რეზიუმე: ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით, ე.წ. გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 17 იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაცია მოეხდინათ იმ დროისთვის არსებულ გაცვლით კურსზე 20 თეთრით დაბალ ფასად, ხოლო აღნიშნული სხვაობის დაფარვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდებოდა სუბსიდიის სახით. პროგრამა შეეხო მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის 1 იანვრამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ჰქონდათ აღებული.
მთავრობა ამ პროგრამაზე დიდ იმედს ამყარებდა და მნიშვნელოვან ბენეფიტებს პროგნოზირებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროგრამით დაგეგმილზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა. შეიძლება ითქვას, რომ მსესხებლების უმრავლესობისთვის პროგრამა სარგებლიანი არ აღმოჩნდა, ან ხელისუფლებამ მოსახლეობამდე ინფორმაცია არასრულყოფილად მიიტანა.
ცვლილებების ძალაში შესვლის პერიოდისთვის (2017 წლის იანვარი) კომერციული ბანკების მიერ სესხის სახით 18.9 მლრდ ლარი იყო გაცემული, საიდანაც 6.5 მლრდ ლარი (35%) ლარში, 12.3 მლრდ (65%) კი უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული. 1-ლი აპრილის მონაცემებით, ანუ პროგრამის დასრულებისას, გაცემული სესხების მაჩვენებელმა 18.3 მლრდ ლარი შეადგინა, მათ შორის 7.1 მლრდ ლარი (39.1%) ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 11.2 მლრდ ლარი (60.9%) უცხოურ ვალუტაში. ამდენად, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, დოლარიზაციის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.
დოლარიზაციის კლება სრულად აღნიშნული პროგრამით გამოწვეული პროცესებით არ აიხსნება, თუმცა, ბუნებრივია, ხელოვნურმა ჩარევამ კონკრეტულად მოცემული პერიოდის მაჩვენებლების ცვლილებაზე გავლენა იქონია. ზოგადად, ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა პროექტს წარუმატებელი ეწოდოს. კერძოდ, სესხების კონვერსიის პროცესის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების (65 მლნ) მხოლოდ 24.2% (15.7 მლნ) იქნა ათვისებული. პროგრამით ისარგებლა 5 614-მა ბენეფიციარმა, მაშინ როცა ცვლილებები, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 33 ათას, ხოლო ეროვნული ბანკის პოზიციით, 27 ათას მსესხებელს უნდა შეხებოდა. ამდენად, სესხის გალარება მისაღებად მოვალეთა მხოლოდ 17-20%-მა მიიჩნია.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა: „თქვენ გახსოვთ გალარების პროგრამა, რომელსაც თითქოს სესხების პრობლემა უნდა მოეხსნა. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ბიუჯეტიდან 65 მლნ-ს დავხარჯავთ. სინამდვილეში, როცა ეს პროგრამა მორჩა, 15 მლნ დაიხარჯა“.
ამ განცხადებით, პოლიტიკოსმა პროგრამის წარუმატებლობას გაუსვა ხაზი. კერძოდ იმას, რომ მთავრობა ინიციატივაზე დიდ იმედს ამყარებდა და იმედოვნებდა, რომ ლარის კურსზე ზეწოლის მოხსნასთან ერთად, მოსახლეობა მთელ რიგ სარგებელს მიიღებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროგრამით დაგეგმილზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა, რაც პროგრამის არაეფექტურობაზე მეტყველებს.
ლარის კურსი დევალვაცია დოლართან და რიგ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურების გაძვირების საკითხი აქტუალური გახდა. ლარის გაუფასურებამ გააძვირა სესხის მომსახურება იმ პირთათვის, ვისი შემოსავალიც ლარში, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაში იყო. სავალუტო რისკის მაღალი დონე საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ცალკე აღებული მსესხებლისთვის, არამედ, მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანად ფინანსური სექტორისთვის. შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესია, ფიზიკურმა პირებმა (რადგან მათ ნაკლებად შეუძლიათ სავალუტო რისკების დაზღვევა) სესხი აიღონ იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ.
ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრის საფუძვლით, ე.წ. „გალარების“ ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა სესხის ლარში კონვერტაცია მოეხდინათ ფაქტიურ გაცვლით კურსზე 20 თეთრით დაბალ ფასად, ხოლო აღნიშნული სხვაობის დაფარვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდებოდა სუბსიდიის სახით. პროგრამა შეეხო მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის 1 იანვრამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ჰქონდათ აღებული.
ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისათვის (2017 წლის იანვარი) კომერციული ბანკების მიერ 18.9 მლრდ ლარი იყო გაცემული, საიდანაც 6.5 მლრდ (35) ეროვნულ ვალუტაში 12.3 მლრდ (65%) ლარი კი, უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული.
გრაფიკი 1: სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის ცვლილების ტენდენცია
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გალარების პროგრამის განმავლობაში, რომელიც დაიწყო 17 იანვარს და დასრულდა 24 მარტს, ლარში გაცემული სესხების პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია აღინიშნებოდა. 2017 წლის 1-ლი აპრილის მონაცემებით, ანუ როცა პროგრამა დასრულდა, გაცემული სესხების მაჩვენებელი იყო 18.3 მლრდ ლარი, მათ შორის 7.1 მლრდ ლარი (39.1%) ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 11.2 მლრდ ლარი (60.9%) უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის ცვლილების ანალიზისას გასათვალისწინებელი ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსიც. რადგან სესხების ჯამური მოცულობა ლარშია გამოსახული, ლარის გამყარება დოლარში გაცემული სესხების ლარში გამოსახულ მოცულობას ამცირებს. ამავდროულად, 2017 წლის იანვრიდან, ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა.
გრაფიკი 2: ლარის კურსის დინამიკა 2017 წელს
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დოლარიზაციის კლება სრულად აღნიშნული პროგრამით გამოწვეული პროცესებით არ აიხსნება, თუმცა, ბუნებრივია, ხელოვნურმა ჩარევამ კონკრეტულად მოცემული პერიოდის მაჩვენებლების ცვლილებაზე გარკვეული გავლენა იქონია.
საბოლოო ჯამში, ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლოა პროგრამას წარუმატებელი ეწოდოს. კერძოდ, სესხების გალარების პროცესის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების (65 მლნ) მხოლოდ 24.2% (15.7 მლნ) იქნა ათვისებული. პროგრამით ისარგებლა 5 614-მა ბენეფიციარმა, მაშინ როცა ცვლილებები უნდა შეხებოდა (მაშინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადებით) 33 ათას, ხოლო ეროვნული ბანკის პოზიციით 27 ათას მსესხებელს. მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ სესხის ლარში გადატანა მისაღებად მოვალეთა მხოლოდ 17-20%-მა მიიჩნია.