იტვირთება

რეზიუმე: 2019 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების (სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება) გეგმა 1 762 მლნ ლარია, რაც ამავე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 3.9%-ია. რაც შეეხება ნომინალურ მაჩვენებლებს, 2018 წელთან შედარებით, ქვეყნის საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება 69 მლნ ლარითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში მამუკა ბახტაძის (როცა ის პრემიერი გახდა) მიერ გაცემული დაპირება - შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებლის 3.9%-მდე შემცირება - დამატებით ძალისხმევას არ საჭიროებდა, რადგან იმდროინდელი მდგომარეობით, ეს ისედაც მიღწეული იყო (შრომის ანაზღაურების მოცულობა 2019 წლის მაშინდელი საპროგნოზო მშპ-ს 3.9%-ის ფარგლებში ექცეოდა). ფაქტი, რომ 2019 წლიდან აღნიშნული პარამეტრი 3.9%-მდე შემცირდებოდა, ჯერ კიდევ 2018 წლის ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტებში იყო ასახული. ვინაიდან კონკრეტული წლის ბიუჯეტი წინა წლის ბოლოს მტკიცდება. შეიძლება ითქვას, 2017 წლის ბოლოს უკვე ცნობილი იყო, რომ ზემოაღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლიდან 3.9%-ის ფარგლებში იქნებოდა.

შესაბამისად, არჩილ თალაკვაძე განცხადებაში საუბრობს ისეთი დაპირების „შესრულებაზე“, რომელიც დაპირებამდე მიღწეული იყო, რასაც მსმენელი გარკვეულწილად შეცდომაში შეჰყავს. თუმცა, მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ ე.წ. ბიუროკრატიის დაფინანსებასთან დაკავშირებით უკვე მიღწეული მიზანი მიმდინარე წელს შენარჩუნდა (და არ გაიზარდა), დაპირების ნაწილობრივ შესრულებაზე მაინც მიუთითებს. ამდენად, ფაქტ-მეტრი არჩილ თალაკვაძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

ანალიზი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში განხილვისას, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „ბატონი მამუკა ბახტაძის განცხადება გავიხსენოთ, როცა პრემიერ-მინისტრად დავამტკიცეთ. მან თქვა, რომ საჯარო ხელფასების ხარჯი [მთლიანი შიდა პროდუქტის] 3.9%-ზე იქნებოდა დაფიქსირებული. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით პირობა შესრულებულია“.

2018 წლის ივნისში, როცა პრემიერი დაამტკიცეს, სამთავრობო პროგრამა მოიცავდა „მცირე მთავრობის კონცეფციას“, რომლის შესახებ ფაქტ-მეტრი წერდა.მიუხედავად იმისა, რომ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის მიზანი მთავრობის ზომის შემცირებაა, 2019 წლისთვის მთავრობის ზომის შემცირება არ იგეგმება. მაშინდელი განცხადებებით ირკვეოდა, რომ მამუკა ბახტაძე მთავრობის ზომის შემცირებაში მხოლოდ ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებლების შემცირებას გულისხმობდა, რაც რეალურად მთავრობის ზომის და მასშტაბის შემცირებას არ ნიშნავს.

გარდა ამისა, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მოცულობის მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებლის 3.9%-მდე შემცირება, დაპირების დროს უკვე მიღწეული იყო და შემცირების კუთხით დამატებით ძალისხმევას არ საჭიროებდა. უფრო მეტიც, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მოცულობა 3.9%-მდე შემცირება 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტებშიც ასახული იყო, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში (დაპირების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე) წარედგინა.

2019 წლის გეგმით, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების (სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება) მოცულობა 1 762 მლნ ლარია, რაც ამავე წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის 3.9%-ია.აღნიშნული მაჩვენებელი (ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში) 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება 2022 წლამდე, 3.5%-მდე შემცირებით არის პროგნოზირებული.

გრაფიკი 1: ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მოცულობა და მისი მშპ-სთან შეფარდება (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შესაბამისად, არჩილ თალაკვაძე განცხადებაში საუბრობს ისეთი დაპირების „შესრულებაზე“, რომელიც დაპირებამდე მიღწეული იყო, რასაც მსმენელი გარკვეულწილად შეცდომაში შეჰყავს. თუმცა, მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ ე.წ. ბიუროკრატიის დაფინანსებასთან დაკავშირებით უკვე მიღწეული მიზანი მიმდინარე წელს შენარჩუნდა (და როგორც დეპუტატი ამბობს „დაფიქსირდა“, ანუ არ გაიზარდა), დაპირების ნაწილობრივ შესრულებაზე მაინც მიუთითებს. ამდენად, არჩილ თალაკვაძის განცხადების ვერდიქტით შეფასებისგან ფაქტ-მეტრი თავს იკავებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2751 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი