რეზიუმე: ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანანებში ღორის გრიპი იქნა შეშვებული და ვირუსი სწორედ აქედან გავრცელდა. აღნიშნულის დასტურად მოყვანილია ფოტო, რომელზეც წითელი შეფერილობის ბანანია აღბეჭდილი. ეს ფოტო თავდაპირველად აშშ-ში, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა და ირწმუნებოდა, რომ ბანანებში HIV (შიდსის) ვირუსით დაინფიცირებული სისხლი იყო შეყვანილი. სინამდვილეში, ბანანის შიგთავსის წითელი შეფერილობა ხილის სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებისგან არის გამოწვეული. მისი ჭამა კი, ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში არაა. გარდა ამისა, H1N1 („ღორის გრიპი“) ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ვირუსით დაავადებული პირის სისხლის საკვებში შეშვების შემთხვევაშიც კი, დაინფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან კუჭის მჟავა მას გაანადგურებს.
ანალიზი
სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების გზების შესახებ. სხვადასხვა „ფეისბუკ“ გვერდი და მომხმარებელი აზიარებს ფოტოს (იხ. ბმული)წარწერით - „შოკისმომგვრელი ფაქტი: ჩვენს ბანანებში ღორის გრიპს უშვებენ“.
ზემოთ მოყვანილი ფოტო თავდაპირველად 2015 წელს აშშ-ში, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა და ირწმუნებოდა, რომ ბანანებში HIV ვირუსით დაინფიცირებული სისხლი იყო შეყვანილი, სწორედ ამით აიხსნებოდა მისი მოწითალო შეფერილობაც. აღნიშნული ამბავი ფაქტების გადამამოწმებელმა საერთაშორისოდ ცნობილმა პლატფორმებმა (snopes.com, politifact.com, africacheck.org)გადაამოწმეს და მისი სიყალბე გამოააშკარავეს.
სინამდვილეში, ბანანის შიგთავსის წითელ შეფერილობას არაფერი აქვს საერთო სისხლთან ან რაიმე სხვა გარეგან ჩარევასთან. ეს არის მცენარის სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადების ნიშანი, რომლებსაც ზოგიერთ რეგიონში მოყვანილ ბანანებზე აქვთ ეფექტი. ბანანის მოწითალო შეფერილობის გამომწვევი ხილის ორი სავარაუდო დაავადება არსებობს, ესენია: ნიგროსპორა და მოკილო. ნიგროსპორა არის სოკოვანი დაავადება, რომელიც ბანანის ცენტრალურ ნაწილს მუქ წითელ შეფერილობას აძლევს. ნიგროსპორათი შესაძლოა ტროპიკულ კლიმატში მოყვანილი ხილი დაავადდეს. მოკილო კი არის ბაქტერიული დაავადება, რომელიც ასევე შეფერილობის ცვლილებას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ დაავადებული ბანანის ჭამა ადამიანების ჯანმრთელობისათვის საშიშოროებას არ წარმოადგენს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ჰეპატიტ A-სა და გასტოენტერული ვირუსების გარდა, სხვა ვირუსების გავრცელების წყაროს საკვები არ წარმოადგენს. H1N1 („ღორის გრიპი“) ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და ადამიანიდან ადამიანზე გადადის. საკვების ვირუსით დაავადებული პირის სისხლით ინექციის შემთხვევაშიც კი, დაინფიცირების შანსი არ არსებობს, რადგან კუჭის მჟავა გაანადგურებს.