რეზიუმე: ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, საერთაშორისოდ მიღებული ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). მშპ არის, წლის განმავლობაში, ქვეყნის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო ღირებულება. წლიდან წლამდე, რაც უფრო მაღალი ტემპით იზრდება ქვეყნის მშპ, მით უფრო დადებითად აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

2018 წელს საქართველოს რეალური[1] მშპ 4.7%-ით გაიზარდა. მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წელს 1.9% შეადგინა, გერმანიის მშპ 1.5%-ით, დიდი ბრიტანეთის 1.4%-ით, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში მშპ გაიზარდა 2.9%-ით. ამდენად, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დასახელებული მონაცემები ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა ისინი ფაქტობრივ მაჩვენებლებს რომც შეესაბამებოდეს, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ასეთი ფორმით შედარება განვითარებულ ქვეყნებთან, არაფრისმომცემი და შეცდომაში შემყვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საბაზო ეფექტი. კერძოდ, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტულ სხვაობას იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. მაგალითად, თუ A მოქალაქეს შემოსავალი 2017 წელს შეადგენდა 100 ლარს და 2018 წელს აღნიშნული შემოსავალი გაეზარდა 190 ლარამდე, ხოლო B მოქალაქეს შემოსავალი იყო 1 000 ლარი და გაეზარდა 1 800 ლარამდე, პროცენტულად A მოქალაქის შემოსავალი გაიზარდა 90%-ით, ხოლო B მოქალაქის შემოსავალი 80%-ით. კითხვაზე, თუ რომელი მათგანის წელი იყო შედარებით წარმატებული, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან A-ს ფინანსური რესურსი პროცენტულად უფრო სწრაფად გაიზარდა, მაგრამ B-ს ბიუჯეტი უფრო მეტი თანხით შეივსო. მსგავსი ვითარებაა ქვეყნებს შორისაც, მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკის თუნდაც დაბალი პროცენტული ზრდაც კი, თანხობრივად ძალიან დიდი მაჩვენებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ აუთვისებელი ეკონომიკური რესურსების/პოტენციალის გამო, განვითარებად ქვეყნებს ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვთ და მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები როგორც წესი, შედარებით მაღალია.

შესაბამისად, ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით შეფასებისთვის, მიზანშეწონილია შედარება მეტ-ნაკლებად მსგავსი მახასიათებლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, შედარებითი ანალიზისათვის არსებითად განსხვავებული ეკონომიკური განვითარების დონის მქონე ქვეყნების შერჩევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შედარება განვითარებული ქვეყნების მშპ-ს ზრდასთან, არაფრისმომცემია და ამ შემთხვევაში მანიპულაციური, რადგან მსმენელს წარმოდგენა ექმნება, რომ ეკონომიკური დინამიკა და კონიუქტურა ამ პერიოდში საქართველოში უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში და საქართველოს პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ განვითარებული ქვეყნები განვითარებით ჩვენზე წინ არიან.

ანალიზი

2019 წლის 8 აპრილს,დიანა ტრაპაიძის გადაცემა დღის ამბებში სტუმრობისას, პარტიაქართული ოცნებისწევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: „გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარების ტემპი არის 1.17%. ჩვენია 4.5%, დიდი ბრიტანეთის 2%- არ აღემატება, ხოლო 1.2% აშშ- განვითარების ტემპია. ასე რომ, ჩვენი 4.5%, ორჯერ და სამჯერ მეტია მათზე. ეს ქვეყნები რომ ბევრად წასულია წინ, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი განვითარების 2-3% არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებს 2 და 3 წელში დავეწევით. ათჯერ და ოცჯერ ვართ ჩამორჩენილი, ამიტომჭირდება ოთხჯერ და ხუთჯერ სწრაფად განვითარება. დღევანდელი განვითარების ტემპით, საქართველოორჯერ და სამჯერ უსწრებს საშუალოდ ევროპულ სახელმწიფოებს. ეს არის ობიექტური მახასიათებლები და ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით ამის თაობაზე“.

ეკონომიკური მდგომარეობის და ქვეყნის კეთილდღეობის აღმნიშვნელი საერთაშორისოდ მიღებული ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). მშპ არის წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება. წლიდან წლამდე, რაც უფრო მაღალი ტემპით იზრდება ქვეყნის მშპ, მით უფრო დადებითად აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

2018 წელს საქართველოს რეალური მშპ 4.7%-ით გაიზარდა, გერმანიის მშპ -1.5%-ით, დიდი ბრიტანეთის -1.4%-ით, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში-2.9%-ით. ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დასახელებული ზრდები, ფაქტობრივ მაჩვენებლებს ბოლომდე ზუსტად არ შეესაბამება. დასახელებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ზუსტიც რომ იყოს, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების განვითარებულთან ასეთი ფორმით შედარება არაფრისმომცემია.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საბაზო ეფექტი. კერძოდ, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტს იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. მაგალითად, განვიხილოთ მოქალაქე A და მოქალაქე B-ს შემოსავლების ცვლილება, რომელიც ცხრილ 1-შია ასახული. აღნიშნულ მაგალითში, მოქალაქე A-ს შემოსავალი 90 %-ით გაიზარდა, მოქალაქე B-ს შემოსავალი კი 80 %-ით, თუმცა, მოქალაქე B-ს შემოსავლის ზრდა მოქალაქე A-სთან შედარებით, 790 ლარით მეტია. კითხვაზე, თუ რომელი მათგანის წელი იყო შედარებით წარმატებული, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან A-ს ფინანსური რესურსი პროცენტულად უფრო სწრაფად გაიზარდა, მაგრამ B-ს ბიუჯეტი უფრო მეტი თანხით შეივსო.

ცხრილი 1: ნომინალური და პროცენტული ცვლილების მაგალითი

მთლიანი შიდა პროდუქტის შედარებითი ანალიზისას მნიშვნელოვანია ანალიზის გაკეთება მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. შედარებისთვის რელევანტურია მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის განხილვა ერთ სულზე, გამოსახული საერთაშორისო დოლარში (PPP). PPP მაჩვენებელი, მშპ-ს კორექტირებას ახდენს ფასების დონის მიხედვით.
საქართველოს მშპ 2018 წელს დაახლოებით 41 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-ს მშპ 20.9 ტრილიონ აშშ დოლარს და მისი ეკონომიკის თუნდაც დაბალი პროცენტული ზრდაც კი, თანხობრივად ძალიან დიდი მაჩვენებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ აუთვისებელი ეკონომიკური რესურსების/პოტენციალის გამო, განვითარებად ქვეყნებს ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვთ და მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც წესი, შედარებით მაღალია.

ცხრილი 2: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე საერთაშორისო დოლარში (PPP), 2017-2018 წლებში

წყარო: საერთაშორისო მონეტარული ფონდი

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საერთაშორისო დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობრივი ზრდა მეტია განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში, თუმცა პროცენტული ზრდით საქართველო ლიდერობს, საბაზო ეფექტის გამო.

ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპი განვითარებულ ქვეყნებში, გამოწვეულია ეკონომიკური ეფექტით, რომელიც ე.წ. „კლებადი ზღვრული უკუგების კანონის“ სახელით არის ცნობილი. რაც გულისხმობს, რომ წარმოების ფაქტორის (მაგ. ადამიანური რესურსი, კაპიტალი) ყოველი დამატებით ერთეული, ნაკლები შედეგის მომტანია. განვითარებული ქვეყნები არსებულ წარმოების რესურსებსა და ტექნოლოგიებს თითქმის სრულად იყენებენ და ახლოს არიან გამოშვების ზედა ზღვართან, შესაბამისად შემდგომი ზრდის შესაძლებლობა შეზღუდულია. განვითარებული ეკონომიკები იზრდებიან სწრაფად მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი რაც არსებული რესურსების მეტად ეფექტურ გამოყენებას ხდის შესაძლებელს, ან პოსტკრიზისულ პერიოდში, როცა ისინი უბრუნდებიან წარმოების კრიზისამდელ დონეს, დროებითი ვარდნის შემდგომ. თავის მხრივ, განვითარებადი ქვეყნები შორს არიან გამოშვების ზედა ზღვრიდან, არასრულად იყენებენ წარმოების რესურსებს ან განიცდიან მათ ნაკლებობას (ძირითადად ტექნოლოგიებისა და კაპიტალის). შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა პოტენციალის სრულად ათვისებით, განვითარებული ქვეყნებიდან ტექნოლოგიების კოპირებითა და კაპიტალის მოზიდვის გზით, მიაღწიონ შედარებით მაღალ ე.წ. „დამწევ ზრდას“ (catch-up growth[2]).



[1] ინფლაციით კორექტირებული

[2] მსგავსი თეორიული შესაძლებლობის არსებობა არ ნიშნავს, რომ ყველა განვითარებადი ქვეყანა პრაქტიკაში მის რეალიზებას ახერხებს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია