იტვირთება

რეზიუმე: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 2014 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით მზარდია. 2018 წელს კომპანიის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ 154 მლნ ლარამდე შეადგინა და არა 166 მილიონი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ყველაზე მეტი თანხა ნამდვილად 2018 წელს დაიხარჯა. გარდა ამისა, კომპანიის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 9.1%-ით არის გაზრდილი, და არა 30%-ით, როგორც მინისტრი აღნიშნავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს 10 435 აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება და არა 82 000-ს. წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდიც ახორციელებს. თუმცა, ამ განცხადების ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი კონკრეტულად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტზე და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს. ასეც რომ არ იყოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებიც იგულისხმებოდეს, ფონდი 2018 წლიდან დღემდე გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენების პროექტს ახორციელებს. ყველა პროექტი დასრულებულიც რომ იყოს, 17 სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 70 000 აბონენტს რომ ვერ შეეხებოდა, ცხადია (თითოეულ სოფელში 1 000 ოჯახიც რომ ცხოვრობდეს, აბონენტების აღნიშნულ რაოდენობას მაინც ვერ მივიღებთ). რაც შეეხება 2019 წელს, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებით წყალმომარაგება დამატებით კიდევ დაახლოებით 174 112 აბონენტს უნდა გაუუმჯობესდეს. ჯამში, 2020 წლისთვის გამართული წყალმომარაგებით, სავარაუდოდ, ჯამში 513 298 აბონენტი ისარგებლებს.

ანალიზი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა: „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს იყო 166 მილიონის ხარჯი, ანუ ინვესტიცია წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემაში, რაც ასევე წინა პერიოდთან მიმართებით იყო ყველაზე მაღალი ინვესტიცია ამ დარგში. 2019 წელს 30%-ით არის გაზრდილი მხოლოდ ამ კომპანიის ბიუჯეტი. 2018 წელს განხორციელებული პროექტებით 82 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. ყველა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჯამში 430 000 ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება“.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, მისი პარტნიორი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საშუალებით, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

ცხრილი 1: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 2013-2018 წლებში

წელი

გეგმა

ფაქტი

შესრულება

2013

50 000 000

23 040 551

46%

2014

40 000 000

51 488 524

128.72%

2015

80 000 000

88 654 170

110.81%

2016

119 750 000

109 992 145

91.85%

2017

120 000 000

121 947 860

101.62%

2018

150 000 000

153 881 283

102.58%

2019

163 700 000

-

-

წყარო: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

როგორც ცხრილიდან ჩანს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 2014 წლიდან მზარდია. ბოლო წლებში კომპანიის ბიუჯეტის ფაქტობრივი ხარჯი ყველაზე მეტი 2018 წელს იყო (154 მლნ ლარამდე), თუმცა არა 166 მილიონი ლარი, როგორც მინისტრი ამბობს. ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლის გეგმიურ და ფაქტობრივ მონაცემებთან შედარებით, მართლაც გაზრდილია, შესაბამისად 9.1% და 6.4%-ით. მინისტრი ამ შემთხვევაშიც ცდება და კომპანიის მიმდინარე ბიუჯეტის ზრდას გადაჭარბებულად აფასებს.

ფაქტ-მეტრმა ასევე გააანალიზა, თუ როგორ გაიზარდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტის წილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით.

გრაფიკი 1: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტის ხვედრითი წილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით 2013 წლიდან 0.76 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი. რაც შეეხება კომპანიის ბიუჯეტის ხვედრით წილს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 2013-2018 წლებში 0.18%-დან 0.37%-მდე გაიზარდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2013-2018 წლებში წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ აბონენტთა რაოდენობა შემდეგია:

ცხრილი 2: 2013-2018 წლებში წლიურად დამატებული წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების და წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების ჯამური რაოდენობა

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

დამატებული

-

17 380

7 333

10 721

10 354

4 254

10 435

სულ

278 709

296 089

303 422

314 143

324 497

328 751

339 186

წყარო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი აბონენტების ჯამური რაოდენობა 339 186-ია. აქედან, 2013-2018 წლებში 60 477 ახალი აბონენტი დაემატა. ხოლო 2018 წელს 10 435 აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. მათივე ინფორმაციით, 2013-218 წლებში კომპანიამ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა მესტიის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, ქალაქ ქუთაისსა (I ფაზა) და ქალაქ ფოთში. ამჟამად კომპანია წყალმომარაგება-წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის 25 პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარეობს და ჯამური ღირებულება 900 მილიონ ლარამდეა. ახალი სისტემების მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც წყლის მიწოდების გრაფიკს, ასევე წყლის ხარისხს. 2019 წელს კომპანია დამატებით 22 ინფრასტრუქტურული პროექტს დაიწყებს. 2020 წლამდე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაგეგმილია ქალაქ ქუთაისში (II ფაზა), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ქალაქ ზუგდიდში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ქალაქ ჭიათურაში, ქალაქ აბაშაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში და ქალაქ თელავში. დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, სავარაუდოდ, გამართული წყალმომარაგება დამატებით კიდევ 174 112 აბონენტს ექნება. როგორც ვხედავთ, 2019 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, გაცილებით მეტ აბონენტს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, ვიდრე წინა წლებში, რაც იმით აიხსნება, რომ წინა პერიოდთან შედარებით, გაცილებით მეტი პროექტია უკვე დაწყებული (25) და დამატებით კიდევ 22 პროექტის დაწყებაა დაგეგმილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2858 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი