იტვირთება

მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი

რეზიუმე: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული პოსტი, რომელიც ირწმუნება, რომ 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ვანის ყელსაბამი მოიპარეს და ახლა ის საფრანგეთში სოსო თოფურიძემ თავისი ცოლის მეშვეობით გაყიდა, ყალბია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური განცხადების თანახმად, მსგავსი დეზინფორმაცია წინა წლებშიც ვრცელდებოდა, რისთვისაც 2013 წელს შეიქმნა კომისია. ამ უკანასკნელს 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხი უნდა შეესწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს. გარდა ამისა, ვანის ყელსაბამი ამჟამად ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმშია გამოფენილი. გამოფენის დასრულების შემდეგ კი, 5 მარტიდან, კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.


ანალიზი

9 თებერვალს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია „2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტის საფრანგეთში გაყიდვის“ შესახებ. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ ანტიკვარიატის ყიდვა-გაყიდვის ფრანგულ საიტზე წააწყდა ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტს, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნით თარიღდება. მომხმარებელი ამტკიცებს, რომ 12 ცალი კუს გამოსახულებიანი სამკაული 2011 წელს ეროვნული მუზეუმიდან გაქრა, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია. რამდენიმე დღის წინ კი, ეროვნული საგანძური სოსო თოფურიძემ ,მისი ცოლის მეშვეობით, გაყიდა და თანხა სრულად მოხმარდა ბელგიაში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტების შეხვედრის ორგანიზებას.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რიგი მომხმარებლები პოსტის ავტორს იმ ფრანგული ვებგვერდის დასახელებას სთხოვენ, სადაც განცხადება იყო განთავსებული, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმიც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა, რისთვისაც 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიამ მუშაობის შედეგად დაასკვნა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური განცხადების თანახმად, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე. ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან კი, კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.


მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი