რეზიუმე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მუხლზე 25 315 000 ლარია გათვალისწინებული. პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენისას, პირველი მოსმენის დროს, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე 20 301 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მოსმენებს შორის მუხლს დაახლოებით 5 მლნ დაემატა და საბოლოოდ, 25 315 000 მლნ დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენებს შორის ამ მუხლზე გამოყოფილი თანხა ამდენად გაიზარდა, არ შეცვლილა ჩამონათვალი თუ რის მიღწევას აპირებდა სამინისტრო ამ დაფინანსებით, შესაბამისად, გაუგებარია მოკლე დროში ეს ცვლილება რატომ განხორციელდა.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული მუხლი საერთოდ არ არის. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2018 წელს ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე 140 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2018 წლის არც ბიუჯეტის გეგმაში და არც შესრულებაში აღნიშნული თანხა არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელსაც, 2017 წლის მსგავსად, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა არ ხდებოდა.
ბუნდოვანია ის საკითხიც, თუ რომელი რეფორმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად აღნიშნული მუხლი. ზოგადი განათლების დაფინანსების ნაწილში, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ბევრი მსგავსი და გადამკვეთი აქტივობები ცალკეა გამოყოფილი, მაგალითისთვის, ცალ-ცალკეა წარმატებულ მოსწავლეთა წახალისებისა და განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მუხლები ან ზოგადი განათლების ხელშეწყობის და ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მუხლები. მსგავსი დიფერენცირებები რიგ გაუგებრობას იწვევს და ძნელი გასამიჯნია თუ რა თანხა, კონკრეტულად რა აქტივობას ხმარდება. შესაბამისად, რთულია განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯეფექტიანობის შეფასებაც.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა, პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მუხლზე ისაუბრა და განაცხადა: „2017 წელს ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა საერთოდ არ იყო. 2018 წელს - 140 ათასი იყო. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პირველი და მეორე მოსმენის დროს იყო 20 მლნ, მესამე მოსმენისას კი 5 მლნ დაემატა და 25 მლნ გახდა. ძალიან მნიშვნელოვანი სხვა აქტივობებია დასაფინანსებელი, ამ დროს საერთოდ არ არსებობდა ეს მუხლი და უცბად ჩნდება 20 მლნ და თან როგორ, მოსმენებს შორის 5 მილიონი ემატება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 750 460 000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის თანახმად, სკოლამდელი და ზოგადი განათლება (საბიუჯეტო კოდი 32 02) აერთიანებს შემდეგ მუხლებს: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება, განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად, ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება, ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ზოგადი განათლების ხელშეწყობა, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა, ელექტრონული სწავლება (eLearning) და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.
ბიუჯეტში ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მუხლი შემდეგ ქვეპროგრამებს მოიცავს: უნარ-ჩვევების განვითარება განათლების მომდევნო საფეხურზე წარმატებით მისაღწევად, სკოლამდელი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში განათლების სტანდარტის დანერგვა, სკოლამდელი განათლების შესაძლებლობის შესახებ მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა, ელექტრონული რესურსებისა და საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვა, სკოლებში უკაბელო ინტერნეტკავშირის (Wi-Fi) განვითარება და ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებების ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა, მისი სიჩქარის გაუმჯობესება.
განათლების სამინისტროს მიმდინარე ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნულ მუხლზე 25 315 000 ლარია გამოყოფილი. პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენისას, პირველი მოსმენის დროს, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე 20 301 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მოსმენებს შორის მუხლს დაახლოებით 5 მლნ დაემატა და საბოლოოდ, 25 315 000 მლნ დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენებს შორის ამ მუხლზე გამოყოფილი თანხა ამდენად გაიზარდა, არ შეცვლილა ჩამონათვალი თუ რის მიღწევას აპირებდა სამინისტრო ამ დაფინანსებით, შესაბამისად, გაუგებარია მოკლე დროში ეს ცვლილება რატომ განხორციელდა.
რაც შეეხება გასულ წლებს, განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული მუხლი საერთოდ არ არის, თუმცა ამ მუხლის შემადგენელ ერთ კომპონენტზე - ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებების ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა - 5 740 000 ლარია გამოყოფილი. ვივარაუდებდით, რომ მოსმენიდან მოსმენამდე დამატებული 5 მილიონი ლარი სწორედ ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული თანხაა, თუმცა მოსმენებს შორის შეიცვალა მხოლოდ თანხის რაოდენობა, მუხლის შიგნით განსახორციელებელი აქტივობები კი არ შეცვლილა, ვგულისხმობთ, რომ ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა პირველ მოსმენაზეც იყო გათვალისწინებული. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2018 წელს ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე 140 000 ლარი იყო გათვალისწინებული (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობაზე გათვალისწინებული დაფინანსება და 2018 წლის გეგმა
|
2017 წლის ფაქტი |
2018 წლის გეგმა |
2019 წლის გეგმა |
ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა |
0.0 |
140 000 |
25 315 000 |
ხარჯები |
0.0 |
140 000 |
7 961 0000 |
არაფინანსური აქტივების ზრდა |
0.0 |
0.0 |
17 354 000 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2019 წლის ბიუჯეტში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მუხლზე 2018 წელს გათვალისწინებული იყო 140 000 ლარი არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2018 წლის არც ბიუჯეტის გეგმაში და არც შესრულებაში ეს თანხა არ ჩანს.[1] რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელსაც, 2017 წლის მსგავსად, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა არ ხდებოდა. გაუგებარია, რას მოხმარდა 140 000 ლარი.
ბუნდოვანია ის საკითხიც, თუ რომელი რეფორმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად აღნიშნული მუხლი. ზოგადი განათლების დაფინანსების ნაწილში, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში ბევრი მსგავსი და გადამკვეთი აქტივობები ცალკეა გამოყოფილი, მაგალითისთვის, ცალ-ცალკეა წარმატებულ მოსწავლეთა წახალისებისა და განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მუხლები ან ზოგადი განათლების ხელშეწყობის და ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მუხლები. მსგავსი დიფერენცირებები რიგ გაუგებრობას იწვევს და ძნელი გასამიჯნია თუ რა თანხა, კონკრეტულად რა აქტივობას ხმარდება. შესაბამისად, რთულია განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯეფექტიანობის შეფასებაც.
[1] არც მოცემული საბიუჯეტო კოდით (32 02 14) და არც სახელით: ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა - 2018 წლის ბიუჯეტში ეს მუხლი არ იძებნება