რეზიუმე: 2019 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 35.9 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 7.7 მლნ ლარით გაიზარდა.
2012-2019 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ყველაზე მეტად 2019 წელს არის გაზრდილი. 2019 წელს პროგრამის დაფინანსება ყველაზე მაღალია ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებითაც.
მიმდინარე წლიდან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, იზრდება დღის ცენტრების, სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა დღიური თანხა. ასევე, იზრდება მინდობით აღზრდაში ჩართული ოჯახების დაფინანსება.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა: „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა უპრეცედენტოდ გავზარდეთ, წინა წელთან შედარებით, 7.7 მლნ ლარით. ამ პროგრამის ბიუჯეტს ზრდამ, ორ წელიწადში, 12 მლნ-ს გადააჭარბა“.
ფაქტ-მეტრმა რატი იონათამიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 35.9 მლნ ლარით განისაზღვრა. წინა წელთან შედარებით, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 7.7 მლნ ლარით არის გაზრდილი. 2018-2019 წლებში პროგრამის დაფინანსება, ჯამში, 12.4 მლნ ლარით გაიზარდა.
რატი იონათამიშვილი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტის უპრეცედენტოდ მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ნომინალურ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, პროგრამის დაფინანსება ყველაზე მეტად 2019 წელს გაიზარდა. თუმცა, უფრო მართებული იქნება, თუ ვნახავთ პროგრამის დაფინანსების წილი რამდენად იზრდება ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებთან (გადასახდელებთან) მიმართებით. 2019 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 0.27%-ს შეადგენს, რაც ბოლო წლებში (2012-2019) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 1: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი (ათასი ლარი); პროგრამის დაფინანსების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ასევე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისთვის დღის ცენტრების დაფინანსების ზრდა თვეში 230 ლარიდან 290 ლარამდე, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდა – თვეში 378 ლარიდან 480 ლარამდე.
ასევე, იზრდება სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის, ბავშვების, დღიური თანხა -16 ლარიდან 20 ლარამდე. ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ბენეფიციართა დღიური თანხა16 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.
მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ნათესაური მინდობით აღზრდის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსების ზრდა თვეში 300 ლარიდან 375 ლარამდე, რეგულარული მინდობით აღზრდის ფარგლებში პირებისა – თვეში 450 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო რეგულარული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა – თვეში 600 ლარიდან 900 ლარამდე.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში 2019 წლიდან დაფინანსება ეზრდება 3 700-მდე ბენეფიციარს.