რეზიუმე: 2017 წლის ივლისში „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ პროგრამით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი ისარგებლებდა. 2017-2018 წლებში პროგრამით სარგებლობის მიზნით, ჯამში, მხოლოდ 35 661 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა).
ანალიზი
მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, მედიკამენტების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებდა.
2017 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. პროგრამის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა მიახლოებულიც კი არ არის იმ რიცხვთან, რასაც მინისტრი გვპირდებოდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა). 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 13 010 ადამიანი იყო რეგისტრირებული. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, რაც, დიდწილად, პროგრამის გაფართოებას უკავშირდება.
საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) გავრცელდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა, ჯამში 23 დასახელების მედიკამენტი. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები თითქმის სრულიად უნაზღაურდებათ (თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს). პენსიონერებს და შშმ პირებს კი მედიკამენტები ნაწილობრივ უფინანსდებათ, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ია (ზოგ შემთხვევაში ნაკლები). გასული წლის დეკემბერში, პროგრამას პარკინსონის დაავადება და ეპილეფსია დაემატა. შესაბამისად, გაიზარდა მედიკამენტების ჩამონათვალიც, მიმდინარე წლიდან პროგრამის ფარგლებში 40 დასახელების მედიკამენტი ფინანსდება.
ცალკე განხილვის თემაა პროგრამის ბიუჯეტი და მისი შესრულება. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2 686 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი10 მლნ ლარით განისაზღვრა. 2018 წლის 6 თვეში პროგრამის ხარჯი მხოლოდ 102 ათასი ლარი იყო, რაც 6 თვის დაზუსტებული გეგმის 5%, ხოლო წლიური გეგმის - 1%-ია. პროგრამის გაფართოების შემდეგ ხარჯები გაიზარდა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით,2018 წელს პროგრამის რეალურმა ხარჯმა 7 616 866 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დაახლოებით 2 მლნ 383 ათასი ლარი აუთვისებელი დარჩა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსებისთვის 20 მლნ ლარია განსაზღვრული.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა, ბიუჯეტის მოცულობიდან გამომდინარე, პროგრამა არც 2019 წელს არის გათვლილი მოსახლეობის იმ რაოდენობაზე (150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე), რასაც ჯანდაცვის მინისტრი გვპირდებოდა.