რეზიუმე: ეკონომიკის მინისტრი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დაანგარიშებული ნომინალური მშპ-ს მაჩვენებლების დროში ცვლილებას განიხილავს და მოყვანილი რიცხვები თანხვედრაშია სტატისტიკურ მონაცემებთან. თუმცა, ამ მაჩვენებლის დროში ანალიზის მიზნებისათვის გამოყენება, ანუ მისი დახმარებით ორი სხვადასხვა წლის შედარება არასწორია, ვინაიდან ნომინალური მაჩვენებელი[1] ინფლაციის ეფექტს შეიცავს და ანალიზისთვის არარელევანტურია. ამავდროულად, პპპ მშპ[2] სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით ითვლება და არა ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის დროში ცვლილების შესაფასებლად.

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების (სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნის გარეშე) შეფასებისას როგორც ნომინალური, ასევე მუდმივ ფასებში დათვლილი პპპ მშპ გამოუსადეგარი მაჩვენებლებია. წლების მიხედვით ეკონომიკის მოცულობის ცვლილებისა და ტენდენციის ანალიზისთვის კი ერთადერთი სწორი მაჩვენებელი რეალური მშპ-ა (ეროვნულ ვალუტაში, მუდმივ ფასებში). 2017 წელს საქართველოს რეალურმა მშპ-მ 28.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1991 წელთან (საბჭოთა კავშირის ბოლო წელს) შედარებით 1.2-ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ 1991-2017 წლებში ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა.

ანალიზი

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა: „საქართველოს ეკონომიკა მისი მსყიდველობითი უნარით ორჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე“.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური დოვლათის საზომად განსხვავებული ეკონომიკური მაჩვენებლები გამოიყენება (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით), რომელთაგან თითოეულის უნარი, აღწეროს ეკონომიკური მდგომარეობა უნივერსალური არ არის და მათი გამოყენების მიზნობრიობა შეზღუდულია. თითოეული მათგანი ეკონომიკის მხოლოდ კონკრეტულ ჭრილში შესაფასებლად არის ოპტიმალური. უშუალოდ მთლიანი შიდა პრიდუქტი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონელისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. გიორგი ქობულია თავის განცხადებაში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დათვლილ ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელზე საუბრობს. თუმცა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით მშპ-ს დათვლა და ერთ სულზე განაწილების მიზანი განსხვავებულ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების შედარებაა. ამრიგად, თუ მიზანი სხვა ქვეყნებთან მიმართებითი ანალიზი არ არის, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით საერთაშორისო დოლარში კონვერტირებული მშპ-ს განხილვა არამართებულია. მეორე მხრივ, მინისტრი მშპ-ს ნომინალურ მაჩვენებლებზე საუბრობს, რისი დროით ჭრილში შედარებაც არასწორია, ვინაიდან მაჩვენებელი ინფლაციას (ფასების ზრდას) მოიცავს და შესაბამისად, რეალურ სურათს ვერ ასახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულად ერთეულში გამოხატული მშპ-ს მოცულობა გაზრდილია, თუმცა ეს არ უჩვენებს რამდენად გაიზრდა ან შემცირდა წარმოებული საქონელი და მომსახურების მოცულობა.

არსებობს პპპ მშპ-ს მუდმივ ფასებში დათვლილი მაჩვენებლებიც, რომელიც თავისუფალია ინფლაციის გავლენისაგან, მაგრამ უშვებს ქვეყნებს შორის ფასთა ურთიერთმიმართების უცვლელობას, რაც ძალიან უხეში დაშვებაა და რეალური სურათის დანახვას ართულებს. ამავდროულად, აღნიშნული მონაცემი იმეორებს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპს, მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. პპპ მშპ მუდმივ ფასებში, კომპრომისული სიდიდეა და მხოლოდ ვიწრო მიზნით გამოიყენება. კერძოდ, როცა სხვა ქვეყნებთან მიმართებით ცალკეული ქვეყნის შედარებითი ეკონომიკური პოზიციის დროში ანალიზი ხორციელდება. შესაბამისად, მისი განხილვაც ერთი ქვეყნის ტენდენციის ანალიზისას შინაარსს მოკლებულია. წლების მიხედვით ერთი ცალკე აღებული ქვეყნის (ამ შემთხვევაში საქართველოს) ეკონომიკის მოცულობისა და მისი ზრდის ტემპის ანალიზისთვის ეროვნულ ვალუტაში, მუდმივ ფასებში დათვლილი მაჩვენებელი - რეალური მშპ უნდა განვიხილოთ.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში მოიპოვა, საბჭოთა კავშირი კი საბოლოოდ ამავე წლის დეკემბერში დაიშალა.2017 წელს საქართველოს მშპ-მ 28.3 მილიარდი ლარი შეადგინა.1991 წლისა (სსრკ-ს დაშლამდე ბოლო წელი) და 2017 წლის რეალური მშპ-ს მოცულობას შორის სხვაობა მხოლოდ 4.6 მლრდ ლარია, საქართველოში მშპ 1991 წელს 23.7 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლო წლის რეალური მაჩვენებელი, 2017 წლამდე მხოლოდ 1.2-ჯერ არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: საქართველოს მშპ და ეკონომიკური ზრდა (მლრდ ლარი, %)

წყარო: მსოფლიო ბანკი

1989 წლიდან საქართველოს ეკონომიკამ შემცირება დაიწყო. ამ წელს მშპ, წინა წელთან შედარებით, 7.2%-ით შემცირდა და შემდეგ წლებში ყოველწლიურად მცირდებოდა. ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 1995 წელს გაიზარდა, როცა ზრდის მაჩვენებელმა 2.5% შეადგინა. ყველაზე მეტად ეკონომიკა 1991-1993 წლებში შემცირდა, ხოლო 1989 წლიდან 1994 წლამდე, ხუთ წლიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 76.8%-ით შემცირდა.

ე.წ. პერესტროიკის შემდეგ, ზოგადად საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ ჩამოშლა დაიწყო. პირველად ეკონომიკის შემცირება 1986 წელს მოხდა, რაც 1989 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. 1991 წელს თითქმის 15-ვე საბჭოთა ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში კლება ყველაზე დიდი - 21.1% იყო. აღნიშნულ პერიოდში 15 ქვეყნის ეკონომიის მოცულობა მცირდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, დანარჩენ 14 ქვეყანასთან შედარებით, უფრო მეტად იკლებს, რაც ამ პერიოდში ქვეყნის წინაშე დამდგარ არაერთ შიდა თუ გარე გამოწვევას უკავშირდება.

გრაფიკი 2: ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი


[1] მიმდინარე (საბაზრო) ფასებში გამოსახული მონაცემი

[2] PPP მშპ-ს გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში, მათი სიმდიდრის შესაბამისად, ერთსა და იმავე ვალუტას განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი