იტვირთება

რეზიუმე: საქართველოში სულ 6 ბოტანიკური ბაღია: ბათუმის, ბაკურიანის, ზუგდიდის, თბილისის, სოხუმისა და ქუთაისის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1892 წელს გაშენდა, ბაკურიანის - 1910 წელს კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე დაარსდა, თუმცა 1937 წელს ახალ ტერიტორიაზე მოხდა მისი განაშენიანება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენება 1840 წელს დაიწყო. 1926 წელს კი, თბილისის ბოტანიკურ ბაღს დაექვემდებარა და ოფიციალურად სწორედ მაშინ მიენიჭა ბოტანიკური ბაღის სტატუსი. დღეს ის თბილისის ბოტანიკური ბაღისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. თბილისის ბოტანიკურ ბაღს შესაბამისი სტატუსი 1845 წელს მიენიჭა, ხოლო სოხუმის ბოტანიკური ბაღი, 1840 წელს დაარსდა და კავკასიაში ერთ-ერთ პირველ ბოტანიკურ ბაღს წარმოადგენს. რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქში მცენარეთა შემოტანის პირველი ცდები მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ მეცნიერულ საფუძველზე მცენარეთა ინტროდუქციის პრაქტიკა 1969 წელს დაიწყო. სწორედ ამ თარიღთანაა დაკავშირებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური შექმნაც.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება მწვანეების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ, განაცხადა: „საქართველოში გვაქვს სპეციფიკური დანიშნულების 6 ბოტანიკური ბაღი და ყველა მე-19 საუკუნეშია შექმნილი. საუკუნეა ასეთი ობიექტი არ შექმნილა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს დაწესებულებას, რომლის მიზანიც მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შენარჩუნებასა და ამ მიმართულებით კვლევის განვითარებას წარმოადგენს. დღეისათვის, მსოფლიოში 1 800-მდე ბაღი და დენდრარიუმი[1] არსებობს, რომელთაგან 400 ევროპაში, 200 ჩრდილოეთ ამერიკაში, 150 რუსეთში და დანარჩენი აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. ბოტანიკური ბაღები მიმზიდველია ტურისტული თვალსაზრისითაც და წელიწადში დაახლოებით 150 მილიონამდე მნახველს იზიდავს. საქართველოში დღეისათვის სულ 6 ბოტანიკური ბაღია: ბათუმის, ბაკურიანის, ზუგდიდის, თბილისის, სოხუმისა და ქუთაისის.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი შავი ზღვის სანაპიროზე 111 ჰექტარის ფართობზეა გაშენებული. ზღვის სანაპიროზე ე.წ. საკლიმატიზაციო ბაღი (რომელიც ახლა ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკის“ სახელითაა ცნობილი) 1892 წელს, 10 ჰექტარზე გაშენდა. უშუალოდ ბოტანიკური ბაღი კი, 1912 წელს დაარსდა. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი 1910 წელს, კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე დაარსდა და 1934 წელს საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. 1937 წელს ბაღი ახალ ტერიტორიაზე გაშენდა და ამჟამად 17 ჰა ფართობი უკავია. მისი მთავარი დანიშნულება კავკასიის მაღალმთიანი მცენარეების დაცვაა.

რაც შეეხება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს, მისი გაშენება 1840 წელს დავით დადიანმა დაიწყო, რომელიც შემდგომში ეკატერინე ჭავჭავაძემ გადაიბარა. ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ბაღს დადიანების რწმუნებული იცავდა, 1917-21 წლებში „ერობა“, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1926 წელს, თბილისის ბოტანიკურ ბაღს დაექვემდებარა. 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დადიანების სასახლის ბაღის რეკონსტრუქციისთვის 40 ათასი ლარი გამოყო. 2009 წლიდან კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათას ლარს გამოყოფდა. მთავრობის 2016 წლის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საკუთრების უფლებით ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ბაღის ფართობი 259 770 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასზე ორი შენობა-ნაგებობაა განთავსებული. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა 300 ათასი ლარით ფინანსდება.

თბილისის ბოტანიკურ ბაღს შესაბამისი სტატუსი 1845 წელს მიენიჭა. ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები და კავკასიის უნიკალური მცენარეთა ნაკვეთები. თბილისის ბოტანიკური ბაღის ფართობი 128 ათას ჰექტარს შეადგენს. კავკასიაში ერთ-ერთ უძველეს ბოტანიკურ ბაღს წარმოადგენს სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც რეგიონში ახალი მცენარეების (განსაკუთრებით ჩაი და ციტრუსები) დანერგვის მიზნით, 1840 წელს დაარსდა. ბაღში თავმოყრილია 4 500-ზე მეტი მცენარის სახეობა. მათ შორის, 1200-მდე ტროპიკული მცენარე.

რაც შეეხება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქში მცენარეთა შემოტანის პირველი ცდები მე-19 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. საქალაქო ბაღი დაახლოებით 1820 წელს, ხოლო „ფერმის ბაღი“ 1840 წელს გაშენდა. სწორედ აღნიშნული პერიოდი ითვლება ქუთაისში უცხო ეგზოტიკური მცენარეების ინტროდუქციის (რაიმე მცენარის შეტანა ისეთ ქვეყანაში, მხარეში, სადაც ამ მცენარისთვის უჩვეულო კლიმატური პირობებია)პირველ ეტაპად. თუმცა, მეცნიერულ საფუძველზე მცენარეთა ინტროდუქციის პრაქტიკა 1969 წლიდან იწყება, სწორედ აღნიშნულ თარიღთანაა დაკავშირებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნაც. ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა 578 სახეობას მოიცავს და რამდენიმე ბუნებრივი ტერასით არის წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა. ამის შემდეგ, განმუხურში არსებული ჭაობიანი 83.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ხოლო მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ დააფუძნა და მიწა მას უსასყიდლო უზუფრუქტის[2] ხელშეკრულებით მისცა. თუმცა, 2018 წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, რადგან მისი თქმით, ამ ყველაფერს შეეძლო იქაური კლიმატი შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ 2016-2017 წლებში ფორმალურად არსებობდა და მასზე ბიუჯეტიდან თანხებიც იყო გამოყოფილი, რომელმაც 120.2 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 108.1 ათასი ლარი (91%) ა(ა)იპ-ში დასაქმებული 8 პირის შრომის ანაზღაურებასა და სამივლინებო ხარჯებს მოხმარდა. საკითხის უფრო დეტალურად გასაცნობად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დენდროლოგიური პარკის გაშენება ამჟამად შეკვეთილში მიმდინარეობს.



[1] სპეციალური ბაღი ან ბოტანიკური ბაღის კუთხე, სადაც დარგულია სხვადასხვა სახეობის ხეები და ბუჩქები სამეცნიერო, სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით

[2] უძრავი ნივთის სხვა პირისთვის გადაცემა, როცა იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრესგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდერობით გადაცემის უფლება. ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი