წნორში დაიწყო 8 მილიონიანი პროექტი, რომლის შედეგადაც, 2016 წელს წნორის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი

რეზიუმე: 2014 წელს ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა, რომ 2016 წელს წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფიციალური ინფორმაციით, წნორის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის (2014 - 2018 წლებში) 11 მილიონ 238 ათასი ლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, აღნიშნული თანხა პროექტის დასასრულებლად არასაკმარისი აღმოჩნდა და ძირითადად ქსელის გაკეთებას მოხმარდა.

წნორის მაცხოვრებლებს წყალი ამჟამადაც გრაფიკით (6-8 საათით) მიეწოდებათ. წნორში სიღნაღის მერის წარმომადგენლის, მიხეილ კუტიბაშვილის განცხადებით, წნორის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ მიმდინარე წლის მაისში დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი პროექტის ღირებულება 4 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოები კი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წნორის წყალმომარაგების საკითხს ფაქტ-მეტრი წლის ბოლოს კვლავ დაუბრუნდება.

ანალიზი

წნორის მოსახლეობას 24 საათიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2014 წლიდან პირდებოდა. მთავრობის დაპირებების ამსახველი ბანერის ფოტო ფაქტ-მეტრს მკითხველმაც მიაწოდა, რომელიც მისივე თხოვნით გადავამოწმეთ.

წნორში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, არჩილ ცაბუტაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 თვეში (2016 წელს) უნდა დასრულებულიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წნორში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ზიმო“ ახორციელებდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პროექტი ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

2016 წლის ივლისში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტი 2017 წლის თებერვალში დასრულდებოდა, თუმცა დაპირება კვლავ არ შესრულდა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციით, წნორში 2014 წელს დაიწყო და 2018 წელს ნაწილობრივ დასრულდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. კონტრაქტის ფარგლებში მოეწყო ქუჩებში გამავალი ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 2 337 აღრიცხვის კვანძი. აშენდა 2 ცალი რეზერვუარი. დასრულდა სატუმბი სადგურის, საქლორატოროს და მართვის ოთახის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 11 238 124 ლარი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ფასთა სხვაობა განიცადა, რის გამოც, აღნიშნული თანხა პროექტის დასასრულებლად არასაკმარისი აღმოჩნდა.

წნორში სიღნაღის მერის წარმომადგენლის, მიხეილ კუტიბაშვილის განცხადებით, წნორის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტი სამუშაოების დაწყებისთანავე (2014 წელი) ორ ეტაპად იყო გაყოფილი. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხა პროექტის დასრულებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები კი მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. მისივე ინფორმაციით, წნორის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპის ღირებულება 4 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოები 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ შპს „ზიმო“, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში (2015-2017 წლებში) ხეების გადატანის სამუშაოებს ახორციელებდა, 2017 წლის 11 ივლისს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში იქნა შეყვანილი. შპს „ზიმომ“ არასრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ვანის გამგეობამ ჯერ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან დადებული ხელშეკრულება, შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ასევე არ შეასრულა თბილისში, ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობის პროექტი, რომლის განსახორციელებლად მას ქალაქის მერიამ წინასწარ გადაურიცხა 1 მილიონი ლარი; ასევე, ოზურგეთში, სოფელ ლაითურში მშენებარე საპატიმროში წყლის შეყვანის პროექტი.

ფაქტ-მეტრს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს, რომ სამუშაოების დროში შეფერხების მიუხედავად, გასული ოთხი წლის განმავლობაში შპს „ზიმომ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.