ამჯერად გიამბობთ, როგორ გაიხარჯა 102 400 ლარი იმ სკვერების მოსაწყობად, რომლებიც, სინამდვილეში, ეკლესიების ეზოები აღმოჩნდა.

2018 წლის 6 დეკემბერს ბათუმის მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია სკვერების შესახებ - რომელ წელს რა ღირებულების სამუშაოები ჩატარდა სკვერების კეთილმოწყობის მიზნით. ადრესატის მიერ მოწოდებული პასუხი შეიცავდა მონაცემებს 2016-2019 წლებში უკვე დასრულებული სამუშაოების ხარჯის შესახებ, ასევე, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე.

ფაქტ-მეტრი მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში მითითებულ მისამართებზე მივიდა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. 6 ა-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ სკვერი არ არის, რაც ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრებმა მოსახლეობამაც დაგვიდასტურა. კეთილმოწყობილი სკვერი ვერც შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში ვიპოვეთ.

ინფორმაცია აღნიშნული ტენდერების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მოვიძიეთ. გაირკვა, რომ 171 492 ლარიანი ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT170006338) ბათუმის მერიამ 2017 წლის 8 ივნისს გამოაცხადა. მასში ოთხი პრეტენდენტი ჩაერთო. ყველაზე დაბალი ფასი შემსყიდველს ი/მ გოჩა ქირათელიძემ შესთავაზა, თუმცა მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა და 158 890-ლარიანი ხელშეკრულება შპს „მშენებელთან“ გააფორმა.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „ქ. ბათუმში, ი. ჯავახიშვილის 6 ა-ს მიმდებარედ, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა“. ხელშეკრულება დასრულებულია და ეს ნიშნავს, რომ იქ მცხოვრებლებს დასასვენებელი და გამწვანებული ადგილი უნდა ჰქონდეთ. ფაქტ-მეტრს ამ მისამართზე სკვერი - არა, მაგრამ რამდენიმე ისეთი ტერიტორია დახვდა, რომლებიც აშკარად მოსაწესრიგებელია.

ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, სიტუაციაში მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით გავრკვეულიყავით. თუმცა, სამსახურის უფროსმა სულხან ევგენიძემ ჯერ გვითხრა, რომ ეს სამუშაოები მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ განხორციელებულა და ამიტომ, ინფორმაციას არ ფლობს. შემდეგ დაგვპირდა, რომ საქმეში გაერკვეოდა. ვთხოვეთ, რომელიმე წარმომადგენელი ადგილზე მოსულიყო, მაგრამ გვიპასუხა, რომ თანამშრომლები ობიექტებზე იყვნენ გასული. მოგვიანებით ჩვენ მას ტელეფონით კვლავ დავუკავშირდით. რადგან ჩვენს ზარს არ უპასუხა, კითხვა - იყო, თუ - არა მითითებულ ადგილას სკვერი, ელექტრონული შეტყობინების სახით გავუგზავნეთ. მან ჩვენი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ სამუშაოების მიმწოდებელ კომპანიას დავუკავშირდით. დირექტორმა რომ გაიგო ვინ ვიყავით და რა გვაინტერესებდა, გვითხრა, რომ ჩვენი ხმა არ ესმოდა. ამის შემდეგ დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ აბონენტი უკვე მომსახურების ზონაში არ იმყოფებოდა.

საბოლოოდ, მერიის პრესსმასახურის უფროსთან დავრეკეთ. ვუთხარით, რომ საკითხს მაინც შევისწავლიდით და შესაბამის სამსახურს კითხვებზე პასუხის გაცემა სხვაგან მოუწევდა. პრესსამსახურმა მალევე დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ტენდერიში აღნიშნული სკვერი სინამდვილეში იმ ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესიის ეზოში უნდა გვენახა. მისივე ინფორმაციით, სულხან ევგენიძე უმოკლეს ვადაში შეგვხვდებოდა და პროექტს გაგვაცნობდა (იგულისხმება პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები განხორციელდა).

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში კომპანიის დირექტორიც დაგვიკავშირდა. ნოდარ ბერიძის თქმით, როცა ობიექტზე მიიყვანეს, თვითონაც გაოცდა, რომ სკვერის ნაცვლად ეკლესიის ეზო უნდა გაეკეთებინა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ეკლესიის ეზოს ღობე გაუკეთა, დეკორატიული ფილები დააგო, რამდენიმე სკამი დადგა და თანამედროვე განათება დაამონტაჟა. ეკლესიის ეზო კეთილმოეწყო, თუმცა ტენდერი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე იყო გამოცხადებული. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ღირებულება ოდნავ დაკორექტირდა და კომპანიას 102 400 ლარი ჩაერიცხა. თუ ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმას დააკვირდებით, აშკარაა, რომ სკვერის სახელით გამოცხადებული ტენდერით მერიამ ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა დაგეგმა და ფული ამაში გადაიხადა. საინტერესოა, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებში შეტანილია არსებული შემოღობვის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. ასევე, არსებული ატრაქციონის დემონტაჟი შემდგომი მონტაჟით. ჯავახიშვილის ქ. 6 ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ატრაქციონი დგას, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება, თუმცა ის პროექტის არეალში არ ხვდება.

2017 წლის 6 იანვარს ბათუმის მერიამ, კიდევ ერთი სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოაცხადა 160 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT170000128). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები. ტენდერში ოთხი პრეტენდენტი ჩაერთო, თუმცა, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც ყველაზე დაბალი ფასით მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიეცა და 133 995 ლარიანი კონტრაქტი შპს „ქართლთან“ გაფორმდა. არც ტენდერის გამოცხადებისას და არც ხელშეკრულების საგანში ნახსენები არაა, რომ სკვერი კი არა, ეკლესიის ეზო უნდა გაკეთდეს. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც საქმის ჭეშმარიტ არსს გვამცნობს, სს „აჭარკაპმშენის“ მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციაა, რომლის თავფურცელზეც ვკითხულობთ, რომ ეკლესიის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

პროექტში კარგად ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორიის შუაში ეკლესია დგას და გამარჯვებულმა კომპანიამ სწორედ მისი ეზო უნდა მოაწყოს. ხარჯთაღრიცხვაში, შესასრულებელ დავალებათა ჩამონათვალში, გვხვდება ღობის მოწყობის სამუშაოები - ძველი ღობის დემონტაჟი; მონოლითური ბეტონის საძირკვლის გაკეთება; ღობის, ჭიშკრისა და კუტიკარისთვის მონოლითური რკინაბეტონის გულანების მოწყობა; ღობის კედლის მოწყობა და ზედაპირის მოპირკეთება; გალაქვა და სხვა. გარდა ამისა, ეკლესიის ეზოში დაიგო ფილები, დამონტაჟდა ენერგოეფექტური განათებები და დაიდგა სკამები. მიღება-ჩაბარებისა და გადახდის სერთიფიკატის თანახმად, სამუშაოებში 118 065 ლარია გადახდილი.

აღნიშნულ ადგილზე ნამდვილად არის პატარა სკვერი, რომელშიც დაზიანებული სკამები დგას. სკვერში ყოველგვარი სტანდარტების დაუცველად დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონია. მიუხედავად ამისა, ბავშვები იქ მაინც თამაშობენ, რადგან ალტერნატივა არ აქვთ. ამ დროს კი, სკვერის მოწყობის პროექტის ფარგლებში, მერიამ ეკლესიას ახალი გალავანი შემოარტყა და შიგა პერიმეტრი კეთილმოაწყო.

ჩვენ არაერთხელ მივაკითხეთ ორივე ტერიტორიას, თუმცა ეკლესიის ეზოები რომ სკვერების დანიშნულებით არ გამოიყენება, ფაქტია. მით უმეტეს, რომ იქ დასასვენებლად და გართობის მიზნით შესვლას სხვა რელიგიას მიკუთვნებული ადამიანები მოერიდებიან. ეს ნიშნავს, რომ მათი ხელმისაწვდომობა საჯარო სივრცეზე იზღუდება. უხერხულობას ქმნის ისიც, რომ მერიამ ტენდერში არა ეკლესიის ეზოების, არამედ სკვერების მოწყობა ჩაწერა.

ინფორმაციისთვის, ორივე შემთხვევაში, ეკლესიის ეზოების ღობეებისა და შიგა პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოების აქტიური ფაზა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდს დაემთხვა - ხელშეკრულებები თებერვალსა და ივლისშია გაფორმებული და პროექტები, ორივე შემთხვევაში, 90 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ვადები დაირღვა და საბოლოო მიღება-ჩაბარება ნოემბერსა და დეკემბერში შედგა.

თეგები: