იტვირთება

რეზიუმე: 2018 წელს, 2013 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა რეალურად მხოლოდ 0.2%-ით არის გაზრდილი (აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობაში პროდუქციის მთლიანი გამოშვება, მუდმივ ფასებში). 2013-2018 წლებში მთლიანად ეკონომიკა რეალურად 21.5%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული აჩვენებს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები ბევრად სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა. ამის პარალელურად, 2012 წლიდან მზარდია სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაზე დახარჯული თანხები. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (ამ წლის ბიუჯეტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდია) გადასახდელებში, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი, 2.9%-მდე გაიზარდა, რაც 2011 წელს 0.6% იყო. სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტის გადასახდელებში 2017 წლამდე, 2%-ს აღემატებოდა, 2018 წლიდან კი დაფინანსების წილის შემცირება დაიწყო.

რაც შეეხება 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, ჯამში, ამ პერიოდში, სექტორი რეალურად 9%-ით შემცირდა, თუმცა ყოველწლიური შემცირება არ ყოფილა. 2005 წელს 11.7%-იანი ზრდა იყო. ასევე, 2007 წელს სოფლის მეურნეობა, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წელს - 8.5%-ით. ამდენად, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა მუდმივად არ მცირდებოდა.

მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სოფლის მეურნეობის მზარდი დაფინანსების გარეშე ეს სექტორი უფრო მეტად შემცირდებოდა, მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარაუდია. 2004-2012 წლებში როცა სოფლის მეურნეობის დაფინანსება ნაკლები იყო, ჯამში, სექტორი შემცირდა, როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე, მისი წილი მშპ-ში. 2013-2018 წლებში კი, გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებლებში და შემცირდა მხოლოდ წილობრივი მაჩვენებელი. ერთი შეხედვით, მაჩვენებლებს შორის კორელაცია ნაწილობრივ შეესაბამება მინისტრის განცხადების პათოსს, თუმცა მხოლოდ კორელაციის საფუძველზე მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობის მტკიცება, არ არის მართებული მიდგომა. აღნიშნულის დასადასტურებლად ან უარსაყოფად მეტად სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რაც სცდება მოცემული სტატიის ფარგლებს. შესაბამისად, მინისტრის განცხადების ამ ნაწილზე მსჯელობაში ფაქტ-მეტრი არ შედის.

ანალიზი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით (05:30 წთ-დან), „2013 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ჩვენ რომ არ დაგვეხარჯა ის თანხები რაც დავხარჯეთ, შემცირდებოდა. იმიტომ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე მუდმივი შემცირება გვქონდა სოფლის მეურნეობაში“.

2018 წელს, 2013 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა რეალურად მხოლოდ 0.2%-ით არის გაზრდილი (აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობაში პროდუქციის მთლიანი გამოშვება, მუდმივ ფასებში).

2004-2018 წლებში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყოველწლიური მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2005 და 2013 წლებში იყო, როცა სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით, 11.7% და 11.3% შეადგინა. 2013 წელს არსებული 11.3%-იანი ზრდის შემდეგ, ტემპი ყოველწლიურად იკლებდა და 2017 წელს, პირიქით, 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება გასულ წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 0.7%-ის ნიშნულზეა. თავის მხრივ, 2013 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ, ჯამში, მხოლოდ 0.2% შეადგინა, როცა ამავე პერიოდში მშპ-ს რეალური ზრდა 21.5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სექტორები უფრო სწრაფად იზრდება.

რაც შეეხება 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის დინამიკას, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა რეალურად 9.0%-ით შემცირდა. თუმცა, მინისტრის ნათქვამი 2004-2012 წლებში მუდმივ შემცირებაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2005, 2007 და 2011 წლებში სოფლის მეურნეობაში ზრდა დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის რეალური მაჩვენებელი; მშპ (მლნ ლარი; %)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საერთო ჯამში, 2004-2018 წლებში რეალური მშპ 102.8%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობა მხოლოდ 1.5%-ით. გარდა სოფლის მეურნეობისა, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის ყველა სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა იყო. ამდენად, საინტერესოა ვნახოთ ყოველწლიურად მშპ დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით და აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის წილი. 2004 წელს სოფლის მეურნეობის წილი ამავე წლის მთლიან ეკონომიკაში 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2011 წლამდე ყოველწიურად მცირდებოდა. 2010 წელის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 8.4% იყო. აღნიშნულ წელს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობას 16.8% ეკავა. გარდა ვაჭრობისა, მშპ-ში სახელმწიფო მმართველობის წილიც არსებითად 3.8% -დან 13.0%-მდე გაიზარდა. რას შეეხება შემდგომ პერიოდს, 2013 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილმა 9.4% შეადგინა, რაც მომდევნო წლიდან ყოველწიურად მცირდება და 2018 წელს მთლიან ეკონომიკის 7.7% უჭირავს. ამავე პერიოდში, ვაჭრობის წილი კვლავ იზრდებოდა, რამაც მთლიან ეკონომიკაში 17.0%-ს მიაღწია. აღნიშნული დარგის შემდეგ, მაღალი წილი დამამუშავებელი მრეწველობას უჭირავს, რომელსაც 2018 წლის მშპ-ში 10.5% უკავია. გარდა აღნიშნული დარგებისა, 2004-2018 წლებში მშპ-ში წილის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანად გაიზარდა მშენებლობის და საფინანსო სექტორები. ამდენად, აშკარაა, რომ ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში სხვა სექტორები გაცილებით სწარაფად ვითარდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა. უფრო მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004-2018 წლებში სოფლის მეურნეობა თითქმის არ გაზრდილა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლიდან დაიწყო (2012 წლიდან სექტორის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა). თუ 2011 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სფეროს ხარჯები 39.9 მლნ ლარი იყო, ეს მაჩვენებელი 2012 წელს 212.8 მლნ ლარამდე გაიზრდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მიუხედავად სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდისა, ამ წელს სექტორი 3.8%-ით შემცირდა, როცა წინა წელს დაფინანსების 5-ჯერ მატებამდე, 8.5%-იანი ზრდა იყო. 2012-2016 წლებში სოფლის მეურნეობის სფეროს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში, საშუალოდ, 2.5%-იანი წილი ეკავა, რაც 2018 წლიდან შემცირდა 1.8% -მდე და 2019 წლისთვის 1.7%-ით არის დაგეგმილი.

საერთო ჯამში, 2004-2018 წლებში, დაფინანსების განსხვავებული მოცულობის პირობებში სოფლის მეურნეობის ზრდა 1.5%-ია, როცა მთლიანი მშპ 102.8% არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება, სექტორში ზრდა თითქმის არ ყოფილა. ხოლო, მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სოფლის მეურნეობის მზარდი დაფინანსების გარეშე ეს სექტორი უფრო მეტად შემცირდებოდა, მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარაუდია. 2004-2012 წლებში როცა სოფლის მეურნეობის დაფინანსება ნაკლები იყო ჯამში სექტორი შემცირდა როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში ასევე მისი წილი მშპ-ში. 2013-2018 წლებში კი გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებლებში და შემცირდა მხოლოდ წილობრივი მაჩვენებელი. ერთი შეხედვით მაჩვენებლებს შორის კორელაცია ნაწილობრივ შეესაბამება მინისტრის განცხადების პათოსს, თუმცა მხოლოდ კორელაციის საფუძველზე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის მტკიცება ნაკლებად შესაძლებელია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2728 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი