საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, საქართველოს კანონით „გარემოს დაცვის შესახებ“, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებისგან. ამ კანონმდებლობით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.

ბათუმში, შანიძის 1-ელ ჩიხში, უკვე წლებია, რაც ბეტონის საწარმო ფუნქციონირებს. იქვე დაახლოებით 180 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე მეტრში კი მრავალსართულიანი კორპუსებია, თავისი საჯარო სკოლითა და საბავშვო ბაღით. საწარმოს ეზოში, ღია ცის ქვეშ, ყრია ინერტული მასალა (ქვიშა, ხრეში), რაც ჰაერის დაბინძურების წყაროა. დიდი რაოდენობით გაიფრქვევა მტვერი ცემენტის ჩატვირთვის დროსაც. ცნობილია, რომ მტვერი, ძირითადად, ცემენტის, გაჯისა და ასფალტ-ბეტონის საწარმოებიდან გაიფრქვევა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ეჭვობს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ, გარემოს დაცვის საკითხებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 2016 წლიდან საქართველოში იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომლის საქმიანობის შედეგადაც, წლის განმავლობაში, 200 ტონაზე მეტი არასახიფათო, 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, სავალდებულო გახდა გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრა.

ბათუმის აკ. შანიძის 1-ელ ჩიხში მდებარე საწარმოში, რომელსაც შპს "MIG" ფლობს, გარემოსდაცვითი მმართველი თემურ კონცელიძეა. ჩვენთან საუბარში მან დაადასტურა, რომ საწარმოში ცემენტის გაფრქვევის საკითხი მოსაწესრიგებელია. თავის მხრივ, საწარმოს მფლობელი გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს და ფილტრი უკვე შეიძინა, თუმცა ჯერ ვერ დაამონტაჟა.

ბეტონის საწარმოს შპს "MIG" 2018 წლის ოქტომბრიდან ფლობს. მანამდე ის ქარხანა შპს „გუმბათი ბეტონის“ (2016 წლამდე შპს „კანცერი“) საკუთრება იყო, რომელმაც ის გაყიდა. ჩვენ ამ პრობლემას პირველად სწორედ ყოფილი მფლობელის დროს, 2017 წელს შევეხეთ. მაშინ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან (ამჟამად ის დამოუკიდებელ სამინისტროდ აღარ ფუნქციონირებს) საჭირო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხიდან ირკვევა, რომ საწარმოს 2015 წლის 13 ოქტომბერს აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ საწარმოს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 300 მეტრი აშორებს. სინამდვილეში, ის პირდაპირ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, საწარმოსა და რამდენიმე მოსახლეს საერთო ღობე ჰყოფთ. იქვე ახლოს ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საწარმოდან ჰაერში გაიფრქვევა ცემენტის მტვერი, რომელიც წარმოიქმნება სილოსებში (ბუნკერებში) ცემენტის შეტუმბვისას და რეალიზაციის დროს. გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურების წყაროა ღია ცის ქვეშ დაყრილი ინერტული მასალა (ქვიშა, ღორღი). კვლევის მიხედვით, საწარმო, გარემოზე ზემოქმედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) შედგენას. დეპარტამენტის მიერ უახლოეს პერიოდში (იგულისხმება 2017 წლის მაისი, როცა ჩვენ პასუხი მივიღეთ) იგეგმებოდა შპს „გუმბათი ბეტონის“ საწარმოს ინსპექტირება, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების გაზომვა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, რა შედეგები აჩვენა საწარმოს ინსპექტირებამ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს პასუხით ირკვევა, რომ გაზომვები ჩატარდა და 2017 წლის 11 აგვისტოს შპს „ბეტონი გუმბათის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას - ჯარიმა 500-დან 1 000 ლარამდე, ხოლო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში - ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

უწყებამ გამოგვიგზავნა ინსპექტირების ოქმიც, რომელშიც წერია, რომ სინჯები აღებულია თხევადი ბეტონის მოზელისა და ბეტონმზიდში ჩატვირთვის დროს. აქედან გამომდინარე, დაადგინეს, რომ ჰაერში მტვრის მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას არ აღემატება. თუმცა, მოსახლეობის თქმით, სინჯები რომ სილოსებში ცემენტის ჩატვირთვის პროცესში აეღოთ, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ შესაბამის უწყებას აღარ შეუმოწმებია, შეამცირა, თუ - არა საწარმომ გარემოზე მავნე ზემოქმედება.

გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ არსებული სიტუაცია სახელმწიფოს უმოქმედობის ბრალია, რომელმაც სამრეწველო ზონაში ადამიანების ჩასახლების პროცესი არ შეაჩერა. ამ ტერიტორიაზე, ადამიანები 2000-იანი წლების დასაწყისში თვითნებურად დასახლდნენ. მოგვიანებით ხელისუფლებამ მათ ეს ადგილები დაუკანონა. როცა ხელისუფლებამ საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა, აქ უკვე რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობდა. გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ პრობლემის სრულყოფილად მოსაგვარებლად სახელმწიფომ მოსახლეობა უნდა გაიყვანოს და ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს, ან საწარმო უნდა დაიხუროს, ამის საშუალება კი არც ერთს არ აქვს. ის გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად ზაფხულის ბოლომდე ფილტრს დაამონტაჟებს. მომავალში კი საწარმოს სხვა ტერიტორიაზე გადატანას ეცდება.

ინფორმაციისთვის, ტექნიკური ანგარიში, რომელიც 2015 წლით თარიღდება, შეთანხმებულია აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ წულაძესთან, რომელიც უკვე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, საწარმოს ამჟამინდელი მფლობელები კი ამავე პარტიის შემომწირველები არიან, მათ 2016 წელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 35-35 ათასი ლარი გადარიცხეს.

პირველი შეხვედრისას აქაურ მოსახლეობას ვკითხეთ, რა იცოდნენ საკუთარი უფლებების, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ქვეყნისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ. მაშინ ადგილობრივმა მოსახლემ იამზე მჟავანაძემ გაიკვირვა: „როცა ქარხანა მუშაობს ისეთი მტვერია, რომ ევროპა კი არა, მეზობლის ეზო არ ჩანს და რომელ ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე ლაპარაკობთ?!“ დღეს უკვე იამზე ამბობს, რომ მან და მისმა მეზობლებმა ბევრი რამ გაიგეს და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაც ისწავლეს. საწარმო ამ ეტაპზე ნაკლები დატვირთვით მუშაობს და იმედი აქვთ, რომ უკეთეს შედეგს მიაღწევენ.

სტატია მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის - “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი