რეზიუმე: სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას მოხმარება ამჟამად აშშ-ის 32 შტატში ადგილობრივ დონეზე ლეგალურია. ბოლო წლების მანძილზე აშშ-ში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ლეგალიზების შემდეგ მარიხუანას მოხმარების სიხშირის დადგენას ისახავდა. მათი უმეტესობა ადგენს, რომ მარიხუანას სამედიცინო თუ რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ, მომხმარებელთა ოდენობის ზრდის ტენდენცია მოზარდებში არ შეინიშნება, ხოლო ზრდასრულებში (21 წლის და ზევით ასაკობრივი კატეგორია) - ოდნავ იმატებს. მკვლევართა უმეტესობა, სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ, მისი რეკრეაციული მიზნით მოხმარების ზრდის მიზეზს ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებში ხედავს. მათი მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ მომხმარებელთა მატება (თუმცა მცირე ოდენობით) იმას უკავშირდება, რომ ლეგალიზაციის შემდეგ მოხმარებასთან დაკავშირებით რესპონდენტები უფრო ღიად საუბრობენ და ნაკლებ წნეხს განიცდიან, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, იქ, სადაც მოხმარება ლეგალური არაა, მისი რეალური მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე ეს სტატისტიკაშია ასახული, ხოლო იმ შტატებში, სადაც ლეგალიზაცია მოხდა, მომხმარებელთა რაოდენობა არც გაზრდილა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საგრძნობი მატებით ხასიათდება თავად მოხმარების სიხშირე.
ანალიზი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა: „ყველა კვლევა აჩვენებს, რომ როგორც კი მარიხუანას ლეგალიზება ხდება, მოხმარება მაშინვე იმატებს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ამჟამად, სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას და მისი პროდუქტების მოხმარება ამერიკის შეერთებული შტატების 32 შტატში, ადგილობრივ დონეზე, ლეგალურია. პირველად სამედიცინო კანაფის ლეგალიზება კალიფორნიაში, 1996 წელს მოხდა. მას შემდეგ აშშ-ში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად მარიხუანას მოხმარების ოდენობის ცვლილების ტენდენციის დადგენას ისახავს მიზნად. 2014 წელს “RAND Corporation”-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის კანონები, რომლებიც დისპანსერებს სამედიცინო მარიხუანას გაყიდვის ნებას რთავს, მარიხუანას ზოგადი მოხმარების ზრდას იწვევს. კვლევა ამტკიცებს, რომ ბიზნესისათვის მარიხუანას გაყიდვის ნებართვა მასზე ხელმისაწვდომობას და მოხმარებას ზრდის. ემორის უნივერსიტეტის 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა კი ასკვნის, რომ გარკვეულ შტატებში სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ, მარიხუანას ზოგადი მოხმარებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ზრდა შეინიშნებოდა. კვლევა 2004-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების 7 შტატში ჩატარდა და მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის მარიხუანას, ალკოჰოლისა და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევალენტობის დადგენას ისახავდა მიზნად. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ, მისი მოხმარების (რეკრეაციული მიზნებისათვის) ზრდა ძირითადად ზრდასრულებში (21 წელს ზევით მოსახლეობა) შეინიშნება, რასაც, თავის მხრივ, გადაღვრის ეფექტი აღმოაჩნდა და ალკოჰოლის მოხმარების (რეკრეაციული მიზნებისათვის და არა მასზე დამოკიდებულება) ზრდაც გამოიწვია. თუმცა, სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზებასა და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზრდას შორის კავშირი არ დასტურდება. აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ორივე კვლევა ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სპეციფიკასა (არა ლეგალიზების, როგორც ცალკე აღებული მოვლენის) და მისი მოხმარების ზრდას შორის არსებულ კავშირზე. შესაბამისად, მიუთითებენ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ყურადღებით გაწერაა აუცილებელი, რათა მოხმარების ზრდა თავიდან იქნას აცილებული.
რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში წარმოებულ კვლევებს, ვაშინგტონის შტატში მარიხუანას მოხმარების შეფასების შესახებ 2018 წლის ზაფხულში „ალკოჰოლის კვლევითმა ჯგუფმა“ (“Alcohol Research Group”) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობის მინიმალური მატება, 1.2%-იანი, შეინიშნება (24.3%-დან 25.6%-მდეა გაზრდილი). მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ სტატისტიკურ მაჩვენებლებში მისი მომხმარებელთა რაოდენობის მატება შესაძლოა იმ მიზეზთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ლეგალიზების შემდეგ ეს ყოველივე ნაკლებ სტიგმას უკავშირდება და რესპონდენტები საკითხთან დაკავშირებით უფრო ღიად საუბრობენ. შესაბამისად, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ იმ შტატებში, სადაც მოხმარება ლეგალური არაა, მისი რეალური მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს, ხოლო იმ შტატებში, სადაც ლეგალიზება მოხდა, მომხმარებელთა ოდენობა არ გაზრდილა. მიუხედავად მარიხუანას მომხმარებლების ოდენობის მხოლოდ მინიმალური ზრდისა, უშუალოდ ლეგალიზების შემდეგ გაზრდილია თავად მოხმარების სიხშირე.
გარდა ამისა, 2018 წლის იანვარში, ორეგონის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც რეკრეაციული მარიხუანას მოხმარების შემდგომ პერიოდში ახალგაზრდებს შორის მისი მოხმარების პრევალენტობის გაზომვას ისახავდა მიზნად. აღნიშნული კვლევა ორეგონში მცხოვრებ თინეიჯერებს შორის ჩატარდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზების ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, იყვნენ თუ არა ორეგონელი მოზარდები მომხმარებლები ლეგალიზაციამდეც. როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ მომხმარებელი ახალგაზრდების ოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც ლეგალიზაციამდეც მომხმარებლები იყვნენ, მოხმარების სიხშირე გაზრდილია.