იტვირთება

2014 წელს ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაანონსა, რომ კახეთის რეგიონის ქალაქებში მაცხოვრებლებს ორ წელიწადში 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ. თუმცა, დასრულებული სამუშაოების და დახარჯული 65 მილიონ 162 994 ათასი ლარის მიუხედავად, უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ ქალაქ გურჯაანს და დედოფლისწყაროს აქვთ. ექვს ქალაქში კი, ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს.

დღეისთვის, ახმეტაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალი 10 საათიანი გრაფიკით (დილის 7-დან 12 საათამდე და საღამოს 7-დან 12 საათამდე) მიეწოდება. მსგავსი გრაფიკით იღებენ წყალს სიღნაღში. თელავის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 4-5 საათიანი გრაფიკით, საგარეჯოს მაცხოვრებლებს კი, 3-4 საათიანი გრაფიკით აქვთ. ოთხშაბათის გარდა, ქალაქში წყალი 24 საათიანი გრაფიკით მოდის ქალაქ ლაგოდეხში, სადაც უწყლობის პრობლემა მხოლოდ წვიმების დროს არის, როცა სათავე ნაგებობის ინფრასტრუქტურა ზიანდება. საუბნო ონკანებიდან წყალს 6-8 საათიანი გრაფიკით იღებს წნორის მოსახლეობა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 ივნისს, საქართველოს წყლის ხარისხის გაუმჯობესებისა და 200 000-მდე ადამიანისთვის წყლის უწყვეტი მიწოდების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე-მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს ევროკავშირის დაფინანსების ხელშეკრულებას.

იმავე დღეს, საქართველოს 28 ქალაქის წყლის უწყვეტად მიწოდების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. აღნიშნულ წყალმომარაგების გეგმაში შედიოდა კახეთის რეგიონის შემდეგი ქალაქები: წნორი, გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, ყვარლი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური.

წნორის მოსახლეობის 24 საათიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველადი ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. 2016 წლის ივლისში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტი 2017 წლის თებერვალში დასრულდებოდა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს ნაწილობრივ დასრულდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ქუჩებში გამავალი ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 2 337 აღრიცხვის კვანძი. აშენდა 2 ცალი რეზერვუარი. დასრულდა სატუმბი სადგურის, საქლორატოროს და მართვის ოთახის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 11 238 124 ლარი.

სიღნაღის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, წნორის წყალმომარაგების პროექტი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიღნაღში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ქალაქის 12 ქუჩაზე მოეწყო ქსელი განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით და დამონტაჟდა 250 აღრიცხვის კვანძი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 1 342 203 ლარი.

პროექტის მიხედვით, შესასრულებელი დარჩა 3 ცალი ჭაბურღილის მოწყობა, საქლორატოროს მშენებლობა ტექნოლოგიური ნაწილით, საშიბერო კამერის მშენებლობა კვანძების მოწყობით, მორიგე-მეთვალყურის ოთახის მშენებლობა და დარჩენილი მაგისტრალური ქსელის მოწყობა. ახალი დაპირების თანახმად, 2019 წლის ბოლოსთვის წყლის პრობლემა სიღნაღშიც უნდა გადაიჭრას.

საგარეჯო - 2014 წლის ზაფხულში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საგარეჯოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პროექტის შესახებ. პროექტის ვადების მიხედვით, სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო და საგარეჯოში, ონკანებიდან უწყვეტი წყალი უკვე უნდა მოდიოდეს. როგორც ფაქტ-მეტრს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ აცნობეს, 2018 წელს ნაწილობრივ დასრულდა ქ. საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო მაგისტრალური ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით აღრიცხვის კვანძების გარეშე. პროექტის სრულყოფისათვის საჭიროა საორიენტაციოდ 3 500 აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ქალაქის ნორმალური წყალმომარაგებისათვის ახალი 2 000 მ3- იანი რეზერვუარის მშენებლობა, არსებული 5 რეზერვუარის კაპიტალური შეკეთება და კერძო ბინებთან ერთად კორპუსების გამრიცხველიანებაც. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 8 641 627 ლარი.

წყალმომარაგების კომპანიის საგარეჯოს სერვის-ცენტრის დირექტორის, ზაქრო ელერდაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ქალაქ საგარეჯოს მაცხოვრებლები წყალს ყოველდღე, 3-4 საათიანი გრაფიკით იღებენ. საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა ჩალათშვილის განცხადებით, ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ახმეტა - 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო ახმეტის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ქ.ახმეტაში მოეწყო მაგისტრალური ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 2 580 აღრიცხვის კვანძი. გრიშაშვილის ქუჩაზე N1 რეზერვუართან აშენდა საქლორატორო და ყაზბეგის ქუჩაზე N2 რეზერვუართან აშენდა მორიგე-მეთვალყურის შენობა. ჭართალის ხეობაში დრენაჟის დაცვის მიზნით 280 გრძ. მეტრზე შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილობრივი რიყის ქვით. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 10 637 246 ლარი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, ახმეტის მოსახლეობას წყალი გრაფიკით, დილის 7-დან 12 საათამდე და საღამოს 7-დან ღამის 12 საათამდე მიეწოდება. მისივე თქმით, ამჟამად პროექტის ფარგლებში, დაქლორვის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ლაგოდეხში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. როგორც კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცნობით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ქ. ლაგოდეხში და 5 სოფელში (შრომა, კავშირი, რაჭის უბანი, გელათი, დავითიანი) მოეწყო მაგისტრალური ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით და დამონტაჟდა 3 850 აღრიცხვის კვანძი. მოეწყო 3 ცალი ჭაბურღილი. აშენდა 1 ცალი რეზერვუარი. ორივე რეზერვუართან პროექტის შესაბამისად მოეწყო სატუმბი სადგურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სერვის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობას და მორიგე მეთვალყურის შენობას. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 9 426 414 ლარი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი დასასრულს უახლოვდება.

ამავე კომპანიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ოფიციალური მონაცემებით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია თელავში სამ ეტაპად განხორციელდა.

თელავსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროექტიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ამჟამად თელავის მოსახლეობას წყალი დღე გამოშვებით 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. კურდღელაურში კი ახალი მილები სახლებამდეა მიყვანილი, თუმცა გაუმართაობის გამო წყალი გადაკეტილია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, თელავსა და სოფელ კურდღელაურში 2018 წლებში ნაწილობრივ დასრულდა რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო ქუჩებში გამავალი ქსელები განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა 3 144 აღრიცხვის კვანძი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 7 052 132 ლარი.

2016-2017 წლებში განხორციელდა ქ. თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაცია. პროექტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა - 3 437 817 ლარი. 2017 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს თელავში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება არის 12 689 558.03 ლარი.თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სრულად 2020 წელს უნდა დასრულდეს.

დედოფლისწყარო - 2015-2016 წლებში, განხორციელდა „ნიკორციხის ხევში“ ჰორიზონტალური დრენაჟის მშენებლობის, შემკრები ჭის და სადაწნეო მილსადენის მოწყობის I და II ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ორივე ეტაპის სამუშაოებისთვის შეადგენდა - 697 873 ლარს.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013-2018 წლებში წნორში, სიღნაღში, საგარეჯოში, ახმეტაში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, თელავსა და კურდღელაურში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 65 162 994 ლარი დაიხარჯა. აქედან, კომპანიის ცნობით, სამუშაოები სრულად მხოლოდ დედოფლისწყაროში დასრულდა.

გურჯაანში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. 3 500 000 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი 14.5 კილომეტრიანი მაგისტრალური ქსელის ამოცვლას ითვალისწინებდა. როგორც ფაქტ-მეტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, შორენა ბაზერაშვილმა უთხრა, გამრიცხველიანება მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა და ქალაქის მოსახლეობას წყალი 24 საათი მიეწოდება.

ყვარელში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 2011 წლის დეკემბრის თვეში დასრულდა 690 137 ლარის ღირებულების პროექტი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური მილსადენს სიგრძით 4 700 მ, მოეწყო კანალიზაციის სისტემა საერთო სიგრძით 1 300 მ. როგორც ფაქტ-მეტრს ა(ა)იპ წყალმომარაგებაში განუცხადეს, ყვარელი ბუნებრივი წყლით მარაგდება, რის გამოც, წყალმომარაგების პრობლემა არასოდეს იდგა. შესაბამისად, გარდა ზემოაღნიშნულისა სხვა, ახალი პროექტი არ განხორციელებულა.

ფაქტ-მეტრი კახეთის წყალმომარაგების თემას კვლავ დაუბრუნდება და გადაამოწმებს, ამჯერად მაინც, დასრულდება თუ არა დროულად დაგეგმილი სამუშაოები.


მსგავსი სიახლეები

2751 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი