იტვირთება

რეზიუმე: თურქეთის რესპუბლიკა, ჯერჯერობით, საქართველოს მეზობელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი დემარკირებულ-დელიმიტირებულია. საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია „საბჭოთა კავშირის“ არსებობის პერიოდშივე, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. პერიოდულად, მხარეები, საზღვრის ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ.

საქართველოს მხრიდან თურქეთისთვის შეუთანხმებელი ტერიტორიის დათმობის თაობაზე გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაცია, პირველად 2016 წლის აპრილში, თურქულმა მედიასაშუალება “Daily Sabah”-მა გაავრცელა. მას შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსი“ და ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება ამ საკითხზე ხშირად აპელირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ საკითხი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2016 წლის 20 აპრილს ექსპერტთა მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ, სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი მოინახულეს, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად.

მხარეთა მიერ საზღვრის პერიოდული მონიტორინგის პროცესი, სამწუხაროდ, შემდგომში მსგავსი არაჯანსაღი დისკუსიების წამახალისებელი ხდება.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, ირმა ინაშვილმა, საქართველოს საზღვრებსა და მიწის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა. არა მარტო წინა ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადაეცა, პირდაპირ ჩუქება მოხდა და ეს არის დანაშაული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ, თურქეთის რესპუბლიკისთვის მიწის შესაძლო ჩუქების საკითხი, მხოლოდ 2019 წელს გააქტიურებული თემა არ არის. აღნიშნული ინფორმაცია/ნიუსი 2016 წლიდან პერიოდულად აქტიურდება, ძირითადად, იმ კონტექსტში, რომ თურქეთი საქართველოს საზღვრებს არ ცნობს და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიას ქვეყნის ხელისუფლება ნებით თმობს. 2016-2019 წლებში ამ ინფორმაციას აქვეყნებდნენ ყალბი ამბების გავრცელებაში შემჩნეული ისეთი სააგენტოები, როგორიც არის, მაგალითად, „საქართველო და მსოფლიო“ და „თბილისი 24“. აღნიშნული სააგენტოები და მასთან აფილირებული ექსპერტები, საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით გამოირჩევიან თურქოფობიური დამოკიდებულებებითა და განწყობებით. პოლიტიკურ დისკურსში ამ საკითხის მთავარი გამააქტიურებელი „პატრიოტთა ალიანსია“. განსაკუთრებით გამოირჩევიან ირმა ინაშვილი და დავით თარხან - მოურავი, თუმცა, პერიოდულად, თემას სხვა პოლიტიკური ფიგურებიც ეხებიან (მაგალითად, 2018 წელს „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გელა ხუციშვილიმა, ამ საკითხზე საპრეზიდენტო დებატების დროს ისაუბრა).

პირველად აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა მედიასაშუალება „დეილი საბაშ“-მა (Daily Sabah) გაავრცელა. გამოცემის თანახმად, საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო.„დეილი საბაშ“-ის მტკიცებით, 2016 წლის აპრილში, თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სამინისტროს თქმით, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია[1]-დემარკაცია[2] დასრულდა „საბჭოთა კავშირის“ არსებობის პერიოდშივე, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია“. აქვე უწყებამ აღნიშნა, რომ ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. იმ პერიოდისათვის ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალსა და ქარზამეთისწყალზე ხორციელდებოდა სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. ამ მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდებოდა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის[3] მასალების მიხედვით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით ვარაუდობდა, რომ საკითხი თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2016 წლის 20 აპრილს ექსპერტთა მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ, სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი მოინახულეს, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშიც დაგვიდასტურა, რომ ქართულ და თურქულ მხარეთა მიერ, სახელმწიფო საზღვრად აღიარებულია სსრკ-თურქეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის ხაზი, რომლის დემარკაცია ბოლოს „საბჭოთა კავშირის“ პერიოდში განხორციელდა.

ჯერჯერობით, თურქეთი არის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი დემარკირებულ-დელიმიტირებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარის მიერ პერიოდულად ხორციელდება საზღვრის მონიტორინგი, რაც, სამწუხაროდ, შემდგომში მსგავსი არაჯანსაღი დისკუსიების წამახალისებელი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მას ყალბი უწოდა, აგრეთვე, არაერთმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციამ დაწერა ნიუსის სიყალბის შესახებ, მათ შორის ფაქტ-მეტრმაც (იხ. სტატია 1; სტატია 2), „პატრიოტთა ალიანსი“ აღნიშნული ინფორმაციით, დაუსაბუთებლად მაინც აპელირებს.



[1] საზღვრის დელიმიტაცია - საზღვრის დადგენის პროცესი, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებაში დაწვრილებით აღიწერება, თუ სად გადის სასაზღვრო ზოლი და ამ აღწერის შესაბამისად კეთდება აღნიშვნა რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია

[2] საზღვრის დემარკაცია - სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე

[3] რედემარკაცია - სასაზღვრო ნიშნების აღდგენა სახელმწიფო საზღვარზე


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2748 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი