იტვირთება

2019 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) და ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვეს. მათ მრჩეველთა საბჭოს 16-გვერდიანი წერილით მიმართეს, რომელშიც საუბარია, რომ დირექტორი პატივს არ სცემს საბჭოს და მასთან არ თანამშრომლობს. წერილში გაკრიტიკებულია შესყიდვების პროცედურები და სახელფასო პოლიტიკა. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დირექტორი უგულებელყოფს კანონით დადგენილ ნორმებს და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, რომელთა კომპეტენციაც არ გააჩნია. ნათია კაპანაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მაუწყებლის მაყურებლის რაოდენობა განახევრდა - ნათქვამია წერილში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდს საყვედურები მუდმივად თან ახლდა. დირექტორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინაც ითქვა, რომ პროცესი გარედან იყო მართული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ კოლეგებს ერთადერთ საკითხში ეთანხმება - კომუნიკაციის ნაკლებობა დირექტორის მხრიდან. მენეჯმენტში პრობლემების არსებობაზე ისიც მიუთითებს. იმედაიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ორივე მხარის არგუმენტების მოსმენისა და შეფასების შემდეგ მიიღებს.

მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტი მიუღებელია მათთვისაც, ვინც ამბობს, რომ მენეჯმენტში პრობლემები არსებობს, თუმცა ამ პრობლემების გადაწყვეტა, მათი აზრით, არ საჭიროებს ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას. მათი ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელი გახდა, რასაც ქართული თუ უცხოური ორგანიზაციებიც აღიარებენ. ისინი დადებითად აფასებენ არხის სამაუწყებლო პოლიტიკას. მაგალითად: ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულად და ობიექტურად აშუქებდა საარჩევნო პროცესებს (გვ. 35), ხოლო Human rightswatch-ის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში რადიო თავისუფლების იმ ორი გადაცემის შეტანა, რომლებსაც საქართველოს ცენტრალურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტები აღარ გაუგრძელა. იმავე წელს, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დააჯილდოვა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები. დაჯილდოებულთა შორის ნათია კაპანაძეც მოხვდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგში, რომელიც 2016-2018 წელს მოიცავდა, აღნიშნულია, რომ არხი ჩამოყალიბდა მიუკერძოებელ და დაბალანსებულ მაუწყებლად ძლიერ პოლარიზებულ მედიაგარემოში, თუმცა პრობლემად რჩებოდა სიღრმისეული გაშუქება.

რაც შეეხება შენიშვნას დირექტორის მიერ საბიუჯეტო სახსრების არასწორად განკარგვის შესახებ, ნათია კაპანაძეს კონტრარგუმენტად დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა მოჰყავს, რომელშიც 2017 წლის პერიოდია შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაუწყებლის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას. თუმცა აღნიშნულია, რომ არსებობს დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების წესში. ამ და სხვა ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აუდიტის მიერ, გაცემულია ათი რეკომენდაცია, რომლებშიც, ძირითადად, აღნიშნულია, რომ აუცილებელია შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

რატომ შეიძინა იმპიჩმენტის საკითხმა პოლიტიკური კონტექსტი

საზოგადოების ნაწილმა იმპიჩმენტის მოთხოვნა შეაფასა, როგორც ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ნათია კაპანაძე 2016 წლის დეკემბერში სამწლიანი ვადით დაინიშნა. მას უფლებამოსილება ექვს თვეში ისედაც უნდა შეუწყდეს. რატომ ჩქარობს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი და არის, თუ - არა ეს მათ მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება? საკითხები, რომლებზეც წერილშია საუბარი, მხოლოდ დირექტორის კომპეტენცია არ არის და პასუხისმგებლობა მრჩეველთა საბჭოზეც ნაწილდება. თუმცა პრობლემები შიგნით ვერ მოგვარდა და ტელევიზიის კედლებს გასცდა, რაშიც საბჭოს წევრების ნაწილი კაპანაძეს ადანაშაულებენ. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებას დირექტორის ვადაზე ადრე გაშვებით ჟურნალისტებზე ზეგავლენის მოხდენა სურს. ამით ის მომავალი არჩევნებისთვის მაუწყებლის გაკონტროლებას ცდილობს. სხვადასხვა დროს მედიის წარმომადგენლების ყურამდე აღწევდა ინფორმაციები, რომ ხელისუფლება ტელევიზიის კრიტიკული ტონით უკმაყოფილო იყო. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი დაინტერესდა კიდეც, რატომ აშუქებდა „აჭარის ტელევიზია“ კრიმინალს, თუ ამას პოლიტიკური კონტექსტი არ ჰქონდა. ხელისუფლება თავის დამოკიდებულებას იმითაც გამოხატავდა, რომ გადაცემაში სტუმრობაზე უარს ამბობდა.

ინფორმაცია, რომ უმრავლესობას მაუწყებლის გაკონტროლება სურდა, ჯერ კიდევ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შერჩევის პროცესში გავრცელდა. უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი 2018 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ძალიან მალე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავდა. სულ მალე უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევანს გიგა ჩხარტიშვილზე აკეთებდა.

კითხვები ირაკლი დარცმელიძის პოზიციამაც გააჩინა. რატომ მოითხოვა მან დირექტორის იმპიჩმენტი ოპოზიციასთან შეუთანხმებლად, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან დარცმელიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარცმელიძის პოზიციას გაემიჯნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა გია აბულაძემ განაცხადა: „როგორც ჩანს, პირადმა ინტერესებმა სძლია ამ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოების ინტერესებსა და მომავალს“. დარცმელიძის ასეთი საეჭვო დუმილი კიდევ ერთ მოლოდინს აჩენს: შესაძლოა საზოგადოების, მედიისა და მესამე სექტორის რეაქციამ მასზე გავლენა მოახდინა და ის ახლა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით უნდა გადაწყვიტონ. სამი წევრის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. სანამ ჩვენ ვმსჯელობთ, ვინ იქნება მესამე, შესაძლოა, იმპიჩმენტის მსურველებმა მეორე ხმაც დაკარგონ. სხვათა შორის, დარცმელიძე 16 აპრილს გამართულ სხდომას არ დაესწრო, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის გამო და იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 19 აპრილამდე გადაიდო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ განცხადებაში მოყვანილია არგუმენტი, რომ მაუწყებლობის 2016 წელს მე-8 პოზიციაზე იყო, ხოლო 2019 წელს მე-16 პოზიციაზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საუბარია მრჩეველთა საბჭოს მოთხოვნით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც არის საბჭოს მიერ შესყიდული მთვლელი კომპანია „კანტარ მედიას“ კომპიუტერული მაგენერირებელი პროგრამა Instar Analytics. ეს მონაცემები მოხვდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2018 წლის ანგარიშში. ამ ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს „აჭარის ტელევიზიას“, საშუალოდ, წუთში უყურებდა 2 765 ადამიანი, 2017 წელს - 1 625, ხოლო 2018 წელს - 1 417 ადამიანი. კლება 51.24%-ს შეადგენს. თუმცა, საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის - კომპანია „თი-ვი-ემ-არ“-ის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, საშუალო წლიური შედეგით, აჭარის ტელევიზიას მე-8 ადგილი ეკავა. 2017 წელს უკვე მე-9 ადგილზეა, 2018 წლის დეკემბერში, შუა თვეში, კვლავ მე-9 ადგილზე, 2018 წელს მაუწყებელი მე-10 ადგილით ამთავრებს. 2019 წელს, ბოლო მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას მე-10 ადგილი უჭირავს.

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. უმეტესობა იმპიჩმენტს არა ნათია კაპანაძის, არამედ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად აღიქვამს. თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი უარყოფითად აფასებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ორი წევრის მიერ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს. ამ პოზიციას მედიის წარმომადგენლებიც იზიარებენ.საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მენეჯმენტში განვითარებული მოვლენები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ დააზიანებს.

იმპიჩმენტის საკითხმა უშუალოდ ტელევიზიაში დასაქმებულებშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ჯერ ოპერატორების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი გაფიცვას აპირებდნენ, რადგან უკმაყოფილო იყვნენ ანაზღაურებით, რომელიც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური არ იყო. ხოლო, 17 აპრილს კიდევ ერთი ახალი განცხადება გავრცელდა, რომელსაც ხელს 103 თანამშრომელი აწერს. ისინი ამტკიცებენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ნათია კაპანაძის მონაპოვარი არ არის და სიტყვის თავისუფლება მას შემდეგაა უზრუნველყოფილი, რაც არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა.

„აჭარის ტელევიზიის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტი ადამიანის ინტერესს იწვევს. მათი დიდი ნაწილი საკითხს პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს და არ გამორიცხავს, რომ სწორედ დირექტორის იმპიჩმენტის პარალელურად ხდება მაუწყებლის თანამშრომლების მობილიზება ნათია კაპანაძის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც პოლარიზებულ მედიაგარემოს.


მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი