რეზიუმე: ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ტრანსპორტის უხარისხო საწვავი წარმოადგენს. შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის დაცვისათვის მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხის კონტროლი. სწორედ ამიტომ, 2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინის ხარისხის ეროვნული სტანდარტის ყველა პარამეტრი თანამედროვე ევროპულ ნორმებს გაუტოლდა და ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. რაც შეეხება დიზელის ტიპის საწვავს, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ის ევრო 4-ის სტანდარტს გაუტოლდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი იანვრიდან, ევრო 5 ნორმას გაუტოლდება. შედეგად, 2018 წელს აღებული საწვავის ათეულობით სინჯის ანალიზისას დადგინდა, რომ არც ერთ საანალიზო ნიმუშში საწვავში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის მონიტორინგი თბილისში 2008, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 2014 წლიდან ხორციელდება. ტყვიის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 0.0003 მგ/მ3 წარმოადგენს.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციას ზღვრული ნორმისთვის 2008 წლის შემდეგ არ გადაუჭარბებია და კლების ყოველწლიური ტენდენციით ხასიათდება (ამ მხრივ გამონაკლისია 2015 წელი, როდესაც ტყვიის კონცენტრაციამ შედარებით მოიმატა, თუმცა დასაშვები ზღვრისათვის არ გადაუჭარბებია). 2017 წელს თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 0.00001 მგ/მ3 შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი საშუალო წლიური მაჩვენებელია. 2018 წელს თბილისში ტყვიის კონცენტრაციას დასაშვები ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია.

რაც შეეხება ბათუმს, რუსთავსა და ქუთაისს, აღნიშნულ ქალაქებში 2014-2017 წლებში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია ბათუმში 2014 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იკლებს. რუსთავსა და ქუთაისში, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მცირედით მოიმატა, თუმცა 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. თბილისისგან განსხვავებით, აღნიშნულ ქალაქებში ტყვიის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად არ ქვეყნდება, 2018 წელს ჰაერში ქიმიური ნაწილაკების საშუალო წლიური კონცენტრაციების შესახებ ანგარიში კი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ანალიზი

„ქართული ოცნება მწვანეების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ გადავედით ევროსტანდარტებზე და ამის შედეგია, რომ თბილისში და სხვა ქალაქებში ტყვიის შემცველობა ნორმაზე დაბალია“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომლის ფართო გავრცელებამაც მსოფლიოს დიდ ნაწილში გარემოს ძლიერი დაბინძურება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია. ეს არის კუმულაციური ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ნევროლოგიურ, ჰემატოლოგიურ, კარდიოვასკულარულ და თირკმლის სისტემებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის გავრცელების სხვადასხვა წყარო არსებობს. მათ შორის, მნიშვნელოვანია ნაგავსაყრელები, სადაც წვა ხდება, ტყვიის შემცველი საღებავები და სარემონტო მასალები, ტყვიის შემცველი საკვები (საკვები საღებავები) და ავტოტრანსპორტი. გამონაბოლქვ აირებში მყარი ნაწილაკების სახით გვხვდება ტყვიის ოქსიდები, ქლორიდები, ფტორიდები, ნიტრატები, სულფატები და სხვ. საქართველოში ტყვიის გავრცელების ყველაზე მასშტაბურ წყაროდ სწორედ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი სახელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 წლებში გატარდა რიგი ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით. 2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 40 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებიდან გაფრქვევების შემცირების ღონისძიებებისგან შედგება. სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა ძირითადად დედაქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება, რიგი ღონისძიებები სცდება დედაქალაქის ფარგლებს და მთელ საქართველოს მოიცავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰაერის ტყვიით დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს ტრანსპორტის გამონაბოლქვი წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საწვავისა და მისი ხარისხის კონტროლი. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ხარისხის ეროვნული სტანდარტის ყველა პარამეტრი თანამედროვე ევროპულ ნორმებს გაუტოლდა. რის შედეგადაც, ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 2017 წლის მაისში კი, მძიმე საწვავში გაზოლისა და საზღვაო ტრანსპორტის საწვავის სახეობებში განისაზღვრა გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობები. 2017 წელს შეიქმნა სამრეწველო გაფრქვევების ინტერაქტიული ელექტრონული რუკა: map.emoe.gov.ge, სადაც ინფორმაცია წყაროებისა და მათი საქმიანობის შესახებ ღიად არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება 2018 წელს, დაინერგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თანამედროვე ევროპული სტანდარტები, რის შედეგადაც ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის შეფასება თანამედროვე ევროპული სტანდარტების საფუძველზე ხორციელდება. ასევე, შეძენილ იქნა მობილური ავტომატური სადგური, რის შედეგადაც გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გამკაცრდა დიზელის საწვავის ხარისხის სტანდარტი, რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმას გაუტოლდება, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი, ევრო 4 სტანდარტს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუდმივად მიმდინარეობს საწვავის ხარისხის კონტროლი. 2018 წელს რამდენიმე ათეული სინჯი იქნა აღებული თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. აღებული სინჯები საანალიზოდ გადაიგზავნა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თითოეულ საანალიზო ნიმუშში ტყვიის შემცველობა შეადგენს 0.0025 გ/ლ-ზე ნაკლებს, რაც არ აღემატება საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმაში დაშვებულ ტყვიის შემცველობის ზედა ზღვარს (0.005 გ/ლ).

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით ოთხ ქალაქში ხორციელდება. ესენია: თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. თბილისში ჰაერის მონიტორინგი 2008 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში - 2014 წლიდან. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 0.0003 მგ/მ3 -ს შეადგენს. სწორედ 2008 წელს დაფიქსირდა თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ნორმაზე მეტი კონცენტრაცია. მას შემდეგ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო და წლიდან წლამდე კლების ტენდენციით ხასიათდება (ამ მხრივ გამონაკლისია 2015 წელი, როდესაც ტყვიის კონცენტრაციამ შედარებით მოიმატა, თუმცა დასაშვები ზღვრისათვის არ გადაუჭარბებია). 2017 წელს თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ 0.00001 მგ/მ3 შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი საშუალო წლიური მაჩვენებელია. რაც შეეხება 2018 წელს, გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნული წლის 13 ივნისიდან ყოველდღიურად აქვეყნებს ჰაერის მონიტორინგის შედეგებს. თუმცა, 25 სექტემბრამდე გამოქვეყნებული ბიულეტენები მხოლოდ მტვრის ნაწილაკების PM10 და PM2.5, ნახშირჟანგის, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის, NOX-ისა და ოზონის კონცენტრაციის ამსახველ მაჩვენებლებს შეიცავდა. მონაცემები ტყვიის კონცენტრაციის შესახებ 25 სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი. 25 სექტემბრიდან დღემდე გამოქვეყნებული ბიულეტენების ანალიზიდან ირკვევა, რომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციას ზღვრულად დასაშვები ნორმისათვის არ გადაუჭარბებია.

გრაფიკი 1: ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კონცენტრაცია ქ. თბილისში, 2012-2017 წლები

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

რაც შეეხება, ბათუმს, რუსთავსა და ქუთაისს. აღნიშნულ ქალაქებში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის ოდენობის მონიტორინგი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშებშია ხელმისაწვდომი. 2014 წლიდან 2017 წლამდე არც ერთ ზემოთ ხსენებულ ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტი არ ყოფილა. თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის შედეგები ყოველდღიურად არ ქვეყნდება, გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ინფორმაცია 2018 წელს ატომოსფერულ ჰაერში ქიმიური ნაწილაკების საშუალო წლიური კონცენტრაციების შესახებ ჯერ არ გამოუქვეყნებია. სწორედ ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის მაჩვენებლის შესახებ საუბარი შეუძლებელია.

გრაფიკი 2: ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კონცენტრაცია საქართველოს სამ ქალაქში, 2014-2017 წლები

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, უკეთესი იქნება, თუ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობაზე საუბრისას ორიენტირებულები ვიქნებით მის პრევენციასა და ნულამდე დაყვანაზე და „ნორმის“ ფარგლებში არსებობის შემთხვევაში არ შევწყვეტთ ბრძოლას მის წინააღმდეგ. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ტყვიის შემცველი (თუნდაც მცირე ოდენობით) ატმოსფერული ჰაერისგან წარმოქმნილი მტვერი, რომელიც სისხლში ილექება და ჯანმრთელობისათვის რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი