იტვირთება

რეზიუმე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შესაზღუდად, სხვადასხვა პერიოდში, ხელისუფლება განსხვავებულ ზომებს მიმართავდა. 2012 წლამდე უცხოელ მოქალაქეთა მიმართ შეზღუდვებს კანონმდებლობა აწესებდა, 2013 წლის 28 ივნისიდან 2014 წლის 24 ივნისამდე და 16.06.2017-2018 წლებში კი - გამოცხადებული მორატორიუმები. 2015-2016 წლებში უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა თავისუფლად შეეძლოთ. სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, 2016-2018 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდადია სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროში. ლევან დავითაშვილის განცხადების შესაბამისად, 2018 წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის პუი კი წინა წლის მონაცემს 48%-ით აღემატებოდა და 12.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მთლიანად, 2018 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორში შეადგინა დაახლოებით 16 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება. 2011-2014 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის დარგში ყოველწლიურად კლებულობდა, თუმცა 2015 წელს მკვეთრად, 43%-ით გაიზარდა.

ანალიზი

საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ არის შეზღუდვები სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით, 12.4 მილიონი იყო 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და ეს აღემატებოდა წინა წლის მონაცემს 48%-ით, 2018 წელს 18%-ით გაზრდილია ინვესტიციები პირველი სამი კვარტლის მონაცემით“.

2012 წლამდე კანონმდებლობაში არსებული ნორმა უცხოელ მოქალაქეთა მიმართ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა. კერძოდ, იმ დროს მოქმედი ნორმების თანახმად, უცხოელ ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება შეიძლება მოეპოვებინა მხოლოდ მემკვიდრეობით, ან იმ შემთხვევაში თუ მართლზომიერად[1] ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.ამასთან, უცხოელს საკუთრების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში, მიწის საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე გასხვისების ვალდებულებას უწესებდა. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოელებს შეუზღუდავად შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვა, თუმცა ამ გადაწყვეტილების დროულად ასახვა კანონში ვერ მოხერხდა. 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა უცხოეთის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს, პარლამენტის მორატორიუმი არაკონსტიტუციურადცნო, რის შემდეგაც, უცხოელებს მიწის თავისუფლად შეძენის შესაძლებლობა ისევ გაუჩნდათ.

2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მეორე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელმაც კვლავ შეუზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენის/მემკვიდრეობით მიღების უფლება. 2017 წლის 26 სექტემბერს, მესამე მოსმენით, საქართველოს პარლამენტმა კონტიტუციური კანონის პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში 2018 წლის საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადებისთანავე შევიდა, რომლის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. შესაბამისად, 2017 წლიდან დღემდე, მიწის გასხვისების შეზღუდვა პრაქტიკულად ძალაშია, რამდენიმე დღიანი გამონაკლისის გარდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას მოყვა მორიგ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

პოტენციური ინვესტორებისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა-ფლობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერები და განუსაზღვრელობა ბოლო წლებში მუდმივად არსებობდა, რაც ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. რთულია უშუალოდ არსებული შეზღუდვების გავლენის გამოყოფა, რადგანაც, ტრადიციულად, ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის[2] სფეროში მცირეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული ბარიერების არარსებობის შემთხვევაში, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდებოდა.

აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, 2016-2018 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდადია სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროში. ლევან დავითაშვილის განცხადების შესაბამისად, 2018 წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წლის პუი კი წინა წლის მონაცემს 48%-ით აღემატებოდა და 12.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2018 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორში შეადგინა დაახლოებით 16 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორში (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური



[1] მართლზომიერად ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე, შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო

[2] საქართველოს სტატისტიკის სამსახური ერთ სექტორად აერთიანებს სოფლის მეურნეობის და თევზჭერის დარგებს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2800 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი