სახელმწიფომ სუვერენიტეტი იმ საზღვრებში გამოაცხადა, რაც საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის მომენტისთვის ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული, „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონით და კონსტიტუციით რეგულირდება. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.

1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია შეიქმნა. იმის გამო, რომ საზღვარზე აღნიშნული პროცესი წლებია მიმდინარეობს, ბოლო 20 წელზე მეტი ორ ქვეყანას შორის არსებობდა ერთგვარი მორატორიუმი, რომ მომლოცველებსა და ტურისტებს შეუფერხებლად შეძლებოდათ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე. პერიოდულად აზერბაიჯანის მხრიდან ხდებოდა შეზღუდვები. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა 2007 წელს დაწესდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედზე გადაადგილება გაამკაცრეს. ამავე პერიოდში მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საქართველოს და აზერბაიჯანსა შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ისაუბრა. ამ ხელშეკრულების მიხედვით სტრატეგიული სიმაღლეები რჩებოდა აზერბაიჯანელთა კონტროლის ქვეშ, ხოლო სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებში. შეზღუდვა ამოქმედდა 2012 წელსაც, როდესაც ვიზიტორებს გადაადგილება აუკრძალეს უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის მიმართულებით, თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა ადგილობრივ ბერებზე.პრობლემა მალევე მოგვარდა და 20 მაისს აზერბაიჯანულმა მხარემ შეზღუდვა მოხსნა.2012 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხს პრემიერი ივანიშვილი, 27 დეკემბერს ქ. ბაქოში ვიზიტის დროს შეეხო. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხი გადასაწყვეტია და რომ სამომავლოდ გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით.

საკითხის გააქტიურება 2019 წელს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტმა თავადაც აღნიშნა, რომ თემის აქტუალიზება მან მოახდინა. ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ საბოლოოდ უნდა დადგინდეს საზღვარი. შემდგომ,ევროპა ნოსტრასექსპერტებთან ერთად გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას შეეხო, სადაც აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხის გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტი დელიმიტაციის საკითხს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეეხო და დაადასტურა, რომ ვიზიტების ერთ-ერთ პრიორიტეტად მეგობარ ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაციის საკითხი დააყენა.

პრეზიდენტის ქ. ბაქოში და გარეჯის კომპლექსში ვიზიტების შემდეგ, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ადგილობრივ არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს უდაბნოს მონასტერში შესვლა აუკრძალეს. შეზღუდვის დაწესება წინა სააღდგომო პერიოდს დაემთხვა. სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკებზე ამკრძალავ ნიშნებს ამაგრებდნენ.

14 მაისს ქ. ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის განახლებულ სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელსაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მხარეები შეთანხმდნენ საზღვრის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ მონაკვეთთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციაზე. (სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ). მომდევნო შეხვედრაკვლავ ქ. ბაქოში 23-24 მაისს შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, ექსპერტების ჩართულობით, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე.

23 მაისს მაშინ, როცა საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა იმართებოდა, ადგილობრივი გიდის, ზვიად ანანიაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის მხარის მიერ ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის თაობაზე. მოგვიანებით, ლაშა დარსალიამ განმარტა, რომ აზერბაიჯანული მხარე ქედს მიღმა, თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებდა სამუშაოებს.

ზემოთ ხსენებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოყვა. კობახიძის თქმით, აზერბაიჯანში პრეზიდენტის განცხადებები იყო მისი „კერძო აქტივობა, რომელიც სამწუხაროდ, არ წაადგა მაინც და მაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას“.

ქართველი ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ გარეჯის კომპლექსის შეუთანხმებელი ტერიტორია აზერბაიჯანული მხარისათვის გარკვეულწილად სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოაგენს, საიდანაც ადვილად შესაძლებელია ვიზუალური კონტროლი. ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილის აზრით, ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხის გადაჭრისას შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ტერიტორიის გაცვლის პრინციპით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრისპირა ტერიტორიების ურთიერთგაცვლა აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

დღესაც, ისევე როგორც 2007 წელს, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს გარეჯის კომპლექსი ალბანურ ძეგლად წარმოაჩინოს (აზერბაიჯანულად კეშიქჩიდაღი), რომლის სამართალმემკვიდრეთაც თავს მიიჩნევენ. ეს საკითხი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქართველ სასულიერო, სამოქალაქო, ისტორიკოსთა და საექსპერტო წრეებში. რაც შეეხება აზერბაიჯანის პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანი ყოველთვის ემხრობა საზღვრის დელიმიტაციას პროცესის სწრაფად დასრულებას. აზერბაიჯანელი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შეუძლია დავით გარეჯი ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადოს და შექმნას მისი ერთობლივად მართვის სტრუქტურა.



[1] საზღვრის დემარკაცია - სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე

[2] საზღვრის დელიმიტაცია - საზღვრის დადგენის პროცესი, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებაში დაწვრილებით აღიწერება, თუ სად გადის სასაზღვრო ზოლი და ამ აღწერის შესაბამისად კეთდება აღნიშვნა რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია

[3] „ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2834 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი