იტვირთება

რეზიუმე: 2019 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ნომინალური (აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული) მნიშვნელობა 1.3 მლრდ ლარით გაიზრდება და 19.8 მლრდ ლარს მიაღწევს. 18-დან 19.1 მლრდ-მდე იზრდება უშუალოდ სამთავრობო ვალი, რომელიც სახელმწიფო ვალის ნაწილს წარმოადგენს. მოცემული პროგნოზები ეყრდნობა დაშვებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.66-ის ნიშნულზე იქნება. ვალის კომპონენტებიდან იზრდება როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის ნომინალური მოცულობა.

თუმცა, როდესაც ვალზე ვსაუბრობთ, ნომინალური მაჩვენებლების ცვლილებაზე უფრო რელევანტური მონაცემი ფარდობითი მაჩვენებლის ცვლილების ტენდენციაა. აღნიშნული მიზნით, ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართების მაჩვენებელი გამოიყენება.

ყველაზე სავარაუდოდ მიჩნეული სცენარის[1] მიხედვით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, 2019 წელს სამთავრობო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება. თუმცა, ეკონომიკური ზრდის შენელებისა და 1.4%-ზე ჩამოსვლის შემთხვევაში სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 44.8%-მდე გაიზრდება. 56.1%-მდე გაიზრდება და კრიტიკულ ზღვარს (60%) მიუახლოვდება აღნიშნული ფარდობა თუ, სხვა თანაბარ პირობებში[2], ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით შემცირდება (გაუფასურდება).

რაც შეეხება დაპირებებს, ფინანსთა მინისტრმა მთავრობის წარდგენისას ნამდვილად განაცხადა, რომ საგარეო ვალის ზრდას არ დაუშვებდა, თუმცა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საუბარი ფარდობით მაჩვენებელს შეეხებოდა და არა აბსოლუტურს.

დეპუტატის განცხადება სამართლიანია სამთავრობო ვალის აბსოლუტურ მოცულობასთან მიმართებაში (დაშვებით, რომ ლარი არ გამყარდება მნიშვნელოვნად), თუმცა, ფარდობითი მაჩვენებლის შემთხვევაში, საბაზისო სცენარის თანახმად, მისი შემცირება, ალტერნატიული სცენარის შემთხვევაში კი ზრდა არის ნავარაუდევი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს და საკითხს მომავალში დაუბრუნდება.

ანალიზი

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას საქართველოს პარლამენტის წევრმა "ევროპული საქართველოდან", ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ცალკეული წევრების დაპირების მიუხედავად, 2019 წელს სამთავრობო ვალი გაიზრდება და არ შემცირდება.

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის[3] ნომინალური (აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული) მოცულობა 18.5 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი მოცულობიდან საგარეო და საშინაო ვალზე შესაბამისად 14.6 და 3.9 მლრდ ლარი მოდის. სამთავრობო ვალის მოცულობა კი (სახელმწიფო ვალს გამოკლებული ეროვნული ბანკის ვალი) 18 მლრდ ლარს უტოლდება.

თუმცა, ვალზე მსჯელობისას რელევანტურია ფარდობითი და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. გასული წლის ბოლოს მდგომარეობით სახელმწიფო და სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლები შესაბამისად 44.5 და 43.4%-ს შეადგენს[4].

გრაფიკი 1: სახელმწიფო და სამთავრობო ვალის ცვლილების ტენდენცია

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქსტატი


რაც შეეხება მომავლის პროგნოზს, 2019 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო საგარეო ვალი 15.4 მლრდ, ხოლო საშინაო ვალი 4.4 მლრდ ლარამდე გაიზრდება და ჯამური ნომინალური სახელმწიფო ვალი 19.8 მლრდ-ს მიაღწევს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ვალუტის კურსის ცვლილება მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელია. მოცემული მაჩვენებლები დაანგარიშებულია დაშვებით, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.66-ის ნიშნულზე ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ლარის ხსენებულ ნიშნულზე მეტად გამყარების შემთხვევაში ვალის ნომინალური მოცულობა შემცირდება, გაუფასურების შემთხვევაში კი გაიზრდება.

როგორც აღვნიშნეთ, ნომინალური ვალის ცვლილებაზე დაყრდნობით ვალის ზრდაზე საუბარი მიზანშეუწონელია, მნიშვნელოვანია როგორ შეიცვლება მისი ფარდობითი მაჩვენებლები. სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მოსალოდნელი პროგნოზი ვალის მდგრადობის ანალიზშიამოცემული და 2019 წლისათვის მისი შემცირება 42.6%-მდე არის ნავარაუდევი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოცემული შედეგის მიღწევისთვის უნდა შესრულდეს მთელი რიგი პირობები, მათ შორის მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2019 წელს 4.5% უნდა შეადგინოს, ხოლო ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ალტერნატიული სცენარების შემთხვევაში მიღებულ ფარდობით სიდიდეს, როცა აღნიშნული პირობები არ სრულდება, ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1: სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებლები 2019 წლისათვის

საბაზისო სცენარი:

მშპ-ს ზრდა=4.5%;

კურსის ცვლილება=0

მშპ-ს ზრდის შოკი:

მშპ-ს ზრდა = 1.4%

გაცვლითი კურსის შოკი:

ლარი უფასურდება 30%-ით

სამთავრობო ვალის ფარდობა მშპ-სთან

42.6%

44.8%

56.1%

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ყველაზე სავარაუდოდ მიჩნეული სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, 2019 წელს სამთავრობო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება. თუმცა, როგორც ცხრილიდან ჩანს, ეკონომიკური ზრდის შენელებისა და 1.4%-ზე ჩამოსვლის შემთხვევაში სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 44.8%-მდე გაიზრდება. 56.1%-მდე გაიზრდება და კრიტიკულ ზღვარს (60%) მიუახლოვდება აღნიშნული ფარდობა, თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 30%-ით შემცირდება (გაუფასურდება).



[1] ეკონომიკური ზრდა 4.5%, ვალუტის კურსის უცვლელობის პირობებში

[2] როცა იცვლება მხოლოდ კურსი, სხვა გავლენის მქონე ფაქტორები კი არა

[3] ვალის მოცულობა დაანგარიშებულია ე.წ "ისტორიული ვალის" ჩათვლით. "ისტორიული ვალი"შეადგენს საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილ ვალდებულებებს, რომელთა მხოლოდ საორიენტაციო ოდენობაცნობილი (672.3 მლნ ლარი)

[4] ნომინალური მშპ-ს მოცულობად აღებულია 41.5 მლრდ ლარი. მშპ-ს ნომინალური მაჩვენებლის დაზუსტებასთან ერთად მოცემული ფარდობები შესაძლებელია უმნიშვნელოდ შეიცვალოს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2751 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი