იტვირთება

რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სტაციონარული წყაროებიდან (არამოძრავი წყაროები, როგორებიცაა: ფაბრიკა-ქარხნები, შინამეურნეობები და სხვა) ქვეყნის ატმოსფერული დაბინძურების ყველაზე დიდი წილი, 41%, იმერეთის რეგიონზე მოდიოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, უშუალოდ სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვეული ნივთიერებების რა წილი მოდის ჰაერის დაბინძურებაზე იმერეთის ცალკეულ ქალაქებში, აღრიცხული არ არის. თუმცა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზოგადი მონიტორინგის (რომელიც აერთიანებს როგორც სტაციონარული წყაროებიდან ჰაერის დაბინძურების დონეს, ასევე მოძრავი წყაროებიდან - ტრანსპორტი) 2017 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმერეთის რეგიონში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში. რაც შეეხება ტყიბულს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზოგადი ინდიკატორული კვლევის თანახმად, ნივთიერებების კონცენტრაციები დაბალ დონეზეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰაერის მონიტორინგის სამსახური ჰაერის დაბინძურების შესახებ ავტომატური სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. თუმცა, ვინაიდან 2018 წლის ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ეროვნულ დონეზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საშუალო მონაცემების შესახებ ვერ ვისაუბრებთ.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2017 წლის მონაცემებით, თბილისზე მოდის ატმოსფერული დაბინძურების 4.1% და იმერეთის რეგიონზე - 41%. იმერეთის რეგიონში უდიდესი წილი არის ჭიათურაზე და ტყიბულზე“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2017 წელს, სტაციონარული წყაროებიდან (ქარხნები, შინამეურნეობები და სხვა) ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი, 41%, იმერეთის რეგიონზე მოდიოდა. ამ მხრივ შემდეგია ქვემო ქართლი - 25.4%, შიდა ქართლი - 15.3%, თბილისი - 4.1%. ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების - 14.2% მოდის.

დიაგრამა 1: რეგიონების წილი სტაციონარული წყაროებიდან ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში, 2017 წელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმის შესახებ, თუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რა წილი მოდიოდა სტაციონარული წყაროებიდან იმერეთის ქალაქებზე, ფაქტ-მეტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ჰაერის დაბინძურების თითოეული სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გროვდება, თუმცა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სხვა წყაროებიდან (ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების სექტორები, შინამეურნეობები და ა.შ.) გაფრქვევის აღრიცხვა ხდება მხოლოდ ეროვნულ დონეზე. ამას საწყისი სტატისტიკური ინფორმაციის მხოლოდ ეროვნულ დონეზე არსებობა განაპირობებს. შესაბამისად, იმერეთის რეგიონის ქალაქებისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში სტაციონარული წყაროებიდან დაბინძურების წილი დადგენილი არ არის და აღნიშნული ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს. იმერეთის რეგიონის ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში სტაცინარული წყაროების წილის ამსახველი მონაცემების შესახებ ფაქტ-მეტრი თავად განცხადების ავტორს, სერგი კაპანაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან სათანადო წყარო ვერ მოგვაწოდა.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონის ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზოგად მაჩვენებელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის წელიწდეულის თანახმად, ავტომატური სადგურების[1] მეშვეობით ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ხორციელდებოდა ზესტაფონში, ქუთაისსა და ჭიათურაში. სამტრედიაში, საჩხერესა და ტყიბულში კი, ინდიკატორული[2] გაზომვის მეშვეობით. საშუალო წლიური მონაცემის მიხედვით, ზესტაფონის ჰაერის დამაბინძურებლებიდან მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას 2-ჯერ აღემატებოდა, ხოლო მანგანუმის დიოქსიდი - 1.5-ჯერ. ქუთაისში მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ დონეს 3.6-ჯერ აღემატებოდა. ნახშირჟანგის კი - 2.6-ჯერ. აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდის მაჩვენებლები ნორმაში იყო. ჭიათურის ავტომატურ სადგურზე გაზომილი ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია 1.1-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას.

რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხოლოდ ინდიკატორული გაზომვა ხდება, სამტრედიაში, ქალაქის ორ წერტილში ჩატარებული 15 ინდიკატორული გაზომიდან, ყველგან დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდისა და ოზონის დაბალი ინდექსები. აზოტის დიოქსიდის დაბალი ინდექსი დაფიქსირდა 6 შემთხვევაში, ხოლო საშუალო - 2 შემთხვევაში. საჩხერეში ჩატარდა 16 ინდიკატორული გაზომვა ქალაქის ორ წერტილში. ყველგან დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ოზონის დაბალი ინდექსები. რაც შეეხება ტყიბულს, ქალაქის ორ წერტილში ჩატარდა 16 ინდიკატორული გაზომვა, რის შედეგადაც ყველგან აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ოზონის დაბალი ინდექსები დაფიქსირდა.

შესაბამისად, 2017 წელს, სტაციონარული წყაროებიდან ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონზე მოდიოდა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზოგადი მაჩვენებლის კუთხით კი, აღნიშნულ რეგიონში ყველაზე დაბინძურებული ქალაქებია ქუთაისი, ზესტაფონი და ჭიათურა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის დაბინძურება ისეთი დაავადებების გამომწვევ მიზეზად სახელდება, როგორებიცაა, კიბო, გულის ავადმყოფობები, ინსულტი და რესპირაციული დაავადებები (მაგ. ასთმა). ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რაც ქუთაისსა და ზესტაფონში დაფიქსირდა, განსაკუთრებული რისკის შემცველია ფილტვისა და გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. მრავალმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ნაადრევი სიკვდილი, გულის შეტევა, არარეგულარული გულისცემა, ასთმა, ფილტვის გაუარესებული ფუნქციონირება, ისეთი რესპირატორული სიმპტომების მომატება, როგორებიცაა სასუნთქი გზების გაღიზიანება, ხველა, გართულებული სუნთქვა. მანგანუმის დიოქსიდმა, რომლის ჰაერში კონცენტრაციაც ზედა დასაშვებ ზღვარს ზესტაფონში 1.5-ჯერ აღემატება, შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, პნევმონია, ძლიერი თავის ტკივილი, მეტყველების დარღვევა, ბრონქიტი, ჰალუცინაციები, ქცევითი აშლილობა. მანგანუმისა და მისი შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში კონცენტრაცია ძირითადად იმ ქალაქებშია მომატებული, სადაც მანგანუმის ან ფოლადის ინდუსტრიებია. იმ ქალაქებში, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის (რომლის კონცენტრაციაც ქუთაისშია მომატებული) შემცველობა ზედა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, სუნთქვა გართულებულია. მისმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერში სხვა მავნე ნივთიერებების დონის მატებაც. ჰაერში აზოტის დიოქსიდის მაღალი შემცველობა კი, რომელიც ჭიათურაშია მომატებული, ართულებს ფილტვის ფუნქციონირებას და ზრდის ისეთი რესპირატორული დაავადებების რისკს, როგორებიცაა ბრონქიტი და ფლეგმონა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები.



[1] ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგურებით გაზომვა დამაბინძურებლების კონცენტრაციის ინდექსს საათობრივად გვიჩვენებს, რაც, შესაბამისად, მონაცემის სიზუსტეს ზრდის

[2] ინდიკატორული გაზომვისას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ამ შემთხვევაში ორი კვირა) წინასწარ შერჩეულ ადგილებზე განათავსებენ მილაკებს, სადაც ჰაერის შედინება ფიზიკური პროცესით (როგორიცაა დიფუზია) ხდება. აღნიშნული მილაკები წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ანალიზთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სინჯებს. სინჯების შეგროვება ხელით ხდება, რის შემდეგაც მიმდინარეობს მათი ლაბორატორიული ანალიზი. მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობის შეფასება ხდება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემით, რომლის მიხედვითაც, თითოეული დამაბინძურებლისთვის დგინდება დაბინძურების 10 დონე (1-3 დაბალი ინდექსი, 4-6 საშუალო, 7-9 მაღალი, 10 - ძალიან მაღალი)


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი