რეზიუმე: მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული რეგულაციების პირობებში ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემისათვის დაწესებული მოთხოვნები გამკაცრდა, რაც გაცემული სესხების შემცირებულ მოცულობაში აისახა. ჯამურად (სესხის ყველა სახეობის ჯამი), ფიზიკურ პირებზე 2019 წლის იანვარში 785 ათასი ხელშეკრულების[1] ფარგლებში 813.7 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა, რაც შესაბამისად 1.4 და 1.3-ჯერ ნაკლებია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მონაცემებზე. სესხის ცალკეული სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტად არის შემცირებული სამომხმარებლო სესხები. 2019 წლის იანვარში 74.5 ათასი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 5.7-ჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში 2.1-ჯერ, 368.8 მლნ-დან 176.1 მლნ ლარამდეა შემცირებული გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა ფულად ფორმაში.
რაც შეეხება შემცირებული დაკრედიტების შედეგებს. ბანკებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ მათი შემოსავლის წყაროს გაცემული კრედიტების სანაცვლოდ მიღებული საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს. შესაბამისად, სესხების შემცირებული მოცულობა, სხვა თანაბარ პირობებში, ამცირებს მათ შემოსავლებსაც. შემოსავლების კლების მასშტაბებიდან გამომდინარე კი დგება ხარჯების ოპტიმიზაციის (შემცირების) საჭიროება, რაც მოსალოდნელია ნაწილობრივ დასაქმებულთა ოდენობის ან/და მათი ანაზღაურების შემცირებაშიც აისახოს. გარდა უშუალოდ ბანკებზე გავლენისა, დაკრედიტების შემცირება უარყოფითად ისახება ეკონომიკურ აქტივობაზე სხვა სექტორებშიც. შემცირებული დაკრედიტება ავტომატურად ნიშნავს განკარგვადი თავისუფალი სახსრების მოცულობის კლებას, რაც ერთობლივი ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. მოთხოვნის შემცირება თავის მხრივ უარყოფითად აისახება ბიზნეს სექტორის შემოსავლებზე და მათ მიერ გაწეულ/გასაწევ ხარჯებზე. შედეგად, მოკლევადიანი პერიოდისათვის მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ზრდის ტემპი.
შესაბამისად, დეპუტატის განცხადება დაკრედიტების არსებითი შემცირებისა და რეგულაციების მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ რეალობას შეესაბამება, თუმცა დაკრედიტების კლების დასახელებული მაჩვენებელი გადაჭარბებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ განცხადების გაკეთების თარიღისათვის ოფიციალური მაჩვენებლები ცნობილი არ იყო, დასახელებული რიცხვი კი შეესაბამება მედიაში გავრცელებულ მონაცემს.
ანალიზი
სესხების გაცემის რეგულირების შედეგებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, დავით ბაქრაძემ, განაცხადა, რომ რეგულაციების შედეგად კომერციული ბანკები ზიანდება, რაც მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაკრედიტების 10-ჯერ შემცირებაში აისახა. დეპუტატის განმარტებითვე დაკრედიტების შემცირება ეკონომიკური აქტივობის შენელების წინაპირობაა.
განცხადების კონტექსტიდან ნათელია, რომ დეპუტატი ძალაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შესული რეგულაციების ეფექტზე საუბრობს. შესაბამისი საკანონმდებლო აქტი (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“) 2018 წლის 24 დეკემბერს იქნა მიღებული. ბრძანება ვრცელდება ფიზიკურ პირზე სესხის გამცემ ნებისმიერ სუბიექტზე, მათ შორის კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და სხვა. ბრძანება განსაზღვრავს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, ამკაცრებს სესხის გაცემის/აღებისათვის დასაკმაყოფილებელ პირობებს და აწესებს გადახდისუნარიანობის ანალიზის აუცილებლობას. გარდა გადახდისუნარიანობის ანალიზისა, მოთხოვნილია დამატებითი პირობები, მათ შორის მსესხებლის წმინდა შემოსავლებსა და სესხის მომსახურებისათვის საჭირო სახსრებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (ამჟამად, საარსებო მინიმუმი 176 ლარია). ამავე ბრძანების თანახმად, სესხის მომსახურებისთვის ყოველთვიურად გასაწევი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის გარკვეულ ნაწილს(20-60%). აღნიშნული ცვლილებების შინაარსისა და შესაძლო გავლენების შესახებ იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა.
განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე მიზანშეწონილია გაანალიზდეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ცვლილების ტენდენცია, ვინაიდან რეგულაცია მსესხებელთა მხოლოდ ამ ნაწილს ეხება. ამავდროულად, მხედველობაში უნდა მივიღოთ სესხების ნაკადების შესახებ მონაცემები და არა ნაშთები. სესხების ნაკადები მოიცავს დროის კონკრეტულ პერიოდში, ამ შემთხვევაში იანვარში დადებულ ახალ ხელშეკრულებებს. ნაშთებში კი მოცემულია წარსულში გაცემული სესხებიც, რომელთა დაფარვის ვადა გასული არ არის. მაგალითად, 2015 წელს 10 წლის ვადით გაცემული სესხი 2019 წლის იანვარში ფიქსირდება ნაშთებში, თუმცა არა ნაკადებში. ცვლილებებს გავლენა შესაძლებელია ჰქონოდა მხოლოდ ახალი ხელშეკრულებების დადებაზე, შესაბამისად წარსულში გაცემული სესხების მოცულობის გათვალისწინება ანალიზში მიზანშეუწონელია.
ფიზიკურ პირთა დაკრედიტების ტენდენციის ცვლილებას ცხრილი 1 ასახავს. მოცემულია როგორც გაცემული სესხების მოცულობა ფულად ფორმაში, ასევე დადებულ ხელშეკრულებათა (გაცემული სესხები) ოდენობა.
ცხრილი 1: ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ცვლილების ტენდენცია
|
სესხის მიზნობრიობა |
იან. 2016 |
იან. 2017 |
იან. 2018 |
იან. 2019 |
დაკრედიტების შემცირება |
|
ხელშეკრულებების ოდენობა |
სამომხმარებლო სესხი |
228 412 |
305 482 |
424 366 |
74 501 |
5.7 |
-82% |
იპოთეკური სესხი |
1 118 |
1 813 |
3 230 |
2 035 |
1.6 |
-37% |
|
ბიზნეს–სესხი |
123 |
51 |
76 |
49 |
1.6 |
-36% |
|
მცირე და საშ. ბიზნეს-სესხი |
11 875 |
9 771 |
15 012 |
15 288 |
1.0 |
2% |
|
ავტო სესხი |
96 |
110 |
410 |
225 |
1.8 |
-45% |
|
სალომბარდე სესხი |
31 991 |
25 010 |
20 682 |
15 210 |
1.4 |
-26% |
|
სხვა სესხი |
715 899 |
638 844 |
663 845 |
677 918 |
1.0 |
2% |
|
სულ |
989 514 |
981 081 |
1 127 621 |
785 226 |
1.4 |
-30% |
|
სესხების მოცულობა (მლნ ლარი) |
სამომხმარებლო სესხი |
182.5 |
251.1 |
368.8 |
176.4 |
2.1 |
-52% |
იპოთეკური სესხი |
81.7 |
138.6 |
172.0 |
88.5 |
1.9 |
-49% |
|
ბიზნეს–სესხი |
50.9 |
9.2 |
10.8 |
11.2 |
1.0 |
4% |
|
მცირე და საშ. ბიზნეს-სესხი |
68.9 |
94.5 |
138.8 |
123.6 |
1.1 |
-11% |
|
ავტო სესხი |
2.5 |
4.0 |
6.7 |
3.5 |
1.9 |
-48% |
|
სალომბარდე სესხი |
22.8 |
21.0 |
20.8 |
14.8 |
1.4 |
-29% |
|
სხვა სესხი |
279.0 |
315.5 |
332.7 |
395.7 |
0.8 |
19% |
|
სულ |
688.4 |
833.8 |
1 050.6 |
813.7 |
1.3 |
-23% |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი (ინტერაქტიული სტატისტიკა)
როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯამურად (სესხის ყველა სახეობის ჯამი), ფიზიკურ პირებზე 2019 წლის იანვარში, 785 ათასი ხელშეკრულების ფარგლებში, 813.7 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა, რაც შესაბამისად 1.4 და 1.3-ჯერ ნაკლებია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მონაცემებზე. პროცენტული თვალსაზრისით კლება შესაბამისად 30 და 23%-ს შეადგენს. სესხის ცალკეული სახეობების მიხედვით ყველაზე მეტად არის შემცირებული სამომხმარებლო სესხები. 2019 წლის იანვარში 74.5 ათასი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 5.7-ჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, 2.1-ჯერ, 368.8 მლნ-დან 176.1 მლნ ლარამდეა შემცირებული გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა ფულად ფორმაში. შესაბამისად 1.6 და 1.9-ჯერ არის შემცირებული გაფორმებული ხელშეკრულებებისა და გაცემული სახსრების მოცულობა ფულად ფორმაში, იპოთეკური სესხების შემთხვევაში. ზოგად სურათს რაც შეეხება, 2019 წლის იანვარში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა და ხელშეკრულებათა ოდენობა ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაშიც კი. ხელშეკრულებების ოდენობის თვალსაზრისით შემცირება ფიქსირდება 2016 წელთან მიმართებაშიც.
რაც შეეხება შემცირებული დაკრედიტების შედეგებს, ბანკებთან (და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებთან) მიმართებაში აღსანიშნავია, რომ მათი შემოსავლის/მოგების წყაროს გაცემული კრედიტების სანაცვლოდ მიღებული საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს. შესაბამისად, სესხების შემცირებული მოცულობა, სხვა თანაბარ პირობებში, ამცირებს მათ შემოსავლებსაც. შემოსავლების კლების მასშტაბებიდან გამომდინარე კი დგება ხარჯების ოპტიმიზაციის (შემცირების) საჭიროება, რაც მოსალოდნელია ნაწილობრივ დასაქმებულთა ოდენობის ან/და მათი ანაზღაურების შემცირებაშიც (არ გაზრდაში) აისახოს. გარდა უშუალოდ ბანკებზე გავლენისა, დაკრედიტების შემცირება უარყოფითად ისახება ეკონომიკურ აქტივობაზე სხვა სექტორებშიც. შემცირებული დაკრედიტება ავტომატურად ნიშნავს განკარგვადი თავისუფალი სახსრების მოცულობის კლებას, რაც ერთობლივი ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. მოთხოვნის შემცირება თავის მხრივ უარყოფითად აისახება ბიზნეს სექტორის შემოსავლებზე და მათ მიერ გაწეულ/გასაწევ ხარჯებზე, შედეგად მოკლევადიან პერიოდში მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ზრდის ტემპი.
[1] ოვერდრაფტების ჩათვლით - ოვერდრაფტი მოკლევადიანი, წინასწარ დამტკიცებული კრედიტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მიიღოს დამატებითი თანხა საბარათე ანგარიშზე და დაფაროს მიმდინარე ხარჯები აღნიშნული ფულადი რესურსით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ კლიენტებს, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი ბანკში.
რედაქტორის შენიშვნა
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკიდან დაგვიკავშირდნენ. ეროვნული ბანკი არ ეთანხმება ფაქტ-მეტრის ვერდიქტს და თვლის, რომ დავით ბაქრაძის განცხადება მცდარია. მაგრამ, თავის მხრივ, სტატიაში გაანალიზებული მონაცემებიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი არ იზიარებს ბანკის ამ პოზიციას. შესაბამისად, სტატია და პოლიტიკოსის განცხადების ვერდიქტი უცვლელი რჩება. თუმცა, ჩვენს მკითხველს შეუძლია გაეცნოს ეროვნული ბანკის არგუმენტებს, რომელსაც ქვემოთ, უცვლელად გთავაზობთ:
„დაკრედიტების ეკონომიკაზე გავლენის დასახასიათებლად უნდა შევხედოთ დაკრედიტების ჯამურ მაჩვენებელს (როგორც ფიზიკურს, ისე იურიდიულს). მიმდინარე სტატისტიკით (https://goo.gl/uvJdX4), იანვარში გაცემული სესხების მოცულობა (ნაკადები) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტებას შევხედავთ, იანვრის თვეში დაკრედიტება მხოლოდ 1.3-ჯერ შემცირდა და არა 10-ჯერ. აღსანიშნავია, რომ იანვარში ფიზიკური პირების დაკრედიტების შემცირება დიდწილად გამოწვეულია რეგულაციის ამოქმედებამდე ბანკების მიერ ფიზიკური პირების აქტიური დაკრედიტებით. შესაბამისად, შეფასება, რომ დაკრედიტება 10-ჯერ შემცირდა სრულად მცდარია.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ერთ-ერთი შედეგი უნდა იყოს სესხების გადამისამართება სამომხმარებლოდან უფრო მეტად პროდუქტიულ სექტორებში. ამასთან, ბიზნესის დაკრედიტებას ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით უფრო დადებითი გავლენა აქვს, ვიდრე სამომხმარებლო სესხებს (რომელიც, ხშირად მოკლევადიანი და მაღალ პროცენტიანია).
რაც შეეხება ბანკებზე რეგულაციის უარყოფით გავლენას, უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსურ სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი კონკრეტული ინდიკატორით. სწორად ამიტომ, აქ მოვიყვანთ მესამე მხარის შეფასებას, როგორიც არის საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადება (იხ. ბმული https://goo.gl/tec5xk), სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. თუნდაც იმავე მომგებიანობის სტატისტიკაზე დაკვირვებით, 2019 წლის იანვარში უარყოფითი ეფექტი არ იკვეთება. კერძოდ, ბანკებმა იანვარში მომგებიანობის საკმარისად მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს. წლიურად წმინდა მოგება დარეზერვებამდე 34%-ით, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ვთვლით, რომ განცხადება, თითქოს რეგულაციებით დაზიანდა ბანკები სიმართლეს არ შეესაბამება“.