რეზიუმე: 2017 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის „საინვესტიციო შემთხვევის“ კვლევა ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ყოველწლიურად, 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, მათგან ყოველი მეხუთე ადამიანი პასიური მოწევის შედეგად იღუპება.
თამბაქოსთან ასოცირებული წლიური ეკონომიკური ტვირთი ქვეყნისთვის 824.9 მლნ ლარია. აქედან, ჯანდაცვის სისტემის წლიური პირდაპირი ხარჯი (როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ასევე კერძო დანახარჯები) 327.3 მლნ ლარია. არაპირდაპირი ხარჯი 497.6 მლნ ლარია, რომელიც მოიცავს ნაადრევი სიკვდილიანობით და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებულ (თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო სამუშაოს გაცდენა; შემცირებული პროდუქტიულობა; მოსაწევი პაუზა) ეკონომიკურ დანაკარგებს.
ანალიზი
მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო. ამასთან, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. აღნიშნული ცვლილებები გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, აქციზის გაზრდის მიზანი თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირებაა. „თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება. ამ ქვეყანაში, საშუალოდ წელიწადში 50 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან მეხუთედი იღუპება თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების შედეგად, ნაადრევი სიკვდილით... თამბაქოს მოხმარების შედეგად, ჯანდაცვის დანახარჯებიდან და ეკონომიკური პროდუქტიულობის დანაკარგებიდან, 825 მილიონის ზარალს განიცდის ეს ქვეყანა“ - განაცხადა ზოიძემ.
თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა, კიბოს და რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების STEPS 2016 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი მოიხმარს თამბაქოს. მწეველია მამაკაცების 57% და ქალების 7%. თუმცა, კოტინინის[1] ტესტის შედეგების მიხედვით, ქალებში თამბაქოს მოხმარების რეალური მაჩვენებელი დაახლოებით 12.2%-ია. თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშიმყოფება მოსახლეობის 43%.
„FCTC[2] 2030-საქართველო“ პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევა“ შეფასდა. კვლევა 2017 წლის მონაცემებს ეყრდნობა. „საინვესტიციო შემთხვევა“ გულისხმობს ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას და თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, მათგან ყოველი მეხუთე ადამიანი პასიური მოწევის შედეგად იღუპება. თამბაქოსთან ასოცირებული წლიური ეკონომიკური ტვირთი (პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები) 824.9 მლნ ლარია.
· ჯანდაცვის სისტემის წლიური პირდაპირი ხარჯი 327.3 მლნ ლარია
· არაპირდაპირი ხარჯი - ნაადრევი სიკვდილიანობით და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაკარგები 497.6 მლნ ლარია
სამუშაო ადგილზე მწეველობის ეკონომიკური დანაკარგი მოიცავს: თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო სამუშაოს გაცდენას; თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო შემცირებულ პროდუქტიულობას და მოსაწევ პაუზას.
საინვესტიციო შემთხვევის დასკვნის თანახმად, თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შევიდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზარალის შემცირებას. თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული მუხლის (სიგარეტზე გადასახადის მომატება; მარკეტინგის აკრძალვა; შეფუთვა და მარკირება; დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა) აღსრულებით, 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს.
კვლევები აჩვენებს, რომ სიგარეტის მაღალი ფასი გარკვეულწილად გავლენას ახდენს თამბაქოს მომხმარებელთა ქცევაზე. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დიფერენცირებული გადასახადის გათანაბრება ერთი მხრივ მართებულია, რათა არ მოხდეს მაღალფასიანი სიგარეტის დაბალფასიანი (უფილტრო) სიგარეტით ჩანაცვლება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელთა რაოდენობას არ შეამცირებს.
მეორე მხრივ, აქციზის გაზრდა უარყოფითად აისახება თამბაქოს ინდუსტრიაზე. ამასთან, სიგარეტის მაღალი ფასი, მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობის დანახარჯებს. დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების შემთხვევაში გამაღარიბებელი ეფექტიც კი შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, აქციზის გაზრდა ხელს შეუწყობს კონტრაბანდის გაზრდას.
მხოლოდ აქციზის ზრდით თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ვერ შემცირდება. მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.