იტვირთება

რეზიუმე: 2012 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა (CSS), განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გამოაქვეყნა დოქტორ მაია ჩანქსელიანის კვლევა: „გეოგრაფიული უთანასწორობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას: პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა და სასწავლებლებში ჩარიცხვის ალბათობა“. კვლევა შერეულ მეთოდებს, კერძოდ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კომბინაციას მოიცავს. რაოდენობრივი მეთოდებით გაანალიზებულია 118 000 აბიტურიენტის მონაცემები, რომლებიც 2006-2009 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ, რაც შეეხება თვისებრივ მეთოდებს, კვლევა აერთიანებს როგორც არსებული სამთავრობო დოკუმენტების ანალიზს, ისე სიღრმისეულ ინტერვიუებს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბითაა ჩატარებული.

სხვა მრავალ მიგნებასთან ერთად, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ რაც უფრო მაღალია აბიტურიენტის ზოგად უნარებში მიღებული ქულა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მან პირველ არჩევნად დაასახელოს ყველაზე სელექციური ანუ პრესტიჟული სასწავლებელი.

ანალიზი

პარლამენტში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენისას, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძემ, მინისტრის ინიციატივა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოდან არჩევით კატეგორიაში გადასვლის თაობაზე, გააკრიტიკა და განაცხადა: „ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ზოგად უნარებში მიღებული ქულა განსაზღვრავს იმას, რომ აბიტურიენტი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში ხვდება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის 153-ე მუხლის გათვალისწინებით, მინისტრის საათის ფარგლებში, 2019 წლის 7 და 8 თებერვალს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინა. ბატიაშვილმა წარადგინა განათლების განვითარების ახალი, მისეული ხედვა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საატესტატო და ეროვნული გამოცდებისადმი წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა. კერძოდ, ბატიაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ სკოლა იყოს სწავლაზე და არა გამოცდებზე ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს სკოლის საატესტატო გამოცდები, ხოლო ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო ზოგადი უნარების გამოცდა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი სკოლებში არ ისწავლება, არჩევითი საგნის კატეგორიაში უნდა გადავიდეს.

მინისტრის აღნიშნული ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისთვის, საინტერესოა ისიც, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლებშიც. პარლამენტის სხდომაზე ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და კვლევა დასახელდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა მინისტრის მიერ შემოთავაზებულ ხედვასთან. ოპონენტების უმეტესობა ამბობდა, რომ სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნა ფართო განხილვების და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე მიუღებელია, გარდა ამისა, ვიდრე არსებულ მოდელის (გამოცდების) გაუქმებაზე ისაუბრებდა მინისტრი, მანამდე უნდა შემოეთავაზებინა ახალი, უკეთესი მოდელი. ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი გამოიწვია 2020 წლიდან უნარების გამოცდის სავალდებულო საგანთა კატეგორიიდან, არჩევით კატეგორიაში გადასვლის ინიციატივამაც. დაგეგმილი რეფორმის სწორედ ამ ნაწილის კრიტიკის დროს დაასახელა სერგი კაპანაძემ კვლევა, რომლის მიხედვითაც, ზოგად უნარებში მიღებული ქულა განსაზღვრავს, რომ აბიტურიენტი უფრო პრესტიჟულ სასწავლებელში ხვდება.

კვლევა, რომელზეც პოლიტიკოსი საუბრობს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) მიერ 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორია დოქტორი მაია ჩანქსელიანი, ხოლო კვლევა შეეხება გეოგრაფიულუთანასწორობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას: პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა და სასწავლებლებში ჩარიცხვის ალბათობას. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, ერთი მხრივ, კავშირი აბიტურიენტის წარმოშობის ადგილსა და უმაღლესი სასწავლებლის არჩევას შორის და, მეორე მხრივ, კავშირი აბიტურიენტის წარმოშობის ადგილსა და პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრის ალბათობას შორის.

კვლევა შერეული მეთოდებით, კერძოდ, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიის კომბინაციითაა ჩატარებული. რაოდენობრივი მონაცემები ეფუძნება დაახლოებით 118 000 აბიტურიენტის მონაცემებს, რომლებიც 2006-2009 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ, რაც შეეხება თვისებრივ მეთოდებს, კვლევაში გაანალიზებულია როგორც არსებული სამთავრობო დოკუმენტები, ისე სიღრმისეული ინტერვიუები. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბითაა ჩატარებული.

სასწავლებლის პრესტიჟულობის საკითხი კვლევაში შემდეგნაირადაა გადაწყვეტილი: პრესტიჟულობა ზომავს უნივერსიტეტის სელექციურობას და ეფუძნება სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგროვილ საშუალო ქულებს. უნივერსიტეტების რანჟირებისათვის დაჯამდა თითოეული აბიტურიენტის მიერ სამივე სავალდებულო გამოცდაში (ქართული ენა და ლიტერატურა; ზოგადი უნარები; უცხო ენები) მიღებული ქულა და გამოანგარიშებულ იქნა თითოეული უმაღლესი სასწავლებლისათვის საშუალო ქულათა ჯამი. შემდეგ მოხდა ამ საშუალო ქულების რანჟირება და დადგინდა სასწავლებელთა ხუთი კატეგორია: ყველაზე არაპრესტიჟული; არც თუ ისე პრესტიჟული; საშუალოდ პრესტიჟული; პრესტიჟული და ყველაზე პრესტიჟული.

კვლევის მიხედვით, საქართველოს სოფლებში მაცხოვრებელ ოჯახებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტები იშვიათად რისკავენ იმ უნივერსიტეტების პირველ არჩევნად დასახელებას, რომლის მითითებასაც ისურვებდნენ. უნივერსიტეტის არჩევა საკმაოდ რთულ პროცესად აღიქმება, რომელიც ისეთი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლის ადგილმდებარეობა (მანძილი სახლიდან, საცხოვრებელი ხარჯები), სწავლის საფასური, უნივერსიტეტის პრესტიჟულობა და სასურველი პროგრამის არსებობა. კვლევა რაც უფრო ინაცვლებს, მაღალმთიანი სოფლებიდან ქალაქის ტიპის დასახლებებისკენ, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებზე. მაღალმთიანი სოფლების მოსახლე აბიტურიენტების მხოლოდ 26% და თბილისელი აბიტურიენტების 46% პრიორიტეტულ არჩევნად ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ასახელებს.

ამ და სხვა მრავალ მიგნებასთან ერთად, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ რაც უფრო მაღალია აბიტურიენტის ზოგად უნარებში მიღებული ქულა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ აბიტურიენტმა პირველ არჩევნად დაასახელოს ყველაზე სელექციური ანუ პრესტიჟული სასწავლებელი (იხ. კვლევა, გვერდი13). ზოგად უნარებთან დაკავშირებით კვლევას ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაც აქვს, ერთნაირი ზოგადი უნარების მქონე ორი აბიტურიენტიდან, ის, ვინც მაღალმთიან სოფელში დაამთავრა სკოლა, დედაქალაქში სკოლადამთავრებულთან შედარებით, დაახლოებით 12-ჯერ მეტი ალბათობით ირჩევს ყველაზე არაპრესტიჟულ, ვიდრე ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს. პატარა ქალაქის ან სოფლის მაცხოვრებელი აბიტურიენტი, რომელსაც იგივე ქულა აქვს ზოგად უნარებში, რაც თბილისელ აბიტურიენტს, 5-6-ჯერ მეტი ალბათობით ირჩევს ყველაზე არაპრესტიჟულ, ვიდრე ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელს.

ინფორმაციისთვის, სერგი კაპანაძემ და ოთარ კახიძემ 2019 წლის 6 თებერვალს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონის პროექტი დაარეგისტრირეს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შეეხოს 53-ე და 54-ე მუხლებს და მათ დაემატოს შემდეგი ჩანაწერები:

53-ე მუხლი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოფს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობას.

54-ე მუხლი: ეროვნული ცენტრი ვალდებულია სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები.

კანონპროექტს ჯერ არცერთი მოსმენა არ აქვს გავლილი. მისი მიღების შემთხვევაში, კანონის ამოქმედებისთანავე, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო გახდება და შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მისი აუცილებლად ჩატარების ვალდებულება დაეკისრება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი