იტვირთება

რეზიუმე: პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო სისტემის ცვლილების რესურსი ამოწურულია. მისი მტკიცებით, ოპოზიციას თავის დროზე ჰქონდა შანსი, მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვარიანტისთვის, რომელიც ე.წ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედებას ითვალისწინებდა, თუმცამათ ეს არ გააკეთეს. ოპოზიციის მხარდაჭერის არ არსებობის გამო კი, კონსტიტუციური ცვლილებების მიღება შეუძლებელი გახდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან აღნიშნული მოდელი მანდატების განაწილების პრინციპულად მიუღებელ წესს ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ მანდატების განაწილების აღნიშნული წესი სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის უმწვავესი კრიტიკის საგანი იყო, რამაც საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას მისი ოპტიმალური წესით შეცვლა აიძულა. თუმცა, აღნიშნული წესის შედარებით დახვეწასთან ერთად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღიც შეიცვალა და მისი ამოქმედება 2024 წლამდე გადავადდა. შესაბამისად, არასწორია კობახიძის მიერ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ოპოზიციამ თავის დროზე უარი თქვა იმ სისტემაზე, რომელსაც დღეს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ თუკი ვინმე სრულად პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას ეწინააღმდეგებოდა, ეს თავად მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატები (მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატები) იყვნენ (ყოველ შემთხვევაში, პარტიის ლიდერების მხრიდან საჯაროდ სწორედ ეს არგუმენტი გაჟღერდა).

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ იმის თქმა, რომ დღეს ცვლილებების რესურსი ამოწურულია, ცალსახად არასწორია. 113 დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში, 2020 წლამდე საარჩევნო სისტემის შეცვლის შანსი, ბუნებრივია, არსებობს.

ანალიზი

2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება. მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. მმართველი გუნდი არსებული საარჩევნო მოდელის 2024 წლამდე შენარჩუნებას აპირებს და ეს ცვლილება რომ უფრო ადრე ვერ „ხერხდება“, ამაში სწორედ საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშაულებს. მსგავს პოზიციაზეა პარლამენტის თავმჯდომარეც.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო 2020 წლისთვის ჩადებული კონსტიტუციის პირვანდელ ვარიანტში, თუმცა მათ [ოპოზიციამ] განაცხადეს, რომ ამის მიუხედავად მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის გამოც შეუძლებელი გახდა იმ სახით კონსტიტუციის მიღება და ჩვენ საბოლოო ჯამში უმრავლესობის შიგნით შევჯამდით ორსაფეხურიან რეფორმაზე. 2020 წელს რჩება შერეული სისტემა და შემდეგ გადავდივართ პროპორციულზე. 2020 წლამდე ყოველგვარი რესურსი არის ამოწურული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს რესურსი ამოწურა ოპოზიციამ“ - განაცხადა (4:50 წთ-დან) ირაკლი კობახიძემ.

„უსამართლო“ საარჩევნო სისტემის გაუქმება და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჯერ კიდევ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობდა, თუმცა მმართველმა გუნდმა 2015 წლის ივნისში, არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის მომიზეზებით, ცვლილებების განხორციელება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადადო.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. 2017 წლის 22 აპრილისთვის, საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგად, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი უკვე მზად იყო. პროექტის თანახმად, ერთ-ერთ ფუნდამენტურ ცვლილებას 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა წარმოადგენდა. ამასთან, კანონპროექტი მანდატების განაწილების ახლებურ წესს (ე.წ. Winner Takes All) ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც, გაუნაწილებელი მანდატები ბონუსის სახით მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკური პარტიას ერგებოდა.

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან დადებითად შეფასდა, თუმცა მათ უკმაყოფილებას გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების ახლებური წესი იწვევდა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა მანდატების სამართლიანი გადანაწილების წესთან, ვინაიდან პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის შეუსაბამოდ მაღალ დისპროპორციას იწვევდა (ამ თემაზე იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2). მანდატების განაწილების აღნიშნული წესი თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ შეაფასა ვენეციის კომისიამაც (პირველად მოსაზრებაში) და მისი შეცვლის მკაცრი რეკომენდაცია გასცა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიისთვის კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის გაგზავნის შემდეგ, მასში არაერთი არსებითი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენისას შეიცვალა მანდატების განაწილების წესი (მუხლი 37), რომელიც ვენეციის კომისიამ (მის საბოლოო მოსაზრებაში), პირველად შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიად შეაფასა, თუმცაბონუსური სისტემის შენარჩუნება სადავოდ და ჩვენი ქვეყნისთვის მიზანშეუწონლად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომკანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული მოდელით ჩატარება გადაწყდა, პროპორციულზე გადასვლა კი შემდეგი არჩევნებისთვის გადაიდო (გარდამავალი დებულებები მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი).

საბოლოოდ, ბონუსური სისტემის გაუქმებისთვის კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების განხორციელება გახდა საჭირო. 2018 წლის 23 მარტს მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებების თანახმად, გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. თუმცა, კრიტიკას კვლავ იმსახურებს ის ფაქტი, რომ პროპორციული სისტემა მხოლოდ 2024 წლიდან ამოქმედდება.

რამ განაპირობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილების გადავადება და როდიდან გახდა აღნიშნული საკითხი აქტუალური? ამ კითხვაზე პასუხისთვის, შევეცდებით, საზოგადოებას განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა შევახსენოთ.

როგორც აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შედგენილი კანონპროექტი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდანვე ითვალისწინებდა, თუმცა მანდატების გადანაწილების პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და ვენეციის კომისიისათვის პრინციპულად მიუღებელი წესით. შესაბამისად, ოპოზიცია პრეტენზიას არა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, არამედ სწორედ მანდატების განაწილების წესზე გამოთქვამდა და ამ არგუმენტის გათვალისწინებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერდა.

ამასთან, როგორც 2017 წლის ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი, შემოთავაზებული საარჩევნო სისტემას მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ უმრავლესობის რიგებშიც კი ჰყავდა. თუმცა, ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი (როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატები), არა უშუალოდ მანდატების განაწილების წესს, არამედ ზოგადად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპროტესტებდა.

2017 წლის 22 ივნისს, ოპოზიციისთვის მოულოდნელად, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენისას დარიგებულ დოკუმენტში, მანდატების განაწილების სრულად განსხვავებული (კვლავ ბონუსური, თუმცა პირვანდელ ვერსიაზე შედარებით უფრო სამართლიანი) წესი იყო შემოთავაზებული. ამასთან, მართალია წერილობით დოკუმენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადებზე არაფერი იყო ნახსენები, თუმცა ზეპირი განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლესობა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადებაზე შეთანხმდა, რაც კონსტიტუციის ტექსტშიც შესაბამისად აისახებოდა. აქედან გამომდინარე, მართალია, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში (რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა), მანდატების განაწილების შედარებით უფრო სამართლიანი წესი იყო შემოთავაზებული და ამასთან, აღნიშნული წესის ამოქმედების ვადები განსაზღვრული არ იყო (რაც შესაძლოა მის 2020 წელს ამოქმედებასაც გულისხმობდა), თუმცა კენჭისყრისას დეპუტატებმა კარგად იცოდნენ, რომ კონსტიტუციის ტექსტს აუცილებლად დაემატებოდა ჩანაწერი პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადების შესახებ.

მართლაც, ერთ დღეში (23 ივნისს) კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს მხარი კვლავ მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა.

ფორსირებული წესით, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტით იმედგაცრუებული დარჩა ვენეციის კომისიის თავმჯოდმარე. საქართევლოში ვიზიტით მყოფმა ჯანი ბუკიკიომ, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

19 ივლისს, კანონპროექტის ორი მოსმენით მიღების შემდეგ, უმრავლესობამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა, თუმცა ზუსტი თარიღი და საკითხთა წრე არ დაასახელა. 15 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ბრიფინგი გამართა და ოპოზიციურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ მის განცხადებაში ირიბად დიალოგის მიზანიც იგრძნობოდა, რაც საერთაშორისო აქტორებისთვის საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ კონსენსუსის არსებობის წარმოჩენა იყო. „ვინაიდან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“ - განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერს არც ამჯერად დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა საკითხზე იმსჯელებდნენ შეხვედრაზე. თუმცა, მომდევნო დღეს, 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ მიმართვაში, ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიოდ განსაზღვრეს საკითხთა ის წრე, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა მმართველ გუნდთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და კონსენსუსის მიღწევა. „კონსენსუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო წესით (მანდატების სამართლიანი - პროპორციული განაწილების წესით)“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 პოლიტიკური პარტია აწერს.

საბოლოოდ, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა 18 აგვისტოს შედგა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი იმსჯელებდა განხილულ საკითხებზე, ოპოზიციას კი იმ საკითხების ჩამონათვალის წერილობით წარდგენა მოსთხოვეს, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ზეპირად თუ წერილობითი განცხადებებით არაერთხელ წარმოადგინა საკითხთა ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინების გარეშეც მმართველ გუნდთან დიალოგზე საუბარიც კი შეუძლებელი იქნებოდა, ქართული ოცნების წარმომადგენლების მოთხოვნის შესაბამისად, 22 აგვისტოს მათ კვლავ წარმოადგინეს მოთხოვნათა ჩამონათვალი. ასევე, ოპოზიციის განცხადებაში ვკითხულობთ: „მიუხედავად ჩვენ მიერ გამოხატული ზემოხსენებული, სრულიად ლოგიკური და მკაფიო პოზიციისა, თქვენ ცდილობთ გვერდი აუაროთ მას და თქვენთვის სასურველ ფორმატში წარმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია, რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას“.

აღნიშნულზე პასუხად,ქართულმა ოცნებამსაგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას დიალოგის შეწყვეტის, უფრო ზუსტად კი მისი გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ ამცნო. ამასთან, პროცესის ჩიხში შეყვანაში უმრავლესობამ ოპოზიცია დაადანაშაულა, რადგან მათ საკითხთა ჩამონათვალის ნაცვლად, ულტიმატუმი წამოაყენეს. კერძოდ, ოპოზიციის განცხადებით, პარტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან მზად საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში მმართველ გუნდთან დიალოგისთვის, თუკი გაზიარებული იქნება ორი პრინციპული საკითხი: 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება, მანდატების სამართლიანი განაწილების წესითა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება.

როგორც ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრებიდან ირკვევა, 2017 წლის 20 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა, კომისიას წერილი გაუგზავნა და ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი საარჩევნო მოდელის მიღებასთან დაკავშირებით უმრავლესობის მზადყოფნა დაადასტურა. თუმცა, აღნიშნულის განსახორციელებლად მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები დაიგეგმა. ამასთან, ცვლილებები მხოლოდ მანდატების განაწილების წესის და არა თარიღის შეცვლას ითვალისწინებდა.

შესაბამისად, 2017 წლის 26 სექტემბერს, პარლამენტმა, მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია ევროპულმა საქართველომ დატოვა. თუმცა, სხდომის დატოვებამდე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:„რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარისგან მოვისმინე ივანიშვილის გუნდის განცხადება, რომ თქვენ აპირებთ 2024 წლისთვის სრულფასოვანი, ნორმალური, არა მახინჯი ბონუსებით, არამედ ნორმალური პროპორციული სისტემა შემოიტანოთ, სადაც ყველა პარტია პროპორციულად იღებს იმდენ ხმას, რამდენმა ამომრჩეველმაც დაუჭირა მხარი. ეს განცხადება ხომ ნამდვილად გააკეთეთ? გააკეთეთ. მე მინდა ხაზი გავუსვა, ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის, ეს ვარიანტიც მიუღებელია იმდენი სხვა მავნებლობა გაქვთ ჩადებული და პირველ რიგში 2020 წელს რომ არ ცვლით სისტემას და ხალხს ართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას. მაგრამ, თქვენ თუ ისევ გადაგდებას არ აპირებთ ქართული საზოგადოების, საკუთარი თანაგუნდელების და ვენეციის კომისიის, ახლა რატომ ამთავრებთ, რატომ არ შეგაქვთ ეს ცვლილება. სად გეჩქარებათ? დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე, ვინ გიშლით? დაგიჭერთ მხარს. ვინმე თუ ისეთი თავნება გყავთ, რომ ხმები არ გყოფნით, აგერ გარანტიას გაძლევთ 21 ხმის. დააბრუნეთ უკან“.

ამდენად, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო ცვლილებების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციამ, მათთვის და სამოქალაქო სექტორისთვის მისაღებ, ან შედარებით უფრო მისაღებ მოდელზე, უარი განაცხადა. კერძოდ, მაშინ როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის იგეგმებოდა, პარალელურად, მანდატების განაწილების უსამართლო წესი იყო შემოთავაზებული. ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნული წესი შედარებით უფრო დაიხვეწა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი შეიცვალა და მისი ამოქმედება 2024 წლამდე გადავადდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2751 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი