იტვირთება

რეზიუმე: ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას ასახავს. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან. მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებას, საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს.

2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა , რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7% შეადგენდა. 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.54-ჯერ შემცირდა, ხოლო 2011 წელთან შედარებით - 1.66-ჯერ, შესაბამისად, წინა მთავრობის პერიოდთან შედარებით, განახევრება არ ფიქსირდება.

ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრისას, უნდა განვიხილოთ ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან. 2018 წელს ექსპორტის ნომინალურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 3.3 მლრდ დოლარი (მშპ-ს 21%) შეადგინა, რაც მართლაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, პრემიერ-მინისტრს არ აღუნიშნავს, რომ იმპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა. გასულ წელს, როგორც 2012, ისე 2017 წლებთან შედარებით, გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი, ანუ იმპორტი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ექსპორტი, რაც აბათილებს პრემიერ -მინისტრის მიერ დასახელებულ ექსპორტის ზრდის დადებით ეფექტს.

შემოსავლები მომსახურებიდან და მოგზაურობიდან (ტურიზმიდან), ბოლო წლებში, ზრდადია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მოგზაურობის და მომსახურების [1]მონაცემები წარმოდგენილია საგადასახდელო ბალანსში, შემოსავლის, გასავლის და წმინდა მონაცემების სახით. წმინდა[2] ტურიზმისა და წმინდა მომსახურების მაჩვენებლები, მშპ-სთან მიმართებით, ასევე რეკორდულია. 2018 წელს წმინდა მომსახურება მშპ-ს 13.8%-ს შეადგენდა (2.2 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო წმინდა მოგზაურობა მშპ-ს - 16.6%-ს (2.7 მლრდ აშშ დოლარი).

ანალიზი

23 მაისს „ტვ პირველში“ სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „გავანახევრეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ექსპორტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შემოსავალი მომსახურების სფეროდან, მათ შორის ტურიზმიდან, ისტორიულ მაქსიმუმზეა“.

ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან.

მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა[3] და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად გრანტები, ფინანსური დახმარებები).

2018 წელსმიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 7.7% წარმოადგენდა. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.54-ჯერ შემცირდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან შესაბამისობაშია ის ფაქტი, რომ წმინდა მომსახურება და წმინდა ტურიზმი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მიმდინარე ანგარიშის დინამიკისთვის დადებითი ფაქტია, რადგან მეტი ვალუტის შემოდინება ხდება. მიმდინარე ანგარიშის დინამიკა გამოსახულია გრაფიკ 1-ზე.

გრაფიკი 1: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი

ასევე, ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრისას, უნდა განვიხილოთ ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან. 2018 წელს ექსპორტის ნომინალურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 3.3 მლრდ დოლარი (მშპ-ს 21%) შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, როგორც 2012, ისე 2017 წლებთან შედარებით, გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი, ანუ იმპორტი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ექსპორტი, რაც აბათილებს პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ ექსპორტის ზრდის დადებით ეფექტს. ასევე, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სავაჭრო დეფიციტის [4]ფარდობითი მაჩვენებელი, მთლიან შიდა პროდუქტთან 1.1%-ით.

გრაფიკი 2: ექსპორტის დინამიკა 2003-2019 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში შემოსავლები მომსახურებიდან და მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) ზრდადია და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. როდესაც მამუკა ბახტაძე საუბრობს რომ მომსახურების და ტურიზმის მაჩვენებლები რეკორდულია, მნიშვნელოვანია ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. წმინდა ტურიზმისა და წმინდა მომსახურების მაჩვენებლები, მშპ-სთან მიმართებით, მართლაც რეკორდულია. 2018 წელს წმინდა მომსახურება მშპ-ს 13.8%-ს შეადგენდა, ხოლო წმინდა მოგზაურობა მშპ-ს - 16.6%-ს.

გრაფიკი 3: წმინდა მომსახურებისა და ტურიზმი მუხლების (მლნ აშშ. დოლარი)

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი



[1] მომსახურების ანგარიში მოიცავს მომსახურებას, რომელიც გაუწიეს საქართველოს რეზიდენტებმა სხვა ქვეყნის რეზიდენტებს და პირიქით

[2] წმინდა მაჩვენებელი გვიჩვენებს სხვაობას შემოსავალებსა და გასავლებს შორის

[3] პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში

[4] ექსპორტს გამოკლებული იმპორტი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2780 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი