იტვირთება

ჯერ კიდევ საახალწლო მიმართვაში და მოგვიანებით, 11 იანვრის პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამებაზე და მის შესაძლო რეგულირებაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისწამებაზე გაამახვილა: „დღეს სოციალური ქსელები ქმნის ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. როდესაც მხოლოდ მედიაზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე, მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ზოჯგერ ანონიმურია, ზოგჯერ სხვა ქვეყნის მიერაა მართული, საჭიროა, ვიფიქროთ ამ მიმართულებით“. საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად, ზურაბიშვილმა საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანამარათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ, საარჩევნო პერიოდში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომლებიც ასახულია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში“.

როგორც აღვნიშნეთ, პრეზიდენტის პრესკონფერენციას წინ უძღოდა მისივე საახალწლო მილოცვა, სადაც მან პირველად გააჟღერა ცილისწამების რეგულირების საკითხი. ამის შემდეგ იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლე, სადაც პატრიარქმა „სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებაზე“ ისაუბრა. პრეზიდენტისა და პატრიარქის განცხადებებს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე კომენტარისას, რეგულირების საკითხი არ გამორიცხა, თუკი ეს უკანასკნელი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოწესრიგდებოდა. როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ დაწყებულ არასასიამოვნო ფეისბუქ კამპანიასა და მის პირად დისკომფორტს დავუკავშიროთ, ცილისწამების რეგულირების საკითხი ოსტატურად წარმოგვიდგინეს, როგორც ქვეყნის სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს შორის ერთიანობის მაგალითი.

აღნიშნული განცხადებები და, ზოგადად, ცილისწამების რეგულირების საკითხი ქართული რეალობისთვის არახალია და ის, სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების მიერ პრობლემად წარმოდგენის გამო, გასულ წლებშიც ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. ერთ-ერთ ასეთ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც 2015 წელს დარეგისტრირებული ა(ა)იპ-ია და საზოგადოების ყურადღება სწორედ 2016 წელს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით მიიპყრო, რომელიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტების სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობდა. გასულ წელს, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ასევე გამოვიდა ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით.

ცილისწამების კრიმინალიზებას და მის სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნებას რომ შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, გასულ წლებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებისთვისაც ცალსახა იყო: „მე, როგორც იურისტი, მივიჩნევ და ვფიქრობ საბოლოო ჯამში გუნდის პოზიციაც ეს იქნება, რომ ცილისწამების კრიმინალიზაცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს“ - აცხადებდა მამუკა მდინარაძე. თუმცა, როგორც ჩანს, 2019 წელს ცილისწამების რეგულირების საკითხი, როგორც მინიმუმ მისი განხილვა, უმრავლესობისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც პრეზიდენტის, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, საკითხის დარეგულირების საჭიროებისა თუ შესაძლებლობის არგუმენტად, საფრანგეთის მიერ მიღებული „ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი“ დასახელდა. კანონის მიზნის ქართული ინტერპრეტაცია და დაცული სფეროს განსაზღვრა ფრანგული კანონმდებლობისაგან განსხვავებულად მოხდა და ის ცილისწამების შესაძლო რეგულირებას დაუკავშირდა. რეალურად კი, ფრანგული კანონის მიზანი ქვეყანის წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი და მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელებისაგან დაცვაა, რომლებმაც შესაძლოა სახელმწიფოს დესატაბილიზაციასა და უმართავი პროცესების წარმართვას შეუწყონ ხელი.

საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ეს უფლება ქმნის როგორც პიროვნების თვითრეალიზების, ასევე საზოგადოების განვითარების მთავარ საყრდენს. სწორედ ამიტომაა, რომ ავტორიტარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ზღვარიც ხშირად ამ უფლებაზე გადის. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იშვიათად შეიძლება აღმოჩნდეს აუცილებელი. ასეთი აუცილებლობის ფარგლები კიდევ უფრო მცირდება, როცა საქმე მედიის თავისუფლებას ეხება. ორივე თავისუფლების ძალიან მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი შეზღუდვაც განსაკუთრებულ გამართლებას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტმა კანონისიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ 2004 წლის 24 ივნისს მიიღო, რითიც ქვეყნის სამართლებრივი სივრცე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოვიდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წელს ეუთომ გამოაქვეყნა შედარებით-სამართლებრივი კვლევა, მისი წევრი სახელმწიფოების ფარგლებში ცილისწამებისათვის პასუხისგმებლობის დაკისრების სამართლებრივი ფორმების შესახებ, სადაც საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულირების ფორმა დადებითადაა შეფასებული და იგი იმ მცირე რაოდენობის ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებშიც ცილისწამება სისხლისამართლებრივად არ ისჯება.

ამჟამად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და შესაბამისად, შეფასებითი მსჯელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად. როგორი მიუღებელი და უკიდურესი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს აზრის დაფიქსირება (რომელიც არ მოიცას კონკრეტული ფაქტების მტკიცების პრეტენზიას), ეს უკანასკნელი მაინც სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს და არ შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი, რაც 2004 წელს მიღებულმა კანონმა დაამკვიდრა „დეფამაციის დეკრიმინალიზაცია“ იყო, რადგან კანონმდებლობიდან გაქრა ბერკეტი, რომელიც ნებისმიერი მმართველი პარტიის ხელში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ინსტრუმენტი შესაძლოა ყოფილიყო.

საფრანგეთის კანონი ცილისწამების რეგულირება თუ რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა

საფრანგეთში მიღებული კანონი ევროპის ბევრ დედაქალაქში განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დემოკრატიულობის ხარისხში ცოტამ თუ შეიძლება შეიტანოს ეჭვი, კანონს ღია მოწინააღმდეგეები მაინც გამოუჩნდნენ, რომლებმაც სიტყვის თავისუფლებასთან მისი თანხვედრის საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს და კანონის აღსრულების საკითხში შესაძლო რისკებზე ისაუბრეს.

ბუნებრივია, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქართველი პოლიტიკოსებიც აქტიურად ადევნებენ თვალყურს ევროპაში მიმდინარე დისკუსიას და ცდილობენ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებას პოლიტიკის ფორმირების პროცესში. თუმცა, საქართველოში ფრანგულ კანონზე მსჯელობის კონტექსტში რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ, კანონის ინტერპრეტაცია არასწორი მიმართულებით მოხდა და დავიწროვდა მისი მოქმედების ფარგლები. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებიდან ჩანს, რომ კანონი, რომელიც საფრანგეთში წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიიღეს, საქართველოში ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამკაცრების საჭიროების არგუმენტად გამოიყენეს. მსგავსი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე კი, კანონის, როგორც რუსეთის ფედერაციისგან ყოველდღიურად მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ბერკეტად გამოყენების მიზანი არსად ჩანს. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები კვლავ ბუნდოვანია.

სამწუხაროდ, საქართველოში ფრანგული კანონის გარშემო მიმდინარე დისკუსიისას არ საუბრობენ იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში დააანონსა „ყალბის ინფორმაციის წინააღმდეგკანონის შექმნის ინიციატივა. მაშინ, საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საუბრისას, მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსული მედია, კერძოდ, ტელეარხი Russia Today (RT) და განაცხადა, რომ მედიასაშუალება მის წინააღმდეგ, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დეზინფორმაციას ავრცელებდა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 2018 წლის 20 ნოემბერს საფრანგეთმა მიიღო კანონი ,,ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ“, რომელიც, მისი მხარდამჭერების აზრით, ხელს შეუშლის სხვა სახელმწიფოებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

აღნიშნული კანონის თანახმად,წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეებს აქვთ უფლება, სოციალური მედიის პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის მოხსნადაავალონ. თუმცა, იმისთვის, რომ ინფორმაცია ყალბად იქნეს მიჩნეული და სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს, იგი სამ კრიტერიუმს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ახალი ამბავი უნდა იყოს ცხადი;
  • განზრახ ვრცელდებოდეს დიდი მასშტაბით;
  • გამოიწვიოს მშვიდობის დარღვევა და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

სამივე პირობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთი-მეორის გარეშე ვერ შექმნის იმ ე.წ. „უარყოფით ეფექტს“, რომლის პრევენციასა და დასჯადობას ითვალისწინებს კანონი. შეიძლება ითქვას, ზემოაღნიშნული პირობები წარმოადგენს ერთგვარ ტესტს, რომ კანონი უკონტროლო ძალაუფლების მატარებელი არ გახდეს და სპეციალურ მიზანს ემსახურებოდეს, რომელიც კანონშემფარდებელს არ მისცემს კანონის ფართო და შეუზღუდავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. კანონის მსგავსი ინტერპრეტაციის შესაძლებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის რისკებზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომაც, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოა. საბჭომ იმსჯელა კანონის მიზანზე და იგი პირდაპირ დაუკავშირა საარჩევნო პროცესს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სენატორებმაც, რომელთა მიერ მოხდა „ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“ კანონის ინიცირება, იმსჯელეს უკვე არსებული, „პრესის თავისუფლების შესახებ“ 1881 წლის კანონის შესახებ და ერთხმად აღიარეს, რომ აღნიშნული კანონი სავსებით საკმარისი სამართლებრივი ბერკეტია დაარეგულირონ დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის, ცილისწამება; ახალი კანონის მიღების საჭიროება კი, კონკრეტულად არჩევნების პერიოდში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის წინააღდმეგ ბრძოლის გაძლიერებას დაუკავშირეს. შეიძლება ითქვას, რომ კანონის დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ განისაზღვრა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო საბჭოს მიერ კანონი დასაშვებად იქნა ცნობილი, რთულია იმის თქმა, რამდენად შეძლებს საფრანგეთის ხელისუფლება ბალანსის დაცვას ან რამდენად ეფექტური იქნება კანონი აღსრულების პროცესში.

სამართლებრივი ბერკეტები

საფრანგეთის კანონის თანახმად, ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ერთ-ერთ სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებლის უფლება, შეაჩეროს ან შეწყვიტოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მაუწყებლობა, რომელიცლახავს ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს“. ასევე, ციფრულ პალტფორმებს დაეკისრათ მეტი გამჭვირვლობის ვალდებულება, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში მასალების რეკლამირების შემთხვევაში, მათ დაევალათ რეკლამის დამკვეთის და გადახდილი თანხის გასაჯაროება. კანონდარღვევისათვის გათვალისწინებულია სანქცია ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმის 75 ათასი ევროა.

მიუხედავად მსგავსი მოწესრიგებისა, ქართულ რეალობაში, მმართველი გუნდისა და მასთან სხვაგვარად დაახლოებული საჯარო პირების მიერ, ერთხმად, ფრანგული კანონმდებლობის სხვაგვარი, ფუნდამენტურად განსხვავებული განმარტებები გაკეთდა და უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდის წინააღდმეგ ბრძოლას გულისხმობს, მეორეხარისხოვანი გახდა. შესაბამისად, კანონის სპეციალური მიზანი გახდა ინდივიდებს შორის ცილისწამებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის უფრო რთული ფორმით სამართლებრივად დარეგულირება და პასუხისმგებლობის დაკისრება.

„ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღდმეგ“ სამართლებრივი რეგულაციის გამკაცრების ქართული პერსპექტივა

ყალბი ამბები და მოსახლეობის აზრის მიზანმიმართული მანიპულირება გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად დასავლური სივრცისთვის. საფრანგეთის მიერ მიღებული კანონი, უპირველესად, მიმართულია რუსეთის მიერ განხორციელებული მავნე ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მიზნად ისახავდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და მის შედეგებზე კრემლის ინტერესების სასარგებლოდ გავლენას.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ დეზინფორმაციის საფრთხის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმების გამზადებული რეცეპტები არ არსებობს. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შეეცადა რუსული მავნე გავლენის ერთ-ერთი კომპონენტის - არჩევნების დროს ყალბი ამბების აღკვეთას. თუმცა, კანონის აღსრულების პრაქტიკის არარსებობის გამო იმის შეფასებაც რთულია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ფრანგული მოდელი.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სოციალური ქსელებით საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ ხშირად ხდება ინფორმაციით მანიპულირება. საქართველო გაცილებით ადრე გახდა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის სამიზნე, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპული ქვეყანა და უმჯობესი იქნებოდა, ქვეყნის პირველი პირი ღიად საუბრობდეს ამ გამოწვევაზე და მისი ინიციატივაც სწორედ რუსეთის პროპაგანდის აღკვეთის გზებზე იყოს მიმართული. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მავნე ზეგავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ყალბი ამბებითა და საინფორმაციო ომით. კრემლი ბევრი სხვა მეთოდით ცდილობს ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საგარეო პოლიტიკურ სივრცეებში ქვეყნის სისუსტეების გამოყენებას. ყალბი ამბების გარდა რუსეთი საქართველოში ეფექტურად იყენებს „ეროვნულ“ ფასადს ამოფარებულ ულტრა-ნაციონალურ ჯგუფებს და ე.წ. „სასარგებლო იდიოტებს“, რომელთა საშუალებითაც ცდილობს დასავლეთისა და ზოგადად, დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ სკეპტიციზმის გაღვიღებას და საპირისპიროდ, მოსახლეობის დარწმუნებას, რომ „ხსნა“ რუსეთშია. კრემლის მიზანმიმართული პოლიტიკაა, ასევე ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე გავლენის მოპოვება და საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ რისკებისა და სისუსტეებისა, რაც საქართველოს რუსული ჰიბრიდული საფრთხეების პირისპირ გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფოს საპასუხო პოლიტიკაც უნდა იყოს ყოვლისმომცველი, რომელიც რუსული მავნე გავლენის არა ერთი რომელიმე კომპონენტის, არამედ მთლიანად მისი ეფექტური აღკვეთისკენ უნდა იყოს მიმართული.

სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია მოუწოდებს მთავრობას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის დეზინფორმაციასა და ზოგადად, ჰიბრიდულ საფრთხეებზე საბრძოლველად. ამ გამოწვევის ფონზე, ქვეყნის პირველი პირების მიერ საფრანგეთის კანონის იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს ეს ცილისწამების რეგულირებაა - ფუნდამენტურად არასწორია. ქვეყნის წინაშე მდგარი ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მთავრობა და პარლამენტი, სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, განიხილავდნენ ამ საფრთხეებთან გამკლავების პოლიტიკას. მათ შორის, შესაძლებელია, დისკუსია გაიმართოს საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ირგვლივაც, თუმცა, არა იმ ინტერპრეტაციით როგორც ეს ჯერჯერობით საქართველოში ხდება.

ავტორები:გიორგი ტყებუჩავა, მარიამ წიწიკაშვილი


მსგავსი სიახლეები

2858 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი