იტვირთება

რეზიუმე: 2016 წლამდე მუდმივი სამედიცინო პუნქტი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორ დროებითი მოთავსების იზოლატორში (ქ. თბილისის თბილისის №1 და ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო)) მოქმდებდა. 2016 წელს სამედიცინო პუნქტები დამატებით ექვს რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში გაიხსნა. 2017 წელს ქ. თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო) გადაეცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2018 წელს სამედიცინო პუნქტები დაემატა რვა დროებითი მოთავსების იზოლატორს. ამჟამად სამედიცინო პუნქტი 15 იზოლატორში ფუნქციონირებს.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა: „დღეის მდგომარეობით, 7-დან 14-მდე გაიზარდა დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც მუდმივი სამედიცინო მომსახურება არსებობს. ხოლო წლის ბოლომდე (2019 წლის) ყველა 29 დაწესებულებაში იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების სტრატეგიაში გამოიკვეთა. 2014 წლიდან კი, დაკავებულთა უფლებების დაცვის კუთხით სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება პრიორიტეტად დასახელდა. იმ დროისათვის ყველა დროებით იზოლატორში (გარდა ქ. თბილისის №1 და ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორისა (სამმართველო)) დაკავებულებს სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევდნენ, რაც სირთულეებს წარმოქმნიდა როგორც პიროვნების პირველადი რეგისტრაციისას, ასევე მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში. სწორედ აღნიშნული წლიდან გაიწერა რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ექიმი-თანამშრომლების დასაქმებისა და მედიკამენტების მარაგის შექმნის გეგმა.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში მუდმივმოქმედი სამედიცინო პუნქტების რაოდენობის ზრდა 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ამ მიმართულებით ნორმატიული ბაზა დაიხვეწა. კერძოდ, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია და მათი სამედიცინო შემოწმების ფორმა. ფაქტ-მეტრისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2016 წელს მუდმივი სამედიცინო პუნქტების მქონე დროებითი მოთავსების იზოლატორების ოდენობა ორიდან რვამდე გაიზარდა. ქ. თბილისის №1 და ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორებს (სამმართველო) დაემატა ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, რუსთავისა და გორის დროებითი მოთავსების იზოლატორები. 2017 წლის 24 ივლისს ქ. თბილისის №1-მა დროებითმა იზოლატორმა ფუნქციონირება შეწყვიტა (ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა) და იმ იზოლატორთა რაოდენობა, რომლებსაც მუდმივი სამედიცინო მომსახურება გააჩნიათ, შვიდამდე შემცირდა. 2018 წელს აღნიშნული რიცხვი 15-მდე გაიზარდა. სამედიცინო პუნქტები დაემატა მცხეთის, ფოთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზესტაფონის, ახალციხის, ჩხოროწყუსა და ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში სამედიცინო პუნქტები კიდევ 8 იზოლატორში გაიხსნება. ხოლო, 6 იზოლატორში (ამ უკანასკნელში ქვეყნის მასშტაბით მოთავსებულ პირთა 3%-ზე ნაკლების მოთავსება ხდება) მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურება კვლავაც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების დახმარებით გაგრძელდება, იზოლატორებისთვის სამედიცინო პერსონალის მოძიების პერიოდამდე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2775 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი