რეზიუმე: ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, შემაშფოთებელი იყო საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებული გარემო, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უბნის გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. მისიის შეფასებითვე, კოორდინატორები საარჩევნო უბნის გარეთ ახორციელებდნენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, NDI-ის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები დააფიქსირეს, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები ეჭირათ ან/და დიდ ჯგუფებად იდგნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI)“ შეფასებით, მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ განცხადებით, რომელიც მან არჩევნების დღეს გაავრცელა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება შეიმჩნეოდა მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით.
ანალიზი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „არჩევნებზე გარეთ შეკრებილ ელემენტებზე, ყველა ორგანიზაციის ანგარიშში წერია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2018 წლის 19 სექტემბერს „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)“ არჩევნების სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 14 საერთაშორისო ექსპერტის, 28 გრძელვადიანი[1] დამკვირვებლის და 350-მდე მოკლევადიანი[2] დამკვირვებლისგან. მისია აფასებდა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესაბამისობას ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, მის თანხვედრას ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასთან. ეუთოს მისია არჩევნებს აფასებდა არა მხოლოდ მასზე უშუალო დაკვირვების გზით (ორივე საარჩევნო დღეს ადგილზე დაკვირვება), არამედ საარჩევნო გარემოს შესწავლითაც[3]. მონიტორინგის პროცესში, მისიის წევრები შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციას და უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების სხვა სამეთვალყურეო დელეგაციები, როგორიც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები, ძირითადად, მონიტორინგის დროს, სწორედ, ეუთოს მისიასთან ერთად მუშაობენ. შესაბამისად, ეუთოს მისიის მიერ შეფასებულ არჩევნებს და მომზადებულ ანგარიშებს, აბსოლუტურად, იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.
არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 8 კვირის ვადაში წარადგენს ხოლმე. თუმცა, მანამდე ეუთომ წარადგინა რამდენიმე შუალედური შეფასება, მათ შორის, 28 ნოემბრის არჩევნების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების დოკუმენტი.
დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო უბნის გახსნა ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესები დადებითად შეფასდა, თუმცა შემაშფოთებელი იყო საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებული გარემო, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო უბნის გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. მისიის შეფასებითვე, კოორდინატორები საარჩევნო უბნის გარეთ ახორციელებდნენ ორივე კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხმების დეტალურ შესწავლას, თუმცა ეს პრაქტიკა უფრო ხშირად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ იყო ამოქმედებული. ბევრ უბანზე კოორდინატორების საქმიანობას მუნიციპალური უწყებები უწევდნენ ზედამხედველობას. რამდენიმე შემთხვევაში, ასეთ სიებზე დატანილი იყო ამომრჩეველთა ფოტოებიც. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ან ადგილობრივი დამკვირვებლები ამომრჩევლებს სთხოვდნენ მათ მიერ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტინის წარდგენას (ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილი სხვა მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის სხვა სტატიებში: სტატია 1; სტატია 2).
კიდევ ერთი დელეგაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა იყო „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ სადამკვირვებლო დელეგაცია, რომელიც ხუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი დამკვირვებლებისგან შედგებოდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ: პერ ეკლუნდი - ელჩი და ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; ლორი ფულტონი - აშშ-ს ყოფილი ელჩი; ლარა ლინდერმანი - ატლანტიკის საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარი; მარია ბაბიჩი - საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში და ლორა თორტონი - NDI-ის გლობალური ექსპერტი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
2018 წლის 19 ნოემბერს სადამკვირვებლო დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც 29 ოქტომბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით ოთხი გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს ეფუძნებოდა. განცხადებაში მოკლედ არის მიმოხილული ყველა ის დადებითი და უარყოფითი საკითხები, რომელიც თან ახლდა საპრეზიდენტო არჩევნებს. განცხადების ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, NDI-ის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები დააფიქსირეს, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები ეჭირათ ან/და დიდ ჯგუფებად იდგნენ. ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის ნებაზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად, არჩევნებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)“ აკვირდებოდა. ორგანიზაცია არამხოლოდ უშუალოდ საარჩევნო დღეს იყო წარმოდგენილი უბნებზე (350 დამკვირვებელი 300 საარჩევნო უბანზე), არამედ აკვირდებოდა წინასაარჩევნო გარემოსაც და მონიტორინგს უწევდა, აგრეთვე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებსაც. TI-ის შეფასებით, მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების მასშტაბურ დაკვირვებას ახორციელებდა არის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“. უშუალოდ საარჩევნო დღეზე დაკვირვების გარდა, ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგსაც აკეთებდა. ISFED-მა უკვე გამოაქვეყნა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი არჩევნების მეორე ტურისთვის, თუმცა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია არჩევნების შეფასების დასკვნითი დოკუმენტი. უშუალოდ არჩევნების დღეს ორგანიზაციამ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ერთ-ერთი განცხადების თანახმად: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არ მისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. აღნიშნული საქართველოში არჩევნებზე დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა და წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას“.
[1] დამკვირვებლები, რომლებიც სწავლობდნენ საარჩევნო გარემოს.
[2] დამკვირვებლები, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იყვნენ განაწილებულნი.
[3] დამკვირვებლები თვალყურს ადევნებდნენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.