იტვირთება

რეზიუმე: ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ ნაკვეთზე ბათუმისთვის ახალი სასაფლაოების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 3 მლნ 693 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი 2015 წლის 4 ივნისს გამოცხადდა. გამარჯვებულ შპს „მამისონთან“ 29 ივლისს 3.4 მლნ ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 18 თვეში, 2017 წლის 29 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო.

2015-2018 წლებში ხელშეკრულება ცხრაჯერ შეიცვალა. საბოლოოდ, შპს „მამისონის“ მიერ შესრულებული სამუშაოები შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტმა“ შეაფასა და დაასკვნა, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელია. 2017 წლის 20 დეკემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის მიხედვითაც, იმ მომენტისთვის, მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 3 391 398 ლარის სამუშაოები (დღგ-ის ჩათვლით). გარდა ამისა, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ ახალი სასაფლაოების პროექტის მომზადებაში 27 000 ლარი და გარე წყალმომარაგების სამუშაოებისთვის 87 000 ლარი გადაიხადა. ჯამში, ახალი სასაფლაოების მოწყობა ბიუჯეტს 3.5 მლნ ლარი დაუჯდა.

მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის ბოლოს გაფორმდა, თუმცა, არსებული მდგომარეობით, ახალი სასაფლაო ჯერაც არ ფუნქციონირებს. შემსყიდველი ამას გეოლოგიური ასპექტებით ხსნის და არგუმენტად მიწას ასახელებს, რომელიც ჯერაც ვერ „დაჯდა“, რასაც, „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელის თქმით, კიდევ ერთი-ორი წელი დასჭირდება. მიმწოდებელი ამ არგუმენტს აბსურდულად მიიჩნევს და პროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. პროექტის ავტორი ორივე მხარის არგუმენტს უარყოფს და აცხადებს, რომ პროექტი სრულყოფილი იყო და მასზე მუშაობის პროცესში გეოლოგები აქტიურად იყვნენ ჩართული. ფაქტია, რომ მუნიციპალური ორგანიზაცია ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

ანალიზი

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ანთაძემ, განაცხადა: „ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ შარშან ჩაიბარა თითქოს გამზადებული სასაფლაო, რომელშიც 3 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯა და დღემდე ის არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ არ არის დასრულებული და სამუშაოების ნახევარიც არ არის შესრულებული. იქ [ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებში] 17 საშტატო ერთეულს ამატებენ“.

უკვე არსებული სასაფლაოების შევსების გამო, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, რომელიც, მისი აზრით, ქალაქს ახალი საფლავებისთვის მიწის გამოყოფის პრობლემას 30 წლით მოუხსნიდა. მშენებლობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, საჭირო დოკუმენტაცია ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“, მოამზადა. სწორედ ამიტომ, ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციიდან გამოითხოვა. პარალელურად, ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები. როგორც ირკვევა, შპს „მამისონთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები ვადის გახანგრძლივებას, გეგმა-გრაფიკსა და ხარჯთაღრიცხვას შეეხო, თუმცა ლოკალური ხარჯთაღრიცხვა იგივე დარჩა. საბოლოოდ, სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.

თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში შედგენილი ინსპექტირების ოქმის მიხედვით, „მამისონის“ მიერ შესრულებულია 3 389 223 ლარის სამუშაო, რომლის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია.

მიღება-ჩაბარების აქტისა და საბოლოო გადახდის სერთიფიკატისთანახმად, მიმწოდებელმა, დღგ-ის და ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, 3 391 398 ლარის მშენებლობა განახორციელა. დოკუმენტს ხელს აწერენ შემსყიდველი და მიმწოდებელი მხარეები.

მიუხედავად ამისა, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორმა გვითხრა, რომ შპს „მამისონმა“ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად ვერ განახორციელა. „სადაც სასაფლაო გაკეთდა, იქ მიწა ჯდება ჯერ კიდევ, სადაც ნაყარი მიწაა. მაგას სჭირდება, ალბათ, 2-3 წელი. სადაც ნაყარი მიწა არ არის, იქ შეიძლება დასაფლავება. დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარებულია. დაგვრჩა საშტატო ერთეულები და გეოლოგების სამუშაოები. ეს ჩაიბარა ექსპერტიზამ, ამის საფუძველზე ჩავიბარეთ ჩვენ... არ იყო პროექტი იმ დონის... რომ დასრულდეს ის სამუშაოები, ახალი ტენდერი გამოცხადდება... 3.5 მლნ ლარის სამუშაო შესრულებულია, მაგრამ საკმარისი არ არის და პროექტის დასასრულებლად კიდევ 1.5 მლნ ლარია საჭირო... ჩვენც არ მოგვწონს რაც გაკეთდა“ - აცხადებს ფაქტ-მეტრთან ავთანდილ ბურკაძე.

ჩვენ შპს „მამისონის“ დირექტორსაც ვესაუბრეთ. „პროექტი სრულყოფილად რომ არ გვქონდეს შესრულებული, მიღება-ჩაბარებას ვერ გავაკეთებდით... საქმის შესწავლა უნდა დაიწყოთ პროექტის ავტორისგან. ლოგიკურად რომ შეხედოთ, ლოკაციაც ისეთია, ადგილიც ისეთია... ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, ბევრი დაბრკოლება იყო, რომლებიც ჩვენ გამოვასწორეთ... საგარანტიო თანხა გვქონდა დაკავებული, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ დაგვიბრუნდა... რას ჰქვია, მიწა დაჯდება, ვინ დაელოდება მიწის დაჯდომას. პროექტი ხორციელდებოდა შეთანხმებისამებრ. როცა პროექტი სრულყოფილად არ არის გაკეთებული, კორექტირება სჭირდება“ - გვითხრა ირაკლი ჭკადუამ.

იმ პროექტში, რომლის ხარვეზებზეც მუნიციპალური ორგანიზაციისა და შპს „მამისონის“ ხელმძღვანელებმა მიუთითეს, „ბათუმის სასაფლაოებმა“ 27 500 ლარი გადაიხადა.

პროექტის ავტორი ლევან იმედაძე ფაქტ-მეტრთან ცვლილებების მიზეზების ახსნას ცდილობს: „ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ სადაც გზა უნდა გასულიყო, იქ [სოფლის მოსახლეობამ] მიცვალებული დაასაფლავა... ამ ცვლილებამ ბევრი რამის შეცვლა გამოიწვია. პროექტი ნორმალურად არის განხორციელებული. ის [ა(ა)იპ-ის დირექტორი] არ არის სპეციალისტი, [გეოლოგების მიერ] გამოკვლეულია რამდენჯერმე ეს ადგილი. რაც დასაჯდომი იყო [მიწა], დაჯდა. არ ვიცი, [სასაფლაო] რატომ არ ფუნქციონირებს. ერთი წლის წინაც შეიძლებოდა მისი ფუნქციონირება“. რატომ გახდა საჭირო ამდენი ცვლილება, ამაზე ავტორს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გარე წყალმომარაგების სამუშაოებიც, 27 ათასი ლარის ფარგლებში. კომპანიამ ეს სამუშაოები შეასრულა. 2018 წლის ივლისში „ბათუმის სასაფლაოებმა“ გარე წყალმომარაგების მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი კიდევ გამოაცხადა და ამჯერად, 87 197-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ქედესთან“ გააფორმა. „ბათუმის სასაფლაოების“ შესყიდვების კოორდინატორი რამაზ ფირცხალაშვილი გვიხსნის, რომ „მამისონმა“ მონტაჟი პროექტის მიხედვით განახორციელა, მაგრამ წყალსადენის ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა, რომ ეს სამუშაოები საკმარისი არ იყო. რადგან ობიექტი ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზეა, დამონტაჟდა სანასოსე სისტემა და განხორციელდა სხვა ცვლილებები.

ამ ეტაპზე ბათუმის ახალი სასაფლაოებისთვის გახარჯული თანხა, გარე წყალმომარაგებისთვის მეორედ გადახდილი თანხისა და პროექტის ღირებულების გათვალისწინებით, 3.5 მლნ-ს აღემატება, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი კი ჯერაც გაურკვეველია.

2019 წლის ბიუჯეტში „ბათუმის სასაფლაოებისთვის“ გამოყოფილია 761 200 ლარი, საიდანაც 517 200 ლარი (67.95%) შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, ხოლო 87 000 - საქონელსა და მომსახურებას.

ინფორმაციისთვის, „მამისონის“ დირექტორმა ირაკლი ჭკადუამ, 2017 წელს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა, ხოლო გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ ჩალაძემ, 30 000 ლარი გადაურიცხა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი