იტვირთება

რეზიუმე: თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის (#135) ბრძანების საფუძველზე, ოფიცრის წოდების მქონე სამხედროებთან გაფორმებული კონტრაქტით, სამინისტრომ ამ პირების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. 2013 წლისთვის სამინისტროს ასეთი ვალდებულება 2 361 ფიზიკურ პირთან, მოქმედ და დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურესთან გააჩნდა.

2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 1 602 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდა. ამჟამად, თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება კიდევ 759 მოქმედ თუ ყოფილ სამხედრო პირთან გააჩნია. დარჩენილი სამხედრო პირების ბინებით დაკმაყოფილება 2020 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე ისაუბრა და განაცხადა: „სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 1 634-მა ოჯახმა ისარგებლა. დარჩენილ 728 სამხედროს კი ბინები 2020 წლამდე გადაეცემათ“.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს კანონის („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“) მე-14 მუხლით და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულების (# 493) 46-ე პუნქტით რეგულირდება. აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით, სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. ბინებით უზრუნველყოფის წესი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებითგანისაზღვრება.

თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის (#135) ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2 361 ფიზიკურ პირთან (მოქმედ და დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებთან) გააჩნდა (31-ე გვერდი).

პრეზიდენტის 2014 წლის 4 აპრილის (#441) ბრძანების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროში შექმნილია კომისია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს. თავდაცვის მინისტრის 2016 წლის (#608) ბრძანებაში „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, განსაზღვრულია კრიტერიუმები შესაბამისი ქულათა რაოდენობით, რომლის საფუძველზეც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა ხდება:

  • ნამსახურეობის წლები - 1.5 ქულა ნამსახურობის ერთ წელზე;
  • გარდაცვალება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას - 50 ქულა;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება/მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 45 ქულა;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი - 40 ქულა;
  • სოციალური დახმარების „საარსებო შემწეობის“ მიმღები ოჯახის წევრი - 35 ქულა;
  • მრავალშვილიანის სტატუსი ან არასრულწლოვანი შვილის ყოლა, რომლესაც დადგენილი აქვს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“ სტატუსი - 30 ქულა;
  • პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა - 25 ქულა;
  • პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა, როდესაც ის სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით - 20 ქულა;
  • პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ქონა, რომელიც არ არის გაცემული სახელმწიფოსგან - 15 ქულა.

ამდენად, მინისტრის აღნიშნული ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. ზემოთ მოცემულ ქულათა ჯამური რაოდენობა განსაზღვრავს სამხედროების ბინებით დაკმაყოფილების რიგითობას, ანუ პირველ ეტაპზე ხდება ყველაზე მაღალი ქულის მქონე სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება და ასე თანმიმდევრობით.

კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 1 602 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდა. ამჟამად თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის საფუძველზე ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება კიდევ 759 მოქმედ, თუ ყოფილ სამხედრო პირთან გააჩნია. დარჩენილი სამხედრო პირების ბინებით დაკმაყოფილება 2020 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2780 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი