რეზიუმე: საკრედიტო რეიტინგების კომპანია Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB- პოზიტიურიდან BB სტაბილურამდე გაზარდა. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს აწვდის ინფორმაციას ამ ქვეყანაში ინვესტირების რისკის ფაქტორებთან და მის სანდოობასთან დაკავშირებით. საქართველოს შეფასება BB ნიშნავს, რომ პროგრესის მიუხედავად, კონიუქტურა მაინც არასასურველად რჩება. BB შეფასების კატეგორიაში შედარებით მაღალია დეფოლტის[1] რისკი და ფინანსური სტაბილურობა მგრძნობიარეა უარყოფითი ეკონომიკურ-პოლიტიკური რყევების მიმართ, თუმცა მაინც არსებობს ფინანსური მოქნილობა. Fitch-ის შეფასებით, მნიშვნელოვან რისკად რჩება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.

რაც შეეხება რეგიონში საქართველოს პროგრესს, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია, საქართველოსთან ერთად, გაუმჯობესდა უნგრეთის რეიტინგი, (BBB-)-დან BBB-მდე. ანუ, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვისი მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების გამომწვევ მიზეზებს, მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგშიბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მართლაც დაწინაურდა და მე-9-დან, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, არაზუსტია პრემიერის განცხადების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ Fitch-მა „ძალიან დადებითად“ შეაფასა საპენსიო ფონდის შექმნა. Fitch-ის რეპორტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს დაზოგვას, დანაზოგების არსებობა კი დეფოლტის რისკს ამცირებს. აღნიშნული წარმოადგენს მშრალ ფაქტს და მისი დადებითად ან უარყოფითად შეფასება იდეოლოგიურ კომპონენტს შეიცავს, რომელშიც სარეიტინგო კომპანიები, როგორც წესი, არ შედიან.

Fitch-ის გათვლებით, 2018 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკისთვის წნეხის შემცირების მაჩვენებელია. ანგარიშის თანახმად, ქართული ეკონომიკა მედეგი იყო 2018 წლის განმავლობაში, წარმატებული იყო საბანკო სექტორი, აღინიშნებოდა კაპიტალიზაციის ზრდა, მაღალი ხარისხის და ლიკვიდური აქტივები[2], რაც მამუკა ბახტაძის განცხადებასთან თანხვედრაშია. თუმცა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, მაღალი იყო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი და შეადგენდა 64.4%. ეს წინააღმდეგობაში მოდის მამუკა ბახტაძის განცხადების ნაწილთან, სადაც ის ლარიზაციის სწორ სტრატეგიაზე საუბრობს. წინააღმდეგობას აძლიერებს .. გალარების ერთჯერადი პროგრამის წარუმატებლობა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.

ანალიზი

22 თებერვალს, საკრედიტო რეიტინგების კომპანია “Fitch”-მა, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB- პოზიტიურიდან BB სტაბილურამდე გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა, ამის ფაქტორებია მე-6 ადგილი ბიზნესის კეთების რეიტინგში, მედეგი ეკონომიკა, სადაც უნდა აღვნიშნო წარმატებული ლარიზაციის პროგრამა. შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. Fitch-მა დადებითად შეაფასა საპენსიო ფონდის შექმნა“.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს ინფორმაციას აწვდის ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკის ფაქტორებთან და ამ ქვეყნის სანდოობასთან დაკავშირებით. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ექცევა ყურადღება საერთოა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს.

სარეიტინგო სააგენტო Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს:მინიმალური D-დან მაქსიმალურ AAA-მდე. უმაღლესი შეფასებაა AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+., BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC+, ძალიან რისკიანი CCC, დეფოლტი გამოკეთების პერსპექტივით C, დეფოლტი DDD, DD, D. შეფასებები იერარქიულად წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. აღსანიშნავია, რომ შეფასებები იყოფა საინვესტიციო და არასაინვესტიციო დონეებად, რაც ასევე ასახულია ცხრილ 1-ში. საქართველოს შეფასება BB არასაინვესტიციო კატეგორიაში ხდება, ე.ი. პროგრესის მიუხედავად, კონიუნქტურა მაინც არასასურველად რჩება. რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვანია რეიტინგის პერსპექტივა, რომელიც შესაძლებელია იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური და უახლოეს მომავალში რეიტინგის ცვლილების მოსალოდნელ მიმართულებას აღნიშნავს.

ცხრილი 1: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებები

საინვესტიციო დონე

AAA

საუკეთესო საინვესტიციო გარემო, სანდო და სტაბილური

AA

კარგი საინვესტიციო გარემო, მაღალია რისკი AAA კატეგორიასთან შედარებით

A

ეკონომიკურ სიტუაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს დებიტორის გადახდისუნარიანობაზე

BBB

საშუალო დონის საინვესტიციო გარემო, არსებული მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი კონიუნქტურით

არა-საინვესტიციო დონე

BB

ეკონომიკაში არსებობს გარკვეული სპეკულაციური რისკები

B

ფინანსური სიტუაცია მნიშვნელოვნად არამდგრადია

CCC

კონიუნქტურამოწყვლადია და დამოკიდებულია ეკონომიკური ცვლადების პოზიტიურ დინამიკაზე

CC

ძალიან მოწყვლადი და მნიშვნელოვნად სპეკულაციური კონიუნქტურა

C

გაკოტრების პირას

D

დეფოლტი

NR

არ არის შეფასებული

წყარო: Investopedia.com

BB შეფასების შემთხვევაში, რომლითაც შეფასებულია საქართველო, შედარებით მაღალია დეფოლტის რისკი და ფინანსური სტაბილურობა მგრძნობიარეა ეკონომიკურ-პოლიტიკური უარყოფითი რყევების მიმართ, თუმცა მაინც არსებობს ფინანსური მოქნილობა. მნიშვნელოვან რისკად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი. Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება პირველად 2007 წლის ივლისში განხორციელდა და ქვეყანას BB-რეიტინგი მიენიჭა სტაბილური პერსპექტივით.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასების დინამიკა Fitch-ის რეიტინგში

თარიღი

რეიტინგი

პერსპექტივა

18.07.2007

BB-

სტაბილური

08.08.2008

B+

ნეგატიური

07.04.2009

B+

ნეგატიური

26.08.2009

B+

სტაბილური

03.03.2011

B+

პოზიტიური

15.12.2011

BB-

სტაბილური

17.10.2014

BB-

პოზიტიური

20.04.2015

BB-

სტაბილური

16.03.2018

BB-

პოზიტიური

22.02.2019

BB

სტაბილური

წყარო: www.tradingeconomics.com/georgia/rating

ბუნდოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადების ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. მას არ დაუკონკრეტებია რეგიონში რომელ ქვეყნებს გულისხმობდა. მიზანშეწონილია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია (მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოების გამოკლებით). ამ ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკების მახასიათებელი ნიშან-თვისებები მეტნაკლებად იდენტურია. ამ ქვეყნების რეიტინგი ასახულია ცხრილ 3-ში. საქართველოსთან ერთად, გაუმჯობესდა უნგრეთის რეიტინგი, (BBB-)-დან BBB-მდე.

ცხრილი 3: რეგიონის ქვეყნების შეფასება Fitch-ის რეიტინგში

რუსეთი

BBB-

სომხეთი

B+

თურქეთი

BB

აზერბაიჯანი

BB+

უკრაინა

B-

ბელორუსია

B

სერბეთი

BB

რუმინეთი

BBB-

თურქმენეთი

CCC-

უზბეკეთი

BB-

პოლონეთი

A-

მოლდოვა

B-

უნგრეთი

BBB

ყაზახეთი

BBB

ბულგარეთი

BBB

ხორვატია

BB+

მაკედონია

BB

ბოსნია/ჰერცოგოვინა

NR

მონტენეგრო

NR

ტაჯიკეთი

NR

ყირგიზეთი

NR

ალბანეთი

NR

წყარო: fitchratings.com

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შეფასებებს: მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში Doing Business 2019 (ბიზნესის კეთება 2019) 190 ქვეყანას შორის, საქართველო მართლაც დაწინაურდა და მე-9-დან, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშში წერია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, ამჟამად, უფრო მარტივია ბიზნესის კეთება, ვიდრე ბრიტანეთსა თუ ამერიკაში. ეს წარმატება აღნიშნულია Fitch-ს ანგარიშშიც. არაზუსტია ნაწილი, სადაც მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ Fitch-მა „ძალიან დადებითად“ შეაფასა საპენსიო ფონდის შექმნა. Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს დაზოგვას, დანაზოგების არსებობა კი დეფოლტის რისკს ამცირებს, ეს არის მშრალი ფაქტი და მისი დადებითად ან უარყოფითად შეფასება იდეოლოგიურ კომპონენტს შეიცავს, რომელშიც სარეიტინგო კომპანიები როგორც წესი არ შედიან. ჩანაწერი საპენსიო რეფორმის კონკრეტულ ასპექტს ქვეყანაში დანაზოგების შექმნას ეხება, რეფორმის სხვა ასპექტები კი სარეიტინგო კომპანიის ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ქართული ეკონომიკა მედეგი იყო 2018 წლის განმავლობაში. თუმცა, აღნიშნულია, რომ 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, მაღალი იყო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი და შეადგენდა 64.4%. ეს წინააღმდეგობაში მოდის მამუკა ბახტაძის განცხადების ნაწილთან, სადაც ის ლარიზაციის სწორ სტრატეგიაზე საუბრობს. ცნობისთვის, 2017 წლის იანვრიდან, ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა, ხოლო 2019 წლის 23 იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ. ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით, .. გალარების ერთჯერადი პროგრამაც დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა ჩავარდა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

Fitch-ის გათვლებით, 2018 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.5%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკისთვის წნეხის შემცირების მაჩვენებელია. ჯერჯერობით 2018 წლის საგადასახდელო ბალანსის პირველი სამი კვარტლის მონაცემებია გამოქვეყნებული. 2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად დაფიქსირდა.2010-2017 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, შეადგენდა დაახლოებით 10.8%-, ხოლო 2018წლისმესამე კვარტალში,მიმდინარეანგარიშისპროფიციტმარომელიც დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, დადებითდონეს-მშპ-0.3%-მიაღწია (იხ ფაქტ-მეტრის კვლევა).


[1] ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის გაცხადება

[2] ადვილად რეალიზებადი სახსრები

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია